"ამ სახლში ყველა ადგილი ათვისებული და ფუნქციურად გამოყენებულია..." - ეკა ეგაძის სამსართულიანი სახლი ძველებური ავეჯით


თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კერძოდ სოლოლაკში, სამსართულიანი სახლი დგას, რომელიც XX-საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. ნაგებობას ორი მხრიდან პატარა ეზო აკრავს, სადაც მცენარეები შემოდგომის სეზონზე თავის სიჭრელითა და ყვითელ-წითელი ფერებით განსაკუთრებით სასიამოვნო თბილ გარემოს ქმნიან. სახლის ინტერიერი პატარა მუზეუმს ჰგავს, სადაც დიდხანს უნდა ათვალიერო თითოეული კუთხის „ექსპონატი“. ორიგინალური ბუხრების, მცენარეების, მუსიკალური საკრავების, ავეჯის, ფერწერული ტილოების, თუნგების, ძველი საკერავი მანქანის, ტელეფონის აპარატის და სხვა ნივთებს შორის, აქ ყველაზე მეტი „ნიმუში“ სარძევეებისა და წვნიანის ჭურჭლისაა. სახლის კედლების თეთრი ფერი, სწორედ ამგვარი მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური
ნივთების „გამოფენით“ ფერადდება. მათ შორის ზოგი ძველია, ზოგიც - ახალი და აქ ყოველ ნაბიჯზე ეპოქები ცვლის ერთმანეთს. მასპინძელი პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორი ეკა ეგაძეა, რომელიც თავად გახლავთ საკუთარი სახლის დაგეგმარებისა და ინტერიერის დიზაინერი.



- აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ამ ადგილას იდგა ბაბუას აშენებული პატარა, ერთსართულიანი, სამოთახიანი სახლი და გვქონდა პატარა ეზო, რომლის დიდი ნაწილი ელექტროჯიხურს ეკავა. შემდეგ ბაბუამ დაიწყო იმ სახლის მშენებლობა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. აქ სამი სართულია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ორია დასრულებული, მესაზე სახელოსნოს გაკეთებას ვგეგმავთ. პირველი სართულის მთლიანი სივრცე გავაერთიანეთ და ზონებად დავყავით - ტელევიზორის საყურებელი, ყავის დასალევი, სასადილო, თუმცა უმეტესად მაინც სამზარეულოში ვსხდებით.


გვერდით „მსახიობთა სახლია“, რომლის კომუნიკაციები ჩვენი სახლის კედელში გადის, ამიტომ იმ ადგილას გავაკეთეთ რამდენიმე საფეხურით ასავლელი ანტრესოლი და ამან ოთახის ერთი ნაწილის ორ დონედ გადაწყვეტა განაპირობა. ხშირად გვყავს სტუმრები და ეზოში ძირითადად ჩემი მეუღლე და მისი ძმაკაცები ქეიფობენ. გვაქვს სარდაფიც, რომლის ნაწილს მეუღლე ღვინის შესანახად იყენებს, ეს მისი მარანია, მეორე ნაწილში კი ჩემი სამუშაო ნივთებია თავმოყრილი. სახლის მეორე სართულზე საერთო ოთახი, 5 საძინებელი, კაბინეტი და ჩემი პატარა სახელოსნოა. ამ სახლში ყველა ადგილი ათვისებული და ფუნქციურად გამოყენებულია. რემონტი სამი წლის წინ გავაკეთეთ და საბოლოოდ სახლმა შეიძინა ის სახე, რაც დღეს აქვს.

- სახლში შემოსვლამდე ხვდები ეზოში, სადაც დგას მაგიდა სკამებით და მცენარეებში მოქცეული ეს სივრცე ამ ადგილის კიდევ ერთი პლუსია. ეზოშივეა პატარა მოპირკეთებული ბილიკი, რომელიც, როგორც აღნიშნეთ, თქვენი ნახელავია. ასევე თქვენ ხართ ავტორი პირველიდან მეორე სართულის დამაკავშირებელი კიბის - როგორც დიზაინის, ისე შესრულების მხრივ...



- დიახ, კიბე დეკუპაჟის ტექნიკით არის შესრულებული. კომპოზიციები ხელსაწმენდების მეშვეობით იქმნება და რასაკვირველია, შემსრულებლის სურვილისამებრ ემატება შტრიხები. კიბის უკანა მხარეზე თაროები გავაკეთე, რომელზეც წიგნებია მოთავსებული. დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს და აქ აწყვია წიგნები: მხატვრობაზე, არქიტექტურაზე, ალბომები, თუმცა, ფერი და კომპოზიცია აქაც გათვალისწინებულია, ხოლო ის წიგნები, რომლებსაც იშვიათად ვიყენებ და ვიზუალურად მიმზიდველი არ არის, კიბის ქვეშ გაკეთებულ კარიან კარადაშია „დამალული“ და როცა მჭირდება, მარტივად ხელმისაწვდომია.

მოგეხსენებათ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, არქიტექტორ-რესტავრატორი ვარ და ეს მხოლოდ დაგეგმარებასა და ნაგებობის შექმნას არ გულისხმობს, ვთვლი, რომ ეს პროფესია მრავალ დარგს მოიცავს. შესაბამისად ვხატავ, დაინტერესებული ვარ ქვილთით, ბეტონითაც რაღაცებს ვაკეთებ და სულ ძიებაში ვარ. არიან ქალები, ვისაც ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული სიამოვნებს, ჩემი აღმაფრენა კი ხელსაწყოებისა და სამშენებლო მასალების მაღაზიებში ხდება (იღიმის).



- ინტერიერში ბევრი ნივთია და აქაურობა მუზეუმს ჰგავს…

- მიყვარს ძველი და ლამაზი ნივთები. ვფიქრობ, ესთეტიკურია და სხვანაირი პეწი აქვს. აქედან უმეტესობა შეძენილია და ნაწილიც ჩემი ბავშვობის დროინდელი... შეჩვეული ვარ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი ყურება. შინ დაღლილი და არაქათგამოცლილი რომ ვბრუნდები, დავჯდები, ამ ნივთებს ვუყურებ და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია მაქვს, მაინც ახალ-ახალ დეტალებს აღმოვაჩენ ხოლმე. ნივთი შეიძლება ანტიკვარული და ძვირად ღირებულიც არ იყოს, მაგრამ ფერებსა და ფორმებს ერთმანეთს ვახამებ და კომპოზიციებს ვადგენ.

- ყავის დასალევ ზონაში, როგორც უწოდებთ, ორი გამორჩეული ნივთია - ძველებური ხის ტახტი და ძაფის სართავი...



- დიახ, გიამბობთ, როგორ მოხვდა ეს ტახტი ჩემთან. აქვე, ჭონქაძეზე ჩემი ბიძაშვილი ოთარ ეგაძე ცხოვრობს. მთელი ბავშვობა მე ვიყავი მასთან, ან - პირიქით. მის ოჯახში ბევრი ანტიკვარული ავეჯი იყო, მათ შორის - ეს ტახტი. ოთარის მამინაცვლის დედა გახლდათ ტატულია დადეშქელიანი და ლამაზი ნივთები მას უყვარდა. ეს ტახტი იმდენად უხეშია, ძალიან არ მომწონდა და ბავშვობაში მოსამართლეების სკამს ვეძახდი. შემოსასვლელში ედგათ ულამაზესი ტანსაცმლის საკიდი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი და სულ შევნატროდი. ერთხელაც, მითხრეს, რომ საკიდი იყიდებოდა, მხოლოდ - ტახტთან ერთად. დიდი ხანია წავკისში სახლს ვაშენებთ და იქაური ინტერიერისთვის მინდოდა. იმდენად ვოცნებობდი საკიდზე, რომ არც დავფიქრებულვარ, ტახტიანად შევიძინე, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ საკიდი ზომაში იმხელაა, ვერსად დავდგი და დღემდე იქაა, სადაც იდგა. რაც შეეხება ტახტს, რომელიც არასოდეს მომწონდა, სწორედ სახლში წამოღების დროს პირველად შევამჩნიე, თუ როგორი ლამაზი კვეთა და ორნამენტია ზედ. მაშინ აღვფრთოვანდი და დავაფასე ეს ტახტი (იღიმის). რაც შეეხება სართავს, მშრალ ხიდზე შევიძინე. საერთოდ, მიყვარს ხმარებიდან გამოსული ნივთები. ძველი ნივთების შეგროვება რომ დავიწყე, ეს სართავი სამებაში მიმავალმა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მეპატრონემ მითხრა, თანხა ახლა თუ არ გაქვს, წაიღე და როცა გექნება, მერე მომიტანეო. არ ვიცი, ნდობა დავიმსახურე, თუ უბრალოდ ამ გზით ყიდვაზე „შემაბა“ (იღიმის). ასევე შევიძინე პატარა ტუმბა, მაგიდა და მას შემდეგ ძალიან ჩავერთე ძველი ავეჯის შეძენის აზარტში.



- როიალიც ძველი იქნება...

- დიახ და მასაც აქვს თავისი ისტორია. როგორც შეძენის დროს მითხრეს, ინსტრუმენტი ბერიას დას ეკუთვნოდა. ძმამ დას აჩუქა და ამ სახსოვარის დამადასტურებელი სიტყვები ინსტრუმენტზე დამაგრებულ ლატუნის დაფაზეც ეწერა, მაგრამ მოვხსენი. ის ცნობილ რესტავრატორ იურა ხარლამოვთან, 47-ე სკოლის სარდაფის სახელოსნოში აღმოვაჩინე. მასთან ნივთები მქონდა გასაკეთებლად წაღებული. სახელოსნოს ბევრი ბნელი ოთახი ჰქონდა და ერთ-ერთში შევნიშნე როიალის ზედა ნაწილი. ლატუნის სხვადასხვა ფერის ყვავილები რომ დავინახე, თვალი მომჭრა და დავინტერესდი. მტვრიანი, დაშლილი, სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ მასზე ფიქრი შინაც გამომყვა. ასე ვიცი ხოლმე, ძალიან ვფორიაქობ (იღიმის). სახლში რომ მოვედი, ჩემს მეუღლეს, მერაბს მოვუყევი, მითხრა, დეკა თუ მთელი აქვს, შევიძინოთო. გაგვიმართლა და თითქმის ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ როიალი დღეს კარგად გამოიყურება.



- სახლს ორი ბუხარი აქვს, პირველ და მეორე სართულზე.

- ორივე ბუხარი ჩემი პროექტით არის გაკეთებული. მასალად გამოყენებულია მარმარილო, ტრავერტინი და ჩემი მეუღლე პირველ სართულზე არსებულს, ხუმრობით „ფრთოსან ბუხარს ეძახის“ (იღიმის).



- და რაც შეეხება განათებასა და ჭაღებს, ძველია თუ ეფექტი აქვს ამგვარი?

- მიუხედავად იმისა, რომ სახლს ორივე მხრიდან აქვს ბუნებრივი განათება, მაინცდამაინც ნათელი სახლი არ არის. პირველი სართულის მთავარი სივრცე ოთხად გავყავი და ოთხივეგან დამატებულია ხელოვნური განათება. ოთახში დამონტაჟებულია ე.წ. „ვენეციური ჭაღები“. ერთ ადამიანს ბელგიიდან მეორადი ავეჯი ჩამოაქვს და მისგან შევიძინე. ერთმანეთისგან განსხვავდება, რვასანთლიანი და ექვსსანთლიანი ჭაღებია, მაგრამ სტილი დაცულია. ძველი არ არის, დაახლოებით 50-60 წლის იქნება, თუმცა სიძველის ეფექტს მაინც ტოვებს. საერთოდ, ჩემი სახლის გარდა, თანამედროვე ინტერიერებზე მიმუშავია, მაგრამ იქაც შეტანილი მაქვს სიძველის მცირე შტრიხები, რადგან ვფიქრობ, ძველ ნივთებსა თუ ავეჯს შინ განსაკუთრებული სითბო და მყუდროება შემოაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ვთვლი, რომ საცხოვრისი არის ბუდე, ადგილი, სადაც ყოფნა უნდა გსიამოვნებდეს და შინ დაბრუნება ყოველთვის გიხაროდეს. მე ასე მოვაწყვე ჩემთვის, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის პატარა სამოთხე (იღიმის).





ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები