ქართველი ექიმის ეგზოტიკური და სახიფათო მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში და საოცარი შთაბეჭდილებები - "მოგზაურობა ერთადერთი რამეა ცხოვრებაში, როცა ფულის ხარჯვით მდიდრდები"

ადამიანის მეხსიერებაში მოგზაურობა რომ საოცარ, საუცხოო მოგონებებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, ამაზე ალბათ არც ღირს კამათი. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ქართველი ექიმის ეგზოტიკური და ზოგჯერ ხიფათით სავსე მოგზაურობის შესახებ. ქეთი ლურსმანაშვილი სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ბევრს მოგზაურობს. დღემდე მსოფლიოს 53 ქვეყანაშია ნამყოფი. ბევრი ისეთი ადგილი უნახავს, რის ნახვაზეც ოდესღაც უოცნებია. მოგზაურობის წყურვილი იმდენად დაუშრეტელია, რომ უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი გახდა მისთვის.

- პროფესიით ექიმი ვარ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკაში კარდიოლოგად, კარდიორეანიმატოლოგად. რამდენიმე წლის წინ გარკვეული მიზეზების გამო მომიხდა თავის დანებება ჩემი
ძირითადი საქმიანობისთვის და სხვა სფეროში გადართვა. ამჟამად ხელშეკრულებით ვმუშაობ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ილიას უნივერსიტეტში.

- ჩვენი დღევანდელი თემა მოგზაურობაა. თქვენი პირველი მოგზაურობა და მიღებული შთაბეჭდებები გაიხსენეთ...
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გატაცება ყოველთვის იყო და იქნება მოგზაურობა, ახალი ქვეყნების და ხალხის აღმოჩენა, მათი კულტურის და ისტორიის გაცნობა, უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს.
ჩემი პირველი მოგზაურობა სტუდენტობიდან იწყება. მახსოვს, ჩეხეთში წავედით სამი მეგობარი. მაშინდელი გადმოსახედიდან იქ იმდენად განსხვავებული სამყარო დაგვხვდა, რომ აღფრთოვანებისგან სუნთქვაშეკრულები დავდიოდით პრაღის ქუჩებში. შემდეგ იყო თურქეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, მალტა და კიდევ სხვა ევროპული ქვეყნები თუ ქალაქები. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ეს ქვეყნები, მაგრამ რატომღაც თითქოს სხვაგან მიმიწევდა გული, დალაგებულ-დავარცხნილი ევროპა დიდ ემოციას არ მიტოვებდა.

- დღემდე რამდენი ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რამდენად შეცვალა მოგზაურობამ თქვენი ცხოვრება? რა გამოცდილება მოგცათ?
- ნამყოფი ვარ 53 ქვეყანაში. მოგზაურობა ყოველთვის დადებითად განაწყობს ადამიანს. მე პირადად როცა წასული ვარ რომელიმე ქვეყანაში, არავინ და არაფერი აღარ მახსოვს. არ მახსოვს არც აქაური ყოფა და არც პრობლემები, არ მახსოვს არც ჩვეული რუტინა - მთელი სულით და გონებით გადართული ვარ იმ სამყაროში. სწორედ ამ სამყარომ მასწავლა, რომ არ ღირს არც წარსულზე და არც მომავალზე ნერვიულობა, რომ სტრესი წავა, პრობლემები გაივლის, უნდა ვიცხოვროთ და მივყვეთ დინებას, უნდა გვიყვარდეს ადამიანები და მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. უნდა ვაკეთოთ სიკეთე ისე, რომ სამაგიეროდ არაფერს მოველოდეთ, უნდა ვიცხოვროთ და ცხოვრებაში დავაგროვოთ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული.

- მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა თუ შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვა? როგორ უნდა მოახერხოს ეს ადამიანმა?
- როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, მოგზაურობა ერთადერთი რამეა ცხოვრებაში, როცა ფულის ხარჯვით მდიდრდები. ჩემი აზრით, ამაზე დიდი სიამოვნება და გამოცდილება არ არსებობს. არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ამჯობინებენ მატერიალურ სიკეთეებს, რომლებსაც ურჩევნიათ, ბოლო მოდელის მობილური, ძვირფასი ნივთები ან კარგი მანქანა ჰქონდეთ და მერე გაუკვირდეთ, სხვა როგორ ახერხებს მოგზაურობას. თუ გინდა, ყოველთვის შეძლებ შეაგროვო სამოგზაურო თანხა, მით უმეტეს, რომ არსებობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, იაფი სასტუმროები, იაფი კაფეები - მთავარი მონდომებაა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მთელი წელი აგროვებენ თანხას, ეკონომიას წევენ, რომ წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც ახალ ქვეყანას ეწვიონ. ახლა პანდემიის გამო ყველაფერი ჩამოიშალა, მაგრამ ხომ დასრულდება ეს კორონა და ყველას ვურჩევ, მოახერხონ და წელიწადში ერთხელ მაინც სადმე წავიდნენ. ცხოვრება ხომ გარდასული დღეები კი არა, არამედ ის დღეებია, რომლებიც დაგამახსოვრდება და ყოველთვის გაგათბობს.

- როგორც მივხვდი, ეგზოტიკური ქვეყნები გიზიდავთ. კონკრეტულად რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი და რატომ აირჩიეთ ისინი?
- როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის მთელი ევროპა მაქვს შემოვლილი, მაგრამ რატომღაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და ემოციურად ახლოს ეგზოტიკური ქვეყნებია, სრულიად განსხვავებული კულტურა, განსხვავებული წეს-ჩვეულებები, ხალხი და ცხოვრებისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება. პირველი ასეთი ქვეყანა ჩემთვის იყო ირანი, ჩაკეტილი მუსულმანური ქვეყანა საინტერესო კულტურით და ბევრი შეზღუდვებით. შემდეგ იყო ინდოეთი, ვიეტნამი, კამბოჯა, ჩინეთი, ტაილანდი, ნეპალი, მაროკო, ინდონეზია, მიანმარი, შრი ლანკა - ყველა ეს ქვეყანა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ ყოველ მათგანს ახალი ემოცია მოაქვს. კიდევ ბევრი ასეთი ქვეყანა მაქვს სანახავი, მაგრამ ისევ და ისევ მსოფლიოს დაპაუზების გამო დროებით იძულებითი ტაიმ აუტი მაქვს აღებული.

- რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენთვის უცხო ტრადიციების, კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა?
- ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, თითოეული ადამიანი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. აზიურ ქვეყნებში ძალიან გახსნილი ადამიანები ცხოვრობენ, ყველა გიცინის, ყველას უხარია შენი დანახვა, ყველა ცდილობს გამოგელაპარაკოს - თითქოს დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებთ. მიუხედავად იმ სიღარიბისა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ყველა ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც გააჩნიათ - ევროპაში ასეთებს უბრალოდ ვერ შეხვდები. ყველა ქვეყანაში, სადაც კი ნამყოფი ვარ, მყავს მეგობრები, რომლებთანაც მუდმივად მაქვს ურთიერთობა და მიმოწერა, რომლებიც სულ მეპატჟებიან და მელოდებიან.

- მოგზაურობის დროს ალბათ არაერთ უცნაურ ტრადიციას ან კანონს გადაყრიხართ. შეგიძლიათ რამდენიმე მათგანი გაიხსენოთ?
- ტანზანიაში მოგზაურობისას ძალიან ბევრი მასაი გავიცანი. ეს აფრიკაში დღემდე შემორჩენილი ნახევრად მომთაბარე ტომია, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ კენიასა და ტანზანიაში. მასაის ხალხი გამოირჩევა არაჩვეულებრივი გარეგნობით. ყველა მაღალია, საუცხოო აღნაგობის და თითქმის ყველა ლამაზია, მაგრამ ეს სილამაზე მათთვის საკმარისი არ არის. ამიტომ დამატებით ილამაზებენ თავს. 6 წლის ასაკში ყურის ბიბილოს იხვრეტენ ძროხის რქის წვეტით, შემდეგ იწელავენ ხის სპეციალური ნივთებით და მასიური სამკაულებით. რაც უფრო დიდია ყურის ხვრელი, მით უფრო სილამაზის სიმბოლოა. გოგონებს უღებენ ქვედა ორ შუა კბილს, ხოლო ბიჭებს - ზედა ერთ კბილს, ესეც სილამაზის ეტალონად ითვლება. ლოყებზე იკეთებენ მრგვალ ტატუირებას. ქალებისთვის აუცილებელია გადაპარსული თმები და წარბები, ხოლო მამაკაცების სილამაზე მათი თმებით და ვარცხნილობით ფასდება. ორივე სქესისთვის აუცილებელია ბევრი ფერადი სამკაულების ტარება.
გოგონა ოჯახში ძირითადი კაპიტალდაბანდებაა, მისი გათხოვებისას სასიძოს ოჯახმა საკმაოდ დიდი თანხა ან 15 ძროხა უნდა გადაიხადოს. მრავალცოლიანობა მასაისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ მამაკაცს ბევრი ძროხა ჰყავს, მას შეუძლია ბევრი ცოლი მოიყვანოს. ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა მრავალქმრიანობა. ქალი თხოვდება არა მხოლოდ ქმარზე, არამედ მის ძმებზეც და მეგობრებზეც, ამასთან, ქალი თავად ირჩევს ვისთან და როდის ჰქონდეს ხოლმე კავშირი. პირველი ღამის უფლება კი მხოლოდ ტომის ბელადის პრიორიტეტია.

- ყველაზე შთამბეჭდავი, საუცხოო და დასამახსოვრებელი ადგილი, ან მოვლენა გაიხსენეთ, რომელიც თქვენს მოგზაურობას უკავშირდება.
- ჩემთვის გამორჩეული და განსაკუთრებული ქვეყანა ყოველთვის იყო და იქნება მიანმარი, ანუ ბირმა, როგორც უწოდებენ, ათას და მილიონ ოქროს პაგოდის დროში გაყინულ ქვეყანას.
ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამ ქვეყნის მონახულება, აქ მოხვედრა საკმაოდ რთული ამოცანა იყო, ვინაიდან ის წლების მანძილზე სამხედრო დიქტატურის ქვეშ იყო და საზღვრები ჩაკეტილი ჰქონდა დანარჩენი მსოფლიოსთვის. სულ რამოდენიმე წლის წინ დიქტატურა გადავარდა, ქვეყანამ ტურიზმს საზღვრები გაუხსნა და სამი წლის წინ ეს ოცნება რეალობად ვაქციე.

მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე დიდი და ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა მდიდარია ძვირფასი ქვებით - ნეფრიტის, საფირის, რუბინის, მარგალიტის, ასევე ოქრო და ვერცხლის, გაზის და ნავთობის საბადოებით და ბევრი სხვა მინერალური რესურსით, მაგრამ ვინაიდან არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტექნოლოგიები, ფაქტიურად წარმოება არ არსებობს.
მსოფლიოს რუბინის - ლალის მოპოვების 90% მიანმარზე მოდის. აქ მოპოვებული ეს უძვირფასესი ქვები ფერის და სისუფთავის მხრივ პირველ ადგილს იკავებს, ხოლო საფირები უიშვიათესი ცისფერია.

სხვა აზიური ქვეყნებიდან მიანმარს გამოარჩევს უნიკალური არქიტექტურა, ეკლექტური პაგოდები, ოქროს სტუპები, ულამაზესი ბუნება, ინლეს ტბის საოცარი მეთევზეები, საინტერესო ტრადიციები, გემრიელი კერძები, ნგაპალის უსაზღვრო სანაპიროები, რაც ნამდვილი მოგზაურებისთვის მართლაც გემრიელ ლუკმას წარმოადგენს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანა კვლავ ჩაიკეტა მსოფლიოსთვის და არა პანდემიის გამო, არამედ თებერვალში აქ ისევ სამხედრო გადატრიალება მოხდა და ისევ სამხედრო დიქტატურა დამყარდა. მე მიანმარში მეგობრები მყავს, ისინი ისევ მელოდებოდნენ. ძალიან, ძალიან ვწუხვარ შექმნილი მდგომარეობის გამო, ვინაიდან ეს ქვეყანა და ეს ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ამდენ ტანჯვას არ იმსახურებს.

- სახიფათო ან ექსტრემალურ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?
- სახიფათო სიტუაცია მოგზაურობის თანმდევია. ყოველთვის ვერ განსაზღვრავ რას უნდა ელოდო. მახსოვს, ირანში ყოფნისას ფერეიდნელ ქართველებს ვესტუმრეთ, რომლებსაც ისე გაუხარდათ ჩვენი დანახვა, რომ ყველა თავის სახლში გვეპატიჟებოდა. მთელი სოფელი ფეხდაფეხ შემოგვატარეს, ხალხი თვალცრემლიანი და გახარებული გვეფერებოდა. ჩვენი ამ ვოიაჟის დროს ირანის პოლიცია ფეხდაფეხ დაგვდევდა, საბოლოოდ კი მთელი ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს და დაპატიმრებით გვემუქრებოდნენ. იქაურ ქართველებს მთელი თავიანთი გავლენიანი ნაცნობობის და რესურსების გამონახვა დაჭირდათ, რომ გამოვეშვით. ძალიან კი ვინერვიულეთ.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ მოგზაურობას და პანდემიის პირობებში როგორ ახერხებთ ამას?
- სამოგზაურო გეგმები ბლომად მაქვს. აზიას რომ ამოვწურავ, მინდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ვეწვიო - ბრაზილია, პერუ, არგენტინა, მექსიკა, კუბა.
სულ ახლახან ვიყავი აფრიკაში, ტანზანიის კუნძულზე - ზანზიბარზე. პანდემიის პირობებში თითქმის მთელი მსოფლიოში ქვეყნებს საზღვრები აქვთ ჩაკეტილი ტურიზმისთვის. სულ თითზე ჩამოსათველი 3-4 ქვეყანაა გახსნილი და მათ შორის არის ტანზანია, ამიტომაც გადავწყვიტე წავსულიყავი და მეგობრებთან ერთად მოვიარე. მართლა არ მოველოდი ისეთი კმაყოფილები დავბრუნდით. აპრილის ბოლოს ვგეგმავ ეგვიპტეში მოგზაურობას. ვაპირებ მთელი ეგვიპტე მოვიაროთ - კაირო, პირამიდები, პაპირუსის და პარფიუმერიის ქარხნები, ეგვიპტის მუზეუმი. ალექსანდრია, კატაკობმები, ბიბლიოთეკა. ასუანი, აბუ-სიმბელი, რამზესის და ნეფერტარის ტაძრები, სობეკი, ჰატსეპსუტი, მეფეთა ველი და ფარაონთა სამარხები, ჰორუსი, ლუქსორი, კერნაკი პარალელურად გვექნება ნილოსზე 5 ვარსკვლავიანი გემით კრუიზი - მოკლედ სრული საესკურსიო ტური მაქვს დაგეგმილი.
ძალიან ბევრი ადამიანი არის ნამყოფი დასავენებლად ეგვიპტის კურორტებზე ხურგადასა და შარმ ელ შეიხში და ამბობენ ეგვიპტეში ნამყოფი ვართო, ამაზე ცოტა მეცინება ხოლმე. თუ რაც ჩამოვთვალე ის არ გინახავს - არც ეგვიპტე გინახავს. იმედი მაქვს, მალე გადაივლის პანდემია და მოგზაურობების სერიას სრული დატვირთვით განვაახლებ.









მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები