ყველაზე მყუდრო და თბილი ქართულ-ნორვეგიული ოჯახი

ოჯახური ტრადიციები ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ფასეულია. შინ ყოფნა კი ალბათ ყველა ადამიანს ჰგვრის სიმშვიდეს და სიმყუდროვეს. შეიძლება, ეს "შინ" სულ სხვა ქვეყანაში იპოვო ადამიანმა. სწორედ ასე იპოვა მეორე სამშობლო ნორვეგიელმა მუსიკათმცოდნემ და მომღერალმა სვენ ვოგემ. ის საქართველოში ერთი ჩემოდნით და დიდი გულით ჩამოვიდა, ქართული ხალხური სიმღერის დიდი სიყვარულით გულანთებული. როცა საყვარელი ქალიც იპოვა - პოეტი და მხატვარი თამარ ლომიძე, ახალ სამშობლოში სამუდამოდ დასახლებაც გადაწყვიტა.


ჩვენი მასპინძლები სწორედ ისინი არიან - ნორვეგიულ-ქართული ტკბილი ოჯახი. ცოლ-ქმარი ოჯახურ ტრადიციებსა და იმ დიდ სიყვარულზე

გვესაუბრება, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა. ამ კავშირს ბევრი სასიკეთო საქმეც მოჰყვა. საქართველოში გადმოსახლებული სვენი მართლმადიდებლურად მოინათლა, ჯვარი დაიწერა, ტრადიციული ოჯახი შექმნა და წყვილის სიყვარულის ნაყოფი - ლუკაც მალე გაჩნდა. ნორვეგიელმა მუსიკათმცოდნემ ქართული ენა შეისწავლა, ქართული ხალხური სიმღერები, რაშიც გიორგი უშიკიშვილი დაეხმარა. საკუთარი ტრიოც დააარსა - "გიორგი", რომელშიც მის გარდა კიდევ ერთი ნორვეგიელი და ქართველი მომღერალი გაერთიანდნენ. მანამდე ქართულ მრავალხმიანობაზე დისერტაცია დაიცვა. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ ოჯახის სახლია, სადაც უცხოელებს მასპინძლობენ, საქართველოს კულტურას აცნობენ და სვენი, როგორც მასპინძელი, ისე დაატარებს თანამემამულეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულტურის საზიარებლად.

ოჯახმა ძველ თბილისში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად ულამაზეს, 200-წლოვან სახლში გვიმასპინძლა. მათი ფანჯრებიდან ისეთი ხედი იშლება, შეუძლებელია, ადამიანს მუზებმა არ "შემოგიტიონ". ალბათ ამის დამსახურებაა, რომ თამარის შემოქმედებითი ნაყოფიერება აქ გაათმაგდა და იმდენი ნამუშევარი დაუგროვდა, თავისი სახელოსნო-გალერეა შექმნა, რომელსაც უბრალოდ - "ნორ-გე" (ნორვეგია და საქართველო) დაარქვა. იმედი აქვს, მალე სალონურ საღამოებს მოაწყობს და ქართველსა თუ უცხოელს ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე ესაუბრება. უფრო ახლოს გავიცნოთ ეს საინტერესო წყვილი.



თამარი:
- ფილოლოგი გახლავართ. სანამ სვენს გავიცნობდი, მანამდე შევისწავლე ნორვეგიული ენა, დაინტერესებული ვიყავი ნორვეგიული ლიტერატურით, ერთი პერიოდი ვთარგმნიდი კიდეც და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. ერთ-ერთ პროექტში გავიმარჯვე და ნორვეგიაში მიმიწვიეს. იქ უფრო ღრმად გავიცანი მათი კულტურა და გავაგრძელე მუშაობა სხვადასხვა თემაზე - ხელოვნების სფეროზე გადავერთე, მოქანდაკეებზე, ფერმწერებზე.

ზუსტად იმავე პერიოდში, ჩემგან დამოუკიდებლად, სვენიც დაინტერესებული ყოფილა ქართული მრავალხმიანობით, თვითონ უკეთ მოგიყვებათ, როგორ და რანაირად გაიგო საქართველოს შესახებ.

სვენი:
- იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკას ძალიან დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში, მათემატიკას, ფიზიკასა და მუსიკას შორის არჩევანი მუსიკის სასარგებლოდ გავაკეთე და ახლა მუსიკათმცოდნე გახლავართ. როდესაც დისერტაციაზე დავიწყე ფიქრი, მივხვდი, შემეძლო მემუშავა ისეთ თემაზე, რომელზეც ბევრი არ იყო დაწერილი. მაშინ ცოტა რამ ვიცოდი ქართულ სიმღერაზე, თუმცა, რასაკვირველია, ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არ მქონდა მასთან. დისერტაციის თემის შერჩევის პროცესში რომ ვიყავი, შემთხვევით მუსიკალურ მაღაზიაში შევედი და არაჩვეულებრივი ჰანგები მომესმა. ვიკითხე, რა არის-მეთქი, ქართული ხალხური სიმღერააო, - მიპასუხეს. ეს "ჩაკრულო" გახლდათ, "რუსთავის" შესრულებით. რომ წამოვედი, მოვძებნე ინფორმაცია და ბევრი ვერაფერი ვნახე, ვერც ნორვეგიულ და ვერც ინგლისურ ენაზე (ეს 1990-იანი წლები გახლდათ). ამიტომ ვიფიქრე, ეს სწორედ ის თემა იყო, რომელზეც უნდა მემუშავა.

თამარი:
- ერთმა საერთო მეგობარმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. როცა გაიგო სვენის ქართული სიმღერით დაინტერესების შესახებ, უთხრა, რომ ჰყავდა ქართველი მეგობარი, რომელსაც შეეძლო მისთვის ქართული კულტურა გაეცნო და თარჯიმნობაც გაეწია. ასე გავიცანი სვენი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 90-იანების საშინელ პერიოდში, ომში, უშუქობა-უგაზობაში.

სვენი:
- პირველად 1996 წელს ჩამოვედი. როგორც თაკომ თქვა, ჩვენი საერთო მეგობრის დამხარებით შევხვდით ერთმანეთს და დავიწყე ქართული კულტურის გაცნობა, რამდენიმე ადგილას ვიმოგზაურე - მათ შორის მთიულეთსა და ხევსურეთში. ნორვეგიაში ყოველი მორიგი დაბრუნებისას სულ უფრო ვაცნობიერებდი, რომ აქ იყო დიდი სულიერება, განსაკუთრებული სითბო, ღიმილიანი შეხვედრა, სტუმრის გამორჩეული პატივისცემა, რომელიც სულ მენატრებოდა.



თამარი:
- ასეთ ცუდ პერიოდში ჩამოვიდა, მაგრამ ვცდილობდი, ყველაფერი მეჩვენებინა. დამყავდა მუზეუმებში, მინდოდა, საქართველო და ქართული კულტურა კარგად გაეცნო. ამასობაში გავშორდი ჩემს მეუღლეს, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა მქონდა. მაშინ მე და სვენი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. თითქმის ორი წელი გრძელდებოდა ეს მეგობრობა, რომელიც ორი წლის თავზე ქორწინებით დაგვირგვინდა, როცა უკვე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე გვიჭირდა ყოფნა. იმ დროს მე მარტოხელა დედა ვიყავი, ვმუშაობდი, ვწვალობდი, ჩემი ინტერესები ნორვეგიის მიმართ არ შენელებულა, მაგრამ საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინა თავი. ჩემი შვილის და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ვერანაირად შევძლებდი ნორვეგიაში საცხოვრებლად გადასვლას. არც სვენისთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ გამო სამშობლო დატოვა და საქართველოში წამოვიდა. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მქონოდა მართლმადიდებლური ოჯახი, ამიტომ სვენი მოინათლა და ჯვარიც დავიწერეთ სვეტიცხოველში.

ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება, თანაც ყველაფერი ნულიდან. მე ფრანგულ სკოლაში ქართულის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, მოსწავლეებიც ავიყვანე; სვენმაც, სრულიად შემთხვევით, კარგი ადამიანი იპოვა აბსოლუტურად სხვა სფეროში - გადაზიდვებზე მომუშავე ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში, დაიწყო მუშაობა და დღემდე იქ არის. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ცხოვრება აგვეწყო, არაერთხელ გამოვიცვალეთ საცხოვრებელი. ხშირად ვიხსენებთ იმ მძიმე წლებს და პრობლემებს, რომლებმაც უფრო გამოაწრთო ჩვენი ურთიერთობა, რადგან მუდამ ერთმანეთის გვერდით ვიყავით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტკბილი ოჯახი გვქონოდა. შემდეგ გაჩნდა ლუკა - ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ამასობაში ჩემმა შოთიკომაც დაამთავრა სკოლა, ჩააბარა, ახლახან ცოლიც მოიყვანა...

თუმცა პირადად ჩემთვის ეს წლები შემოქმედებითი კრიზისის წლებიც იყო. მასწავლებლობას ბევრი დრო და ენერგია მიჰქონდა, მთლიანად გამოვიფიტე და დავიცალე. პრაქტიკულად, ვერც ვხატავდი და ვერც ვწერდი. ერთ დღეს მეგობარი შემხვდა და მითხრა, სტუდენტობის დროს კარგ ლექსებს წერდი, რატომ აღარ ჩანხარ, აღარც წერო? ეს ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა. დავანებე თავი მასწავლებლობას და დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას - წერას, ხატვას... გამოვეცი ლექსების კრებული, მოვაწყვე პერსონალური გამოფენაც და შემოქმედებითად ნელ-ნელა ისევ გავაქტიურდი.



...თავიდან ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობდით. ერთ დღესაც სვენი ავტოფარეხში შევიდა და მანქანა აღარ დახვდა, შოკი მიიღო. ძალიან განვიცადეთ და გული აგვიცრუვდა იქაურობაზე, ის ბინა გავყიდეთ, მშობლებმა თანხა დაგვიმატეს და ბაგებში გადავსახლდით. იმ ბინაში საკუთარი ხელით გავაკეთეთ ყველაფერი, იქაურობა ძალიან გვიყვარდა... მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც არ გვასვენებდა (იღიმის). ერთ დღეს, ბოტანიკოსი ტურისტი გვყავდა ამოყვანილი ბოტანიკურ ბაღში. სანამ ის ბაღს ათვალიერებდა, შემთხვევით იქვე მყოფ ბიჭებს ვკითხე, აქ რამე ხომ არ იყიდება-მეთქი. მათაც მიმასწავლეს, ვინც ყიდდა სახლს. ხედები დავინახე, მოვიხიბლე. აღმოჩნდა, რომ სახლის პატრონს გაცვლა აწყობდა, ვაჩვენეთ ჩვენი ბინა ბაგებში, მოეწონა და გავცვალეთ. ზუსტად ისეთი ამბები დატრიალდა, როგორც ცნობილ ფილმში "მზე შემოდგომისა". მერე მეზობელმა გაყიდა ქვედა სართული - ისიც შევიძინეთ, ბევრი ვიფიქრეთ, გაგვეერთიანებინა თუ არა, მაგრამ ბოლოს დავტოვეთ ასე, ცალ-ცალკე.

რემონტის კეთება რომ დავიწყეთ და კედლები ჩამოვფხიკეთ, ქვედა ფენაზე ნახატები გამოჩნდა, ხელი არ გვიხლია, ასევე დავტოვეთ. არც კედელში ჩაშენებულ ხის კარნიზებს შევხებივართ, სტილიდან რომ არ ამოვარდნილიყო და თან სიძველე გამოჩენილიყო. ეს შენობა 250 წლისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დიდი დატვირთვა აქვს. რემონტს რომ ვაკეთებდით ყველაფერზე ნებართვას ვიღებდით. მოკლედ, ვაქციეთ გალერეად, რომელიც ამავდროულად სალონის ფუნქციასაც შეითავსებს და ჩვენი უცხოელი სტუმრების თავშეყრის ადგილი იქნება. სახელიც ძალიან ორიგინალური მოვიფიქრეთ, "ნორ-გე", ნორვეგიასა და საქართველოს აღნიშნავს დამოუკიდებლად, თუმცა, სიტყვა "ნორგე" ნორვეგიულ ენას, ნორვეგიას ნიშნავს.

ადგილიც შესაბამისია - სტუმრებს ძველ თბილისს რომ დავათვალიერებინებთ, ნარიყალაზე რომ ავიყვანთ, მერე აქვე, ამ სახლში მოგვყავს და მყუდრო გარემოში ვასვენებთ.

- რამდენად რთულია ქათულ-ნორვეგიული ტრადიციების შერწყმა ოჯახში და ორი სხვადასხვა წეს-ჩვეულების ადამიანის ერთად ცხოვრება?
- იმდენად კარგად გვესმის ერთმანეთის, ხშირ შემთხვევაში ჩვენი აზრები და იდეები ერთმანეთს ემთხვევა. მე თვითონ უკონფლიქტო და ლოიალური ვარ, სვენი კი ძალიან კეთილი და დამყოლი ბუნებისაა. შესაბამისად, ჰარმონიული ოჯახი გვაქვს და ჩვენი შვილიც ასეთ გარემოში იზრდება. სხვათა შორის, ლუკაც მღერის - ანსამბლ "ერქვანში", რომ გაიზრდება უნდა მამასთან ერთად იმღეროს. როცა მამა-შვილს ერთად ვხედავ სცენაზე, ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია.

- ლუკას ნორვეგიული მამამ ასწავლა ალბათ...

სვენი:
- როცა მე და თაკომ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, ვთქვით, რომ ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს და მართლაც ასეა. ლუკა რომ დაიბადა, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ - თაკო დაელაპარაკებოდა თავის ენაზე, მე - ჩემსაზე და მართლაც ასე ვიქცეოდით. ესაა ერთადერთი გზა, რომ ბავშვმა არც ერთი ენა არ დაკარგოს. 4 წლის ლუკამ უფრო აქტიურად დაიწყო ქართულად საუბარი, ვიდრე ნორვეგიულად, ქართულ გარემოში იზრდება ბავშვი და ბუნებრივია, ეს უფრო უადვილდებოდა, ეზარებოდა ნორვეგიულად ლაპარაკი. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი და ვიფიქრე, ახლა თუ წავაგე, ბავშვი დაკარგავს ენას-მეთქი. ჰოდა, არ მოვეშვი, სულ ნორვეგიულად ვესაუბრებოდი. ორი-სამი კვირის შემდეგ ამ კრიზისმა გადაიარა და მას შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე პრობლემა არ შეგვქმნია. რასაკვირველია, ლუკამ ქართული ცოტა უფრო უკეთ იცის, ვიდრე ნორვეგიული, მაგრამ როცა ნორვეგიაში ვართ, იქ ჩვეულებრივი ნორვეგიელია.

- სვენის ასეთი რბილი ბუნება მისი წარმომავლობიდან მომდინარეობს, თუ ადამიანია თავად ასეთი და არაფერ შუაშია ნორვეგიელობა?
- არა, სვენი თავადაა ასეთი რბილი და დამყოლი. ნორვეგილები მართლა ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ სვენი ერთი იყო ყველაზე დადებითი და ისიც მე წამოვიყვანე (იღიმის).

- ნორვეგიული ტრადიციებიდან რა დაამკვიდრეთ ოჯახში?
- არაფერი განსაკუთრებული, შობას აღვნიშნავთ 7 იანვარს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სვენის ოჯახი 25 დეკემბერს ზეიმობს, ჩვენ აქედან რომ შევუერთდეთ, პატარა სუფრას ვამზადებთ ხოლმე, თუნდაც მათი ბედნიერება რომ გავიზიაროთ.



- სვენ, თამარის მაგალითზე შეგიძლია გვითხრა, ქართველი ქალი ნორვეგიელისგან რა თვისებებით გამოირჩევა?
- ნორვეგიელიცა და ქართველიც ძალიან ლოიალური და თბილია ოჯახის მიმართ, მაგრამ ქართველებს სხვანაირი მიდგომა აქვთ, აქ თითქოს უფრო შეკრულია ოჯახი.

თამარი:
- ჩემი გადასახედიდან, ნორვეგიელი ქალები უფრო დამოუკიდებელნი და საქმეზე ორიენტირებულები არიან, არ მოიკლავენ თავს იმაზე, რომ სახლში სადილი არ აქვთ გაკეთებული, აი, მე კი, ვერ ვისვენებ, როცა სვენი და ლუკა მოსასვლელები არიან და მე სადილი არ მაქვს მომზადებული. ალბათ ესაა ქართული მენტალიტეტი... (იღიმის).

- სვენ, იქნებ დაასახელო ქართვლების რამდენიმე თვისება, რომელიც დასაფასებელია უცხოელი, არაქართველი ადამიანისგან და კარგი იქნება, თუ გვეტყვი იმასაც, რაც არ მოგწონს...
- ქართველებს ძალიან ბევრი დასაფასებელი თვისება აქვთ, ქართული ტრადიციები ჩემთვის საოცრებაა. ნორვეგიაშიც გვაქვს ძველი ტრადიციები, მაგრამ აქ ყველაფერი შესისხლხორცებული გაქვთ, შეიძლება ადამიანი ვერ მღეროდეს, მაგრამ იცის და უნდა სიმღერა, შინაგანად გრძნობს ამას. ამასთანავე, გამორჩეული ოჯახური და მეგობრული სითბო აქვთ ქართველებს. კიდევ მაოცებს თქვენი ერის მოხერხებულობა - მზადაა, ყველა სიტუაციაში იპოვოს გამოსავალი... ის, რაც ქართველებმა გამოიარეთ, ნორვეგილებს რომ დამართნოდათ, დაიღუპებოდნენ, ქართველი კი ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალს პოულობს.

- რაც შეეხება უარყოფითს?
- ხანდახან ქართველები რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებთ, რადიკალები ხართ, შუალედური პოზიცია არ გაგაჩნიათ (იღიმის) - ან ყველაფერი, ან არაფერი, ასე უდგებით საკითხს. უკიდურესობები გახასიათებთ. ზოგადად, ეს ცუდი არააა, მაგრამ ხანდახან არის ვითარება, როცა ასეთი მიდგომა არ ამართლებს (იღიმის).

- თუ ახერხებთ ნორვეგიაში ჩასვლას?

თამარი:
- კი, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან სვენი მუშაობს, ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს. ამას გარდა, როგორც უკვე გითხარით, ტურისტები გვყავს და როცა ისინი ჩამოდიან, ვცდილობთ, თავად გავყვეთ ტურებში. როცა ორი წლის წინ სვენს მამა გარდაეცვალა, მაშინ შედარებით დიდი ხნით მოუწია ჩასვლამ, ძალიან განვიცადეთ მისი დაკარგვა, მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. სამწუხაროდ, სვენმა ცოცხალს ვერ ჩაუსწრო და ეს კიდევ დამატებითი ტკივილი იყო, მაშინ გავითავისე ემიგრანტების ტკივილი და ძალიან შემეცოდა სვენი, რომ ასე შორს არის სამშობლოდან.

სვენი:
- ხანდახან მენატრება ჩემი ქვეყანა, მართლაც არ არის ადვილი, მაგრამ ამაზე ფიქრით თავს არ ვიმძიმებ. ღმერთმა მომცა საშუალება, მყავდეს საყვარელი ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში. ეს დიდი ბედნიერებაა.

ციცი ომანიძე

კომენტარები

madlen 2017-05-24 03:40
mixarixart!
თამარი 2016-03-19 23:42
ქართველ ქალს ევროპელი და ამერიკელი ვერ შეედრება თუ არა ზღაპრულ ,საათივით აწყობილ ქვეყანას არ დატოვებდა და ჯოჯოხეთს არ აირჩევდა ნორვეგელი,ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და სიხარულიდიდება ქართველ ქალს,რომელსაც ვერცერთი ერონების ქალი ვერ შეედრბა
lola 2016-01-24 14:32
ixaret da ibednieret! ra shesaferi cqvil xart ertmantsgavxart
ps 2016-01-24 14:31
am sazizgrama gazzetebma rogor mogvanatres sitbo da siqvaruli,
cveulebrivi adamionoba
ania 2016-01-24 14:30
ulamazesebi xart, gmertma bedniereba ar mogaklot!

კომენტარის დამატება