სახლი, სადაც ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები იქმნება

ქუჩიდან მეორე სართულის ღია აივნის კარს მიღმა ერთიმეორეზე მიწყობილი ნახატები დავინახე. ამით მივხვდი, რომ სწორად მოვედი - ოლეგ ტიმჩენკოს სახლის წინ ვდგავარ. მასპინძელი მეუღლესთან ერთად მეგებება, ერთმანეთს ვესალმებით და პატარა ბაღში შევდივართ...

* * *

აქ დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ფართის განაწილებამდე, უწინ ეს ერთი დიდი თბილისური ეზო იყო, რომელსაც ბევრი იტალიური ეზოს სახელით მოიხსენიებს. შემდეგ იქ მცხოვრებლებმა იზოლირებული საკუთარი სივრცეები მოიწყვეს.

ბაღში სხვადასხვა მცენარე ხარობს, იქვე დინჯად დასეირნობს კატა, რომელიც დროდადრო დასაძინებლად ჩრდილში, თავის
კალათში ჩახტება ხოლმე. ჟასმინისა და ვარდების ბუჩქებს შორის მეგობრის ნაჩუქარი გეპარდისა და ლომის ფიგურები მოჩანს. აქვეა მაგიდა და მის გარშემო მოსასვენებელი ადგილიც, განსაკუთრებით სასიამოვნო აქ საღამოების გატარებაა.



„ძალიან მიყვარდა აქაური ძველებური გარემო, - ამბობს მხატვარი, - მერე ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. მეზობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობდით. ძალიან კოლორიტული და საინტერესო ეზო იყო. აქ ბევრი ხე იდგა და ზოგჯერ ზაფხულობით გარეთაც კი ვიძინებდი. ახლა ჩვენს სახლში კატა დასეირნობს ეულად. მასთან ერთად გერმანული ნაგაზიც მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, შარშან გაზაფხულზე მოკვდა. 11 წელი იცხოვრა. ჯანმრთელი იყო, მეტსაც იცოცხლებდა, უბრალოდ იავადმყოფა და ვერ გადაიტანა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ძაღლები, ბავშვობიდან სულ მყავდა“.

* * *

სახლის ინტერიერი ოლეგ ტიმჩენკოსა და მისი მეუღლის, ქალბატონი იას ერთობლივი გემოვნების შედეგია. შესასვლელიდან სივრცე სამად არის გაყოფილი: სამზარეულო, მისაღები და ასეთივე დანიშნულების პატარა კუთხე, სადაც ფირუზისფერი დივანი დგას და იქვეა კედლებზე გამოფენილი სამი ნამუშევარი, მხატვრის ერთ-ერთი ბოლო გამოფენიდან „ღია ბარათი“. ეს ფერწერული ტილოები კარგად ერწყმის ავეჯის ფერს. საერთოდ, ფირუზისფერი უყვარს და მას ხშირად შეხვდებით როგორც მის ნამუშევრებში, ისე სამოსშიც (არ უყვარს და ყველაზე იშვიათად იყენებს მკვეთრ სტაფილოსფერს).

იქვე დგას მაგიდაც. ზედა მხარეს, თეთრ ფონზე, მხატვრის ოდნავ შესამჩნევი ფირუზისფერი შტრიხებით შესრულებული, შავ-თეთრი ნამუშევარი, შეშაზეა დაბეჭდილ-დატანილი. დივნის წინ კედელზე დამონტაჟებული სარკე კი, ამ კუთხეს უფრო დიდი სივრცის ილუზიას უქმნის.



ხის კიბით მეორე სართულზე ავდივართ, სადაც ორი საძინებელი და უზარმაზარფანჯრებიანი ნათელი სახელოსნოა, სწორედ ისეთი, მხატვარს რომ სჭირდება და ეხმარება მუშაობის პროცესში. მოლბერტი აივანთან ახლოს დგას, იატაკი საღებავებითაა მოსვრილი. ოლეგ ტიმჩენკოს საწოლის თავთან ერთი საინტერესო ფოტოა - მასზე სერგო ფარაჯანოვია გამოსახული, მაგრამ ამაზე მერე ვკითხავ, ფოტოსესიას რომ მოვრჩებით...

* * *

- ბატონო ოლეგ, ვიცი, რომ ძალიან უფრთხილდებით დროს, ზოგჯერ ისე გადის კვირები და თვეებიც კი, რომ არ ხატავთ, მაგრამ მთელი იმ ხნის განმავლობაში ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს რაღაცას აშავებთ. ღამით უფრო მეტს მუშაობთ, ხომ ასეა?

- კი, ასეა (იღიმის). მიყვარს დღის განათება, რა თქმა უნდა, მიწევს ამ დროსაც მუშაობა, მაგრამ ისე აეწყო ჩემი რეჟიმი, რომ საღამოს თითქოს ენერგია მემატება და შესაბამისად, ღამით უფრო ხშირად ვხატავ. ამ დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ და ხატვაში ღამეებიც გამითენებია. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, ღამე დახატული ნამუშევარი დღის შუქზე აღარ მომწონებია და თავიდან მიმუშავია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ხატვისას დღის შუქი უფრო მნიშვნელოვანია.



- გარდა ხატვისთვის განკუთვნილი ნივთებისა, რა არის თქვენი კომფორტისთვის აუცილებელი სახელოსნოში?

- მეტი არც არაფერი.

- არ ხართ პრეტენზიული...

- არა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სახელოსნოში სიჩუმე იქნება თუ ხმაური. არც ლაპარაკი, ჩართული ტელევიზორი ან მუსიკა, ხატვაში ხელს არ მიშლის. როცა რაღაცის გაკეთებას ვიწყებ, ყველაფერს ვეთიშები, თითქოს „სკაფანდრი“ მიკეთია. ვწყდები გარემოს...



- თქვენს საწოლთან ფარაჯანოვთან ერთად გადაღებული ფოტო კიდია. ჯერ კიდევ მესამე კურსზე სწავლისას გაიცანით ერთმანეთი, ის თქვენს ნახატებს ყიდულობდა. მინდა, მასთან ურთიერთობაზე მიამბოთ...

- ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, სერგო ფარაჯანოვი რომ გავიცანი. მასთან აკადემიის მეგობარმა მიმიყვანა, მერე მისი ფილმებიც ვნახე და გავიგე, ვინ იყო ეს ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ სერგო ფარაჯანოვთან შეხვედრისას არა მხოლოდ მის პიროვნებას, არამედ ზოგადად ხელოვნებას და მის არსს გავეცანი. მასთან უამრავი ხალხი დადიოდა, ის არავის არაფერს ასწავლიდა, თავად თუ „აიღებდი“ რამეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ აკადემიაში ვსწავლობდი, ვთვლი, რომ ყველაზე მეტი მაინც სერგო ფარაჯანოვისგან ვისწავლე. ეს მხოლოდ ფერწერას როდი ეხება, დიდი სკოლა გავიარე ხელოვნების ყველა მიმართულებით: კინო იქნება ეს, თეატრი, მუსიკა თუ ლიტერატურა. ვის აღარ შევხვედრივარ მის სახლში: პლისეცკაიას, ახმადულინას, ტარკოვსკისა და იმ პერიოდის უამრავ ხელოვანს. მახსოვს, ერთხელ მივედი და სერგო საშინლად მეჩხუბა (იღიმის). გამიკვირდა, რა მოხდა-მეთქი, სად დადიხარ, ახლახან ვლადიმერ ვისოცკი წავიდაო. უნდოდა, შევხვედროდი და გაბრაზდა, რომ ვერ მივუსწარი. რა ვიცოდი, მაშინ ტელეფონები არ იყო, რომ დაერეკა და ეთქვა (იღიმის).

- ფარაჯანოვის გარდა, კიდევ ვინ დატოვა დაუვიწყარი კვალი თქვენს ცხოვრებაში?

- სამხატვრო აკადემიიდან შემიძლია დავასახელო ჩემი პედაგოგი კორნელი სანაძე და, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები. გამიმართლა, რომ კარგ წრეში მოვხვდი და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობდით. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ თემურ ტორჩინოვი, ის ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო, ჩეჩენი და თბილისში სწავლობდა. ნამდვილი ერუდიტი იყო, ფანტასტიკური მეხსიერებით.



მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ეს ქალაქი მან გამაცნო და შემაყვარა. ის ისეთ რაღაცებს აფიქსირებდა, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევდი. ძველ თბილისში დავყავდი, აბანოთუბანში, სოლოლაკისა და პლეხანოვის სადარბაზოებსა და ეზოებს ვათვალიერებდით... რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემდეგ „გაქრა“. არ ვიცი, ვის მხარეს იბრძოდა. შეიძლება დაიღუპა კიდეც, სამწუხაროდ, არ ვიცი...

* * *

ბავშვობიდან ხატავდა, ჯერ კიდევ პირველ კლასში იყო, როდესაც თბილისის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსზე, მისმა ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიმსახურა. ნახატზე ცხენის ფიგურა იყო, რომელიც შემდეგ ერთ-ერთ გაზეთშიც დაიბეჭდა. ეს სასიხარულო ამბავი იყო არა მარტო ოჯახისთვის, არამედ მთელი სანათესაოსთვის, ყველა ულოცავდა. სამხატვრო სკოლა დაამთავრა, თუმცა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე, თურმე სხვა პროფესიაზეც ფიქრობდა - მოსკოვში, „ვგიკში“ უნდოდა სწავლის გაგრძელება სარეჟისორო ან სამსახიობო ფაკულტეტზე, მაგრამ ეს არ გახლდათ მარტივი. მართალია, იოლი არც თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა იყო, მაგრამ მოსკოვში სწავლა-ცხოვრება, ბინის ქირაობა და სხვა დეტალების გათვალისწინება უფრო რთული ჩანდა. ამიტომ გადაწყვიტა, ბედი ჯერ თბილისში ეცადა და სამომავლოდ გადაედო „ვგიკი“. თუმცა სამხატვრო აკადემიაში სწავლისას იმდენად საინტერესო პროცესის გავლა მოუხდა, რომ სხვა ინტერესებისთვის დრო აღარ დარჩა.

არც მერე უნანია ეს არჩევანი, თუმცა დღემდე გულგრილი არ არის თეატრისა და კინოს მიმართ. „შეიძლება, რაღაც ფილმს ვუყურო მხოლოდ რომელიმე მსახიობის ან კადრის გამო. კონკრეტულად გამორჩეული ჟანრი არ მაქვს, შემიძლია, ყველაფერს ვუყურო, საშინელებათა ფილმებსაც კი. ბევრს არ უყვარს თეატრი, მე მიყვარს და დავდივარ ხოლმე“... - ამბობს მხატვარი.

* * *

- ბატონო ოლეგ, ვფიქრობ, რომ საინტერესო და ამავდროულად რომანტიკული ისტორია აქვთ თქვენს მშობლებს (მამათქვენი მეუღლის გამო დარჩა საქართველოში საცხოვრებლად). როგორ იყო ეს ამბავი?

- მამაჩემი ბელორუსიაში დაიბადა. პატარა იყო, როცა მისი ოჯახი ციმბირში, ომსკში გადავიდა საცხოვრებლად. მამა გეოლოგი იყო, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ფეხით ჰქონდა შემოვლილი. ძირითადად ეძებდნენ ბროლს, ოქროს და ურანს. როგორც ვიცი, ძალიან მაღალი ხელფასები ჰქონდათ. მთაში ფული სად უნდა დაეხარჯათ, ამიტომ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის 2-3 თვეს სოხუმში ისვენებდნენ და კარგ დროსაც ატარებდნენ.



დედა აკადემიაში სწავლობდა, ხაზავდა და ერთხელაც, სოხუმში რაღაც პროექტზე სამუშაოდ ჩასული მამას შეხვდა. ერთმანეთი შეუყვარდათ. მანამდე მამა თბილისში არ იყო ნამყოფი და მაშინ ჩამოვიდა პირველად. ყველაფერი მიატოვა და საცხოვრებლად დედაჩემთან გადავიდა. აი, ასე დარჩა და დარჩა. მაშინ ბებია და დიდი ბებიაც აქ ცხოვრობდნენ. მამას საქართველოში არავინ ჰყავდა, სულ მარტო იყო. ალბათ გაუჭირდა, რადგან ქართულიც არ იცოდა. მახსოვს, ქართულის სწავლას რომ ცდილობდა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ბოლომდე ქართულად ვერ ლაპარაკობდა. გეოლოგიას თავი დაანება და ქარხანაში დაიწყო მუშაობა, მექანიკაში კარგად ერკვეოდა და დაზგებს არემონტებდა. მეტალზე მუშაობაც იცოდა და მახსოვს, ერთხელ იარაღიც გააკეთა, ეს ურთულესი საქმეა, არ არის მარტივი.

- მშობლებს ერთი შვილი ჰყავდით. ამბობენ ხოლმე, დედისერთებს ოჯახში ანებივრებენო. თქვენ გიგრძნიათ ეს დამოკიდებულება?

- კი, იყო ასე (იღიმის). ველოსიპედი მინდოდა და მიყიდეს, ბავშვობაში აკორდეონზე ვუკრავდი და - ისიც. მაშინ არ იყო ბევრი სათამაშო, მაგრამ რაც მინდოდა, მქონდა. ბებიაჩემი პირველად რომ წავიდა გერმანიაში, მახსოვს, მეოთხე კლასში ვიყავი და ჩამომიტანა ჯინსი, კევები, რაც მაშინ იშვიათობა იყო და ძალიან მიხაროდა. კინოში მარტო მიშვებდნენ, მაგრამ მთელი ოჯახი ისე ნერვიულობდა, სანამ დავბრუნდებოდი, გარეთ მელოდებოდნენ ხოლმე (იღიმის).

* * *

უწინ თავის ნამუშევარს რომ ყიდდა, განიცდიდა და ყოველთვის იცოდა, ვის მიჰქონდა, თანხას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასე იყო მხატვრობაში მოსვლის პირველ ეტაპზე, ცდებისა და ძიების პროცესში, როცა ეგონა, რომ დახატულზე უკეთესს ვერ შექმნიდა, მაგრამ როცა ნამუშევრებისა და გამოფენების რიცხვმა იმატა, აზრი შეეცვალა და ნამუშევრების სახლიდან „წასვლასაც“ შეეჩვია. ახლა თითქოს აწუხებს კიდეც ბევრი ნახატი.

- ვფიქრობ ხოლმე: რად მინდა ამდენი?! მე ხომ ხალხისთვის ვხატავ?! ჯობია ისინი ვინმე სხვას ჰქონდეს, სხვამ ნახოს. ამიტომ ახლა პირიქით, მიხარია, არც თვალს ვადევნებ, სად მიდის, არ მაინტერესებს. მგონი ასე ჯობია.



- ბოლოს ორი პერსონალური გამოფენა გქონდათ თბილისში, „სიყვარულის ტერიტორია“ და სასიყვარულო ბარათების სერია „ღია ბარათი“. ორივე გამოფენის თემა ერთი იყო, მაგრამ განსხვავებული ფერებით. კიდევ ექნება სიყვარულს გაგრძელება?

- არ ვიცი, ეს თემა ათასნაირად შეიძლება გააკეთო, თუმცა მე ცოტა მბეზრდება ერთი და იგივე.

- თემა როგორ მოდის, რას მოაქვს? „სასიყვარულო ბარათი“ რომ ვნახე, ვიფიქრე, ხელთ ძველი სასიყვარულო ბარათების კოლექცია ჩაგივარდათ და ამას მოჰყვა-მეთქი...

- ერთი ასეთი ბარათი ხელში 1986 წელს ჩამივარდა, მატარებელში ვიყიდე - ბარში ბერძნულ ტანსაცმელში გამოწყობილი წყვილი ზის და ერთმანეთს კოცნის. მაშინ დავხატე ერთი ასეთი დიდი ნახატი „შეყვარებულები“ და ის დღემდე გამოაქვთ სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაზე. ეს იყო პირველი ცდა, წლები გავიდა და ამ თემას ისევ დავუბრუნდი, ასეთი ბარათების ძებნა და შეძენა დავიწყე, როგორც თბილისში, ისე სხვა ქვეყნებში. ასე ნელ-ნელა შევაგროვე, ბოლოს მათგან რამდენიმე შევარჩიე და დიდ ზომაში დავხატე. ასე გამოვიდა ინდური ფილმის სიუჟეტის მსგავსი, ბანალური სიყვარულის მთელი სერია (იღიმის).

- თუ არის თემა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე ვერ მოიყვანეთ სისრულეში, თუ ყველა ჩანაფიქრი რეალიზებულია?



- რა თქმა უნდა, მილიონი რამეა, რაც ვერ გავაკეთე, მაგრამ ერთ იდეას მეორე ენაცვლება და ახლა ის გაღელვებს, მას უტრიალებ, მას ახორციელებ. სწორედ ამ თემაზე მინდოდა შემექმნა ნამუშევარი „იდეების სასაფლაო“. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მხატვარს, არამედ ყველა ხელოვანს, თავისი ჩანაფიქრის 10%-იც არ აქვს გაკეთებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დაკარგული იდეები დაუბადებელი ბავშვებივით არიან, როგორც მილიონ სპერმატოზოიდს შორის ერთი იმარჯვებს და ნაყოფის სახით ყალიბდება, ხელოვნებაშიც დაახლოებით იგივე ხდება.

- სხვადახვა ქვეყანაში ჩასვლა გიწევთ ხოლმე, იქაც ხატავთ, თუ მხოლოდ შინ გირჩევნიათ მუშაობა?

- არა, არსად ხატვა არ მიყვარს. გამოფენებზე რომ ჩავდივარ, იმდენი საქმეა, ხატვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თან საზღვარგარეთ ფერწერის ძალიან ცოტა გამოფენა მქონია, ძირითადად წარმოვადგენ ინსტალაციას, ობიექტს ან ფოტოს, ამიტომ ის დრო, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა მრჩება, მირჩევნია ქალაქის ქუჩებისა და მუზეუმების დათვალიერებას დავუთმო.

- ანუ შეიძლება ითქვას, რომ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრების 100% აქ, ამ სახლში იქმნება?

- ნამდვილად ასეა.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება