დღეს ქართულ ტაძარში აკვნების კურთხევაა - რა უნდა გააკეთონ უშვილო წყვილებმა


"ეს მართლაც საოცრებაა,10-12 წელი შვილი რომ არ ჰყავს ადამიანს და უფალი აჩუქებს. ყველას ვუსურვებ ეს ბედნიერება განეცადოთ"... ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარზე გვიამბობს, სადაც უშვილოები მთელი საქართველოდან მიემართებიან...

აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!…უშვილო წყვილებს ხელში ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს. მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია. უშვილოთ სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებთ. წირვის შემდგომ აკვნებს აკურთხენ
და ნაკურთხი აკვანი შინ მიაქვთ. ეს უფრო ძველი ტრადიციული რიტუალია. სამეგრელო სტუმარ მასპინძლობით გამორჩული კუთხეა. ამ დღეს ყველა ოჯახის კარი ღიაა. ჩამოსულ მომლოცველებს შინ იწვევენ ტრაპეზე.

შოთა სხულუხია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა:
- ამ ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ამ ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი ყოველ წაჩხურობას, მაგრამ მაშინ არ მქონდა გათავისებული ტაძრის მნიშვნელობა. წლები გავიდა, დავოჯახდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი...… მე და ჩემ მეუღლეს შვილი 6 წელიწადი არ გვყავდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შვილიერებას ვთხოვდით წაჩხურუს მთავარანგელოზს...



ექვსი წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა, მადლობა ღმერთს ამისთვის, მადლობა წაჩხურუს მთავარანგელოზს, მადლობა ამ მონასტრის ბერებს ლოცვისთვის... უბედნიერესი მშობლები ვართ და გვჯერა, რომ უფალი კიდევ მოიღებს მოწყალებას - შვილი კიდევ გვეყოლება. ბევრი ახლობელი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი გამხდარა ამ ხილული სასწაულის მხილველი. მიხარია, რომ ამ ტაძარს ყოველ წელს ემატება მრევლი და მომლოცველი. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან, უკვე ბევრმა იცი, რომ ამ ტაძრის მადლი 21-ე საუკუნის ხილული სასწაულია. აქ თუ წყვილი რწმენით და უფლის სიყვარულით ადის, არ არსებობს, არ აუსრულოს უფალმა ვედრება. არიან ისეთები, რომლებიც ამ ტაძრის მადლით მრავალშვილიანებიც გახდნენ.

აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს. ლეგენდა ამ უძველეს სალოცავზე ასეთია: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა... გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია...



უფალმა ნანატრი შვილი ვისაც აჩუქა. ისინი სამი წელი სამადლობლოდ ადიან. შეძლებისდაგვარად, შვილიც აჰყავთ. მრავალი სასწაულის მომწრე ადამიანი აღიარებს,  სწორედ ამ ტაძრის მოლოცვის მერე იმავე წელს უფალმა მათი ლოცვა შეისმინა. 

ბოლო წელბია წაჩხურობას მეუფე პეტრე ატარებს წირვას. ამ დღეს უშვილოებს ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან. იქ მამათა მონასტერი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. სტიქაროსნები წყვილების სახელებს იწერენ და მთელი წლის განმავლობაში ყოველ ხუთშაბათს ბერები უშვილო წყვილებს ლოცვებში იხსენიებენ და მთავარანგელოზს მათთვის შვილიერებას სთხოვენ. გარდა ბრწყინვალე შვიდეულისა, უშვილო წყვილებს ტაძარში ნებისმიერ ხუთშაბათს შეუძლიათ ასვლა და ლოცვა. ტაძარში მიტანილ პატარა აკვნებს სასულიერო პირები აკურთხებენ. ის აკვნები იმ უშვილო წყვილება მიაქვთ, რომლებსაც აკვანი არ ამოუტანიათ, ბევრი ლამაზად მორთული აკვანი მშობლებს სახლში პატარებისთვის მიაქვთ.

გიორგი ნიკოლავას ფოტოები:

მომზადა მანანა გაბრიჭიძემ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები