გიგა ლორთქიფანიძის სახლი, რომელიც დროში გამოგზაურებთ...

1987 წლიდან 2013 წლამდე ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. დღეს მის სახლში მისულებს მასპინძლობას მეუღლე, ქალბატონი ქეთევან კიკნაძე და ქალიშვილი ნანა ლორთქიფანიძე გვიწევენ. დროში მოგზაურობა შემიძლია დავარქვა იმ ერთ საათს, რომელიც ლორთქიფანიძე-კიკნაძეების ოჯახში გავატარე. საუბარი ბინის ისტორიით დავიწყეთ.

ნანა:
- ჩვენ ყველანი: დედა, მამა, ბებია - (მამის დედა) ნინა ალექსანდროვნა და მე, ჩემს ორ დასთან ერთად პეკინის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს კომუნისტები ბინებს არიგებდნენ. მამა მსახიობებს, ხელოვანებს, ყველას, ვისზეც გული შესტკიოდა, ეხმარებოდა ბინის მიღებაში, სადაც სიტყვა ეთქმოდა, ყველგან
ამბობდა მათ დასახმარებლად. ბოლოს ქორეოგრაფ რეზო წულუკიძისთვის ბინის სათხოვნელად რომ მივიდა, ჰკითხეს: - გიგა, ყველას ბინაზე რომ შენ დარბიხარ, თვითონ სად ცხოვრობ, ძალიან გვაინტერესებსო. მე ძალიან კარგ ბინაში ვცხოვრობ, არაფერი მინდა, ოღონდ ამ ხალხს დაეხმარეთო. არადა, ჩვენს არატიპურ სამოთახიან ბინაში ძალიან ბევრნი ვცხოვრობდით. შესთავაზეს, დაწერე განცხადება, ახლა კარგი ბინები თავისუფლდებაო, მაგრამ უარი თქვა. მოვიდა სახლში, მოყვა ამ ამბავს და დედა გადაირია, რას ჰქვია არ გინდაო, კინაღამ გაეყარა, გაიქცა დედამისთან. მამამ შესარიგებლად რომ მიაკითხა, დაჰპირდა, ოღონდ სახლში წამოდი და ხვალვე დავწერ განცხადებას ბინის მოთხოვნის შესახებო. მოკლედ, მივიღეთ ეს ბინა. იმ პერიოდში მე უკვე გათხოვილი ვიყავი, მე და ჩემი ოჯახი დავრჩით პეკინის სახლში და დანარჩენები გადმოვიდნენ აქ. მაგრამ საქმე ისაა, როგორი იყო თავდაპირველად ეს ბინა. მამამ რომ შემოიხედა, თქვა, მე აქ ფეხის შემომდგმელი არ ვარო და მას შემდეგ მგონი არც უნახავს და არც გაუგია არაფერი, ისე გააკეთა დედამ რემონტი. ეს იყო კომუნალური ტიპის სახლი, საერთო სამზარეულო-აბაზანით, ყველგან წყალი ჩამოდიოდა, მოკლედ, საშინელი პირობები იყო. ჯერ კიდევ პეკინზე, დედა ისე აკეთებდა რემონტს, ისე გადააკეთ-გადმოაკეთებდა ოთახებს, მამა ვერაფერს იგებდა, უცებ სამზარეულო საძინებლის ადგილას აღმოჩნდებოდა ან პირიქით. პეკინის სახლში ისე ჩაიარა სამზარეულოს სარემონტო სამუშაოებმა, მამამ არ იცოდა. მისი მოსვლის დროს იმ ოთახის კარი იკეტებოდა, რომ მას არ ენახა, იქ რა ხდებოდა. სადილ-ვახშამს კი დედა სასწრაფოდ დიდ ოთახში უშლიდა ხოლმე. ერთხელაც, ჩემი პატარა და, მაიკო, გამოვარდა, შეაღო კარი და მამამ რომ დაინახა იქაურობა, გადაირია, რა ხდება აქო - იყვირა. ერთხელ რეკავს მამა ნინოსთან და ეუბნება, ნინო, მიშველე, ჩამოდი. ვიწექი ჩემთვის თბილად, შემოვარდა 4 კაცი და ანგრევენ ჩემი ოთახის კედელსო... დედა ხან გააერთიანებდა ორ ოთახს, ხან პირიქით - დაშლიდა, მოკლედ გაუთავებელ რემონტში იყო. ახლა, საბოლოო ჯამში, ამ სახლში 5 ოთახია, ორი ოთახი „ჩამოვჭერით“ და ცალკე გავაკეთეთ, დამატებითი შემოსავლის ინტერესი აქვს დედას და გადაწყვიტა, გააქირავოს.



მისაღები სამუზეუმო დარბაზს ჰგავს, სადაც კედლები ბატონი გიგას ფოტოებითაა სავსე, ირგვლივ კი სულ მისეული ნივთებია გამოფენილი.

- მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სახლთან მემორიალური დაფა გავხსენით, მაშინ მოვაწყვეთ მისაღები ასე და გავაკეთეთ გამოფენა. აქ წარმოდგენილი ფოტოებიდან, თითქმის არც ერთი არ არის პოზირებული, ყველა სამუშაო პროცესში, სპონტანურადაა გადაღებული, გარდა ოჯახური ფოტოებისა, რომლებსაც თითქმის ყოველ წელს იური მეჩითოვი გვიღებდა ხოლმე. აი, ეს ფოტო კი პირველი ქართული ხმოვანი ფილმიდანაა, სადაც პატარა გიგა ეპიზოდურ როლს თამაშობდა. სცენარის მიხედვით, გერმანელ ქალს გიგასთვის კანფეტი უნდა მიეცა, ბავშვს კი, იმის გამო, რომ გერმანელი იყო, არ უნდა გამოერთმია. თურმე, 100 დუბლი ჩაშალა მამამ, რამდენჯერაც მიაწოდა კანფეტი, ყველა გამოართვა. წავიდა რეჟისორი, დიდი პარკით მოუტანა ტკბილეული და აჭამა, იმ პირობით, რომ დუბლს არ გააფუჭებდა და მეტს აღარ გამოართმევდა (იცინის).



მნიშვნელოვან ნივთებზე საუბარი იმ სერვიზით დავიწყეთ, რომელიც სპეციალურად ბატონი გიგას დაბადების აღსანიშნავად შეიქმნა.

ქალბატონი ქეთევანი:

- ეს სერვიზი გიგას მამამ, დათიკო ლორთქიფანიძემ გიგას დაბადების აღსანიშნავად, კუზნეცოვის ქარხანას შეუკვეთა. 64-ნაჭრიანი იყო და თითოეულ მათგანზე დატანილი გახლდათ ინიციალები - Д.Л.. ჩემი დედამთილი ამ ჭურჭელს ყოველდღიურად იყენებდა, რასაკვირველია, ტყდებოდა, აკლდებოდა. რაც შემოგვრჩა, აქაა წარმოდგენილი. გვერდით კედელზე ლორთქიფანიძეებისა და მიქელაძეების საგვარეულო გერბები კიდია, გიგას დედა იყო მიქელაძე და ორივე გვარის გერბები ჩვენთან ინახება.



ნანა:

- ასევე გვაქვს მამის საგვარეულო ფოტოების ალბომი, რომელიც უკვე ისტორიული ნივთია. მეტალის გარეკანი აქვს, საოცარი ნამუშევარია, ძალიან მძიმეა. დღეს ასეთს ვერსად ნახავთ. სხვათა შორის, თუ რამ შემორჩენილი და შემონახული გვაქვს, დედის დამსახურებაა. ეს ლარნაკიც ბებიასეულია, ულამაზესია, პატარები რომ ვიყავით, გავტეხეთ, მაგრამ დედამ არ გადააგდო, დააწება და შეინახა. ეს უბრალო ლარნაკი არაა, რომელსაც მარტივად შეელევი, უძველესია. ასევე გვქონდა მოოქრული ხატები, რითიც ბებიას და მის დედასაც ჯვარი ჰქონდათ დაწერილი, მაგრამ რომ გაგვქურდეს, მაშინ წაიღეს. ვერცხლის ჭურჭელიც მაშინ დავკარგეთ, რომელზეც არა ინიციალები, არამედ სრული გვარ-სახელი „დავით ლორთქიფანიძე“ იყო ამოტვიფრული.




ჩიბუხი, მუნდშტუკი, საათები, კალმები, ჯოხი - ეს ბატონი გიგას პირადი ნივთებია.

- პირადად მე, არ მახსოვს მამა ჩიბუხით, აი მუნდშტუკით კი ხშირად ეწეოდა ფილტრიან სიგარეტს, მერე გულზე პრობლემები რომ შეექმნა, გულიკო ჩაფიძემ უთხრა, იქნებ წვრილზე გადახვიდეო და თავისი პუტკუნა ხელებით ეს წვრილი სიგარეტი რომ ეჭირა, ძალიან მეცინებოდა (იცინის). ეს გახლავთ საათი, რომელიც თითქმის სულ ხელზე ეკეთა. მამას სანთებლების მანია სჭირდა და „იპარავდა“ კიდეც (იღიმის). სუფრასთან რომ ისხდნენ, პირდაპირ ამბობდა, ეს სანთებელა ვისია? ვიპარავო, და იდებდა ჯიბეში. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ძვირფასი იქნებოდა თუ იაფფასიანი, ყველაზე კარგი საჩუქარი სანთებელა იყო, თუნდაც ლარიანი. ჯოხი, მამის განუყრელი ატრიბუტი იყო, ერთი მუზუმმა წაიღო, დანარჩენები აქ არის. ხშირად ჩუქნიდნენ, დაუგროვდა და მერე თვითონ ასაჩუქრებდა ხოლმე ხალხს. კონკრეტულად ამ ჯოხს კი ბოლო პერიოდში იყენებდა.

ქალბატონი ქეთევანი:

- როიალზე რომ სურათი დევს, გიგას ბოლო დაბადების დღეა აღბეჭდილი, სრულიად სპონტანურად მოხდა ეს შეკრება, უბედნიერესი იყო, რომ მოულოდნელად მოვიდნენ მისი მეგობრები. მანდვეა ხის კათხა და სურა, რომელიც მედეა ჯაფარიძემ აჩუქა. მიშა ჭიაურელის მამის, ედიშერის დოქი კი სოფიკომ უსახსოვრა.

გიგა ლორთქიფანიძეს დადგმული აქვს 156 სპექტაკლი, მისი რეჟისორობით კი 9 ფილმია გადაღებული.



ქალბატონი ქეთევანი:

- მის მიერ გადაღებული ფილმები, ცალ-ცალკე სერიებად რომ იანგარიშო, 19 ფილმი გამოდის. თითოეულ მათგანს უამრავი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული.

ნანა:
- ჯილდოებთან ერთად მამას წოდებებიც უამრავი ჰქონდა. ყველაფერთან ერთად „საპატიო მილიციელიც“ გახლდათ. არ იცოდით ხომ? (იღიმის). როდესაც მოსკოვის კინოთეატრებში „დათა თუთაშხია“ გადიოდა, საოცრება ხდებოდა, ყველაფერი ჩერდებოდა ფილმის მიმდინარეობისას, თურმე ტაქსის მძღოლები საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ გეგმის ფულს, რომ სეანსს დასწრებოდნენ. რაც მთავარია, სტატისტიკამ დაადგინა, რომ იმ პერიოდში კრიმინალი შემცირდა, ყველა კინოში მირბოდა. სწორედ ამიტომ მიანიჭეს მამას „საპატიო მილიციელის“ წოდება (იღიმის). სხვათა შორის, მახსოვს, მაგ პერიოდში სოჭში ვისვენებდით. სასტუმროში, სადაც სულ ჟივილ-ხივილი იყო, ფილმის ჩვენებისას სრული სიჩუმე ისადგურებდა, დიდ-პატარა ფოიეში იყრიდა თავს და სულგანაბულები უცქერდნენ ეკრანს.

მისაღებიდან ბუხრის ოთახში გადავინაცვლეთ.



ნანა:

- ჩემი შვილიშვილები აქ როგორც კი მოვლენ, მაშინვე კითხულობენ, მწვადს შევწვავთო?! როცა ყველა ერთად ვიკრიბებით, ბუხარს ვანთებთ, დედას არ ეზარება და უსრულებს სურვილს შვილიშვილებს და შვილთაშვილებს.

აქ რომ უთო და სურებია, ესენიც ძალიან ძველია, მთლად ბებიასეული არაა, მაგრამ დედა და მამა გადაღებებზე რომ დადიოდნენ, სადაც ძველ, მათთვის საინტერესო ნივთებს წააწყდებოდნენ, ჩამოჰქონდათ ხოლმე.

ბოლოს ბატონი გიგას კაბინეტს ვეწვიეთ, სადაც ის მაგიდა დგას, რომელზეც მუშაობდა. წიგნების კარადაში კი უძველესი ეგზემპლარებია შემონახული.




ქალბატონი ქეთევანი:

- გიგას ბებია, ანეტა მიქელაძე ტოლსტოის საზოგადოების წევრი იყო, რომელსაც ივანე მაჩაბელი ხელმძღვანელობდა. როგორც კი ახალი წიგნი გამოვიდოდა, ანეტა რუსეთიდან იწერდა, და აი, ჩვენ გვაქვს მე-19 საუკუნეში დაბეჭდილი, უნიკალური წიგნები, ეს მართლა ისტორიული ნივთებია. აქვეა გიგას პორტრეტი, რომელიც ქუთაისის სკოლის მე-7 კლასელმა მოსწავლემ დაუხატა და აჩუქა.

რეჟისორს მისი ოთახის კედლებზე, სიცოცხლეშივე მეუღლის ფოტოები გაუკრავს. თურმე, მისი დაჟინებული თხოვნით განალაგეს აქ სურათები და პოსტერები.


ნანა:

- საერთოდ, მამას დედაზე უკეთესი კულინარი, მასზე ლამაზი და ჭკვიანი ქალი არავინ ეგულებოდა. ერთხელ დებატების დროს უთხრეს, თქვენ რაზე საუბრობთ, მაშინ როცა თქვენს ცოლს იღებთ ფილმებშიო. ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და გადავიღებ, აბა, რას ვიზამო! - ასე უპასუხა მამამ (იღიმის).

დედას ძალიან გაუჭირდა მამის გარეშე ყოფნა, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ მისი სახელის უკვდავსაყოფად. სხვათა შორის, გიგას შემთხვევა არის ერთადერთი, როცა ერთსა და იმავე ადამიანის სახელზე ორი ვარსკვლავია გახსნილი, ერთი - რუსთავის თეატრის წინ და მეორე - მარჯანიშვილის თეატრთან. მამა უკვე საავადმყოფოში იწვა, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავის გახსნის ღონისძიება იგეგმებოდა, მაგრამ თავად ვეღარ დაესწრო, მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს გაიხსნა ვარსკვლავი. ისე კი, იცოდა და უხაროდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომ გარდაცვლილი ადამიანის ვარსკვლავი გაიხსნა. გარდა ამისა, რუსთავის თეატრი მან დააარსა და მისი სახელობის გახდა, ასევე არსებობს გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა, ერთ-ერთ სკვერსაც ეწოდა მისი სახელი, დაიდგა ბიუსტი, გავხსენით მემორიალური დაფა. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გამოვემშვიდობეთ მის დას, მარიკას. პანაშვიდებზე სულ ვფიქრობდი, კიდევ კარგი, მამა არ მოესწრო ამას. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთადერთი, ვისიც მეშინია, მარიკააო, ამბობდა ხოლმე, მის შენიშვნებს ერიდებოდა, განსაკუთრებული სიყვარული და და-ძმობა ჰქონდათ. საერთოდაც, ძალიან თბილი იყო მამა, სახლში რომ დაბრუნდებოდა დაღლილი, დაწვებოდა და ყველას თავისთან გვეძახდა, მოდით და აქ ილაპარაკეთო. ბედნიერი იყო, ყველას ერთად რომ გვიყურებდა.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები