15 წლის ბიჭი ერთ თბილისური უბნის თონედან -

ჩემთან უბანში, სახლთან ახლოს თონეა - თითქოს ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არაა, თუმცა ამ თონეში მართლა სულ სხვა აურა და განწყობა ტრიალებს. იმერული მოურიდებელი კილო და ნამეტნავად ალალი ოჯახი შრომობს, პირდაპირი მნიშვნელობით აპურებს სრულიად "ვასმოის".
დღესაც მაღაზიაში პურის საყიდლად ჩავედი, მაგრამ მომენტალურად და დაუგეგმავად თონისკენ გადავუხვიე. არასდროს არ დამავიწყდება 15 წლის ბიჭი, რომელიც მთელი ენთუზიაზმით და სიყვარულით აკრავს პურებს და მამა, რომელიც საკუთარ შვილს ოთახის მეორე ბოლოდან ბედნიერი თვალებით უყურებს. ეს პატარა ბიჭი ცქრიალაცაა, ჭრიჭინაც და მოუბეზრებელი აბეზარაც.
ჰოდა,

რისი თქმა მინდა - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანის აურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, თონე ბუნებრივი სიცხის მატარებელი ადგილია, მაგრამ იქ სულ სხვა ადამიანური სითბო ტრიალებს. ზუსტად ვიცი, მოვა დრო და წითელლოყება, ჭყატუნა ბიჭის მამა საკუთარი შვილით უზომოდ იამაყებს, იმაზე მეტად აენთება თვალები, ვიდრე დღეს.
p.s. ახლა ვხვდები, წიგნებში როგორ ამბებს გვიყვებოდნენ და ზუსტად ვიცი, რომ ისტორიები წითელლოყება ბიჭუნებზე ნამდვილად სიმართლეა.

ნინო კამლაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები