ყველაზე ფერადი ქალაქების, ყინულისა და გეიზერების ქვეყანა

ისლანდია - ეს საოცარი კუნძულოვანი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად არის ყინულისა და ცეცხლოვანი გეიზერების სამფლობელო. თვითონ სახელწოდება ისლანდიაც თარგმანში "ყინულების ქვეყანას" ნიშნავს. არც ისე დიდი ტერიტორია უჭირავს – 103 ათასი კვადრატული კილომეტრი და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ამ ქვეყანაზე.

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა - ეს ადგილი ადამიანებით მხოლოდ მე-9 საუკუნეში დასახლდა. როდესაც ნორვეგია მეფე ჰარალდ I-ის გარშემო გაერთიანდა, ჰარალდისადმი მტრულად განწყობილი ბევრი ოჯახი ქვეყნიდან აიყარა და ახალი საცხოვრისის ძიებაში მიაგნო ამ კუნძულს, სადაც დასახლდნენ კიდეც.

ისლანდია საპარლამენტო რესპუბლიკაა. ჰყავს პრეზიდენტი. ქვეყანაში ისლანდიურია

სახელმწიფო ენა, ისლანდიური კრონა კი - ეროვნული ფულის ერთეული.

ქვეყანა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მცირე მოსახლეობით გამოირჩევა - 300 ათასზე სულ ცოტათი მეტი ადამიანი ცხოვრობს. რეიკიავიკში, ისლანდიის დედაქალაქში, რომელიც ყველაზე ჩრდილოური დედაქალაქი მსოფლიოში, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 1 პროცენტია დაფარული ტყით, 10% ყინულს უჭირავს. გარშემო ნაკლებია მცენარეული საფარი, ხშირად არის თოვლი და ყინული, ამიტომ ისლანდიელები თვითონვე ახალისებენ ბუნებას - ქალაქების შენობები სხვადასხვა მხიარულ ფერად არის შეღებილი და განსაკუთრებით საოცარი სანახავია ღამით, თოვლის თუ ისლანდიისთვის ჩვეული ბუნებრივი მოვლენის – ჩრდილოეთის ციალის ფონზე.

ისლანდიელები, ისევე, როგორც დანარჩენი სკანდინავიელები, ვიკინგების შთამომავლები არიან. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანები ცხოვრობენ და ღრმად სჯერათ ელფების არსებობის.

ისლანდია ყველაზე დიდი ვულკანური წარმოშობის კუნძულია. აქ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ბევრი გეიზერია – მიწიდან ამომავალი ცხელი, ვულკანური წყლები. ამიტომ ხშირად უწოდებენ მას ყინულისა და ცეცხლის ქვეყანას. გეიზერების წყალობით, ქვეყანაში არ სჭირდებათ ხელოვნური გათბობის გაკეთება _ სითბო და ცხელი წყალი პირდაპირ ბუნებრივი ცხელი საბადოებიდან მიედინება მათ სახლებში.

ისლანდიელები ენას არ აბინძურებენ, არ ცვლიან ძველ სიტყვებს და ახალი, უცხო სიტყვებითაც არ ავსებენ. ამის წყალობით, ისლანდიური ენა ახლაც ისეთივეა, როგორიც საუკუნეების წინ და ნებისმიერ ისლანდიელს შეუძლია წაიკითხოს მე-16 საუკუნეში გამოცემული ბიბლია.

ისლანდიაში არ არის არმია, საზღვაო თუ საჰაერო შეიარაღებული ძალები. ქვეყანას მხოლოდ სახმელეთო დაცვა ჰყავს. აქ პოლიციელებიც არ ატარებენ იარაღს.

ისლანდიაში არ არის გვარები. ამის ნაცვლად მამისა და დედის სახელებს ამატებენ. მაგალითად, მაგნუს კარლსონი არის მაგნუსი, კარლის ვაჟი, ანა კარლსდოტირი კი – ანა, კარლის ქალიშვილი. ქვეყანაში არც სახელია ბევრი - შემოღებულია სახელების სია, რომლიდანაც უნდა ამოირჩიონ მშობლებმა შვილებისთვის სახელები. თუ რაიმე ორიგინალურის დარქმევა სურთ, მთავრობას წინასწარ უნდა სთხოვონ ნებართვა.

ისლანდიაში იმდენად სუფთა წყალია, რომ სამზარეულოს ონკანებში ის ყოველგვარი წინასწარი გასუფთავებისა და გაფილტვრის გარეშე ხვდება. ტრანსპორტიდან კი ძირითადად ავტობუსებითა და მანქანებით სარგებლობენ, ასევე გემებით და თვითმფრინავებით. ქვეყანაში არ არის რკინიგზა და შესაბამისად - არც მატარებლები.

მრავალი წლის განმავლობაში ისლანდია ყოველწლიურად ხვდება ათ ქვეყანას შორის, სადაც ცხოვრების საუკეთესო პირობებია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები