"გადავწყვიტე, საქართველოს ყველა კუთხის ერთი სოფელი მაინც ვნახო, რომელიც უკვე მივიწყებულია" - ქართველი ფოტოგრაფის თვალით დანახული სამყარო

ეკა ხალიანი უკვე ბევრისთვის ნაცნობი ფოტოგრაფია, რომელიც იშვიათ და გამორჩეულ კადრებს იღებს. თავისი ფოტოების საშუალებით გამოხატავს ემოციას და ბევრი ადამიანის გულამდე აღწევს. ამასთან, ეკა არის დიზაინერი. ბევრს მოგზაურობს და ამით ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის.

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. ამჟამად ვარ ფრილანსერი და სხვადასხვა გამოცემაში გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობ. მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა, ბუნება, ლაშქრობა, ამიტომაც ბევრს ვმოგზაურობ. ფოტოგრაფიაც ბავშვობიდან მიტაცებდა და შემდეგ უკვე პროფესიონალურადაც დავინტერესდი. გავლილი მაქვს რამდენიმე საინტერესო კურსი, სადაც ფოტოგრაფია შევისწავლე.

- ალბათ ყველაზე გულწრფელი ოცნებები ბავშვობიდან მოგვყვება,
თქვენ შემთხვევაში ფოტოგრაფია თუ იყო მათ შორის?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშობიდან ძალიან მინდოდა და მაინტესრებდა ხელოვნება. ამის შესახებ დიდად არავის ვესაუბრებოდი, ძირითადად, ჩემით ვცდილობდი - რაზეც ხელი მიმიწვდებოდა ვეცნობოდი სიახლეებს, ვსწავლობდი. მაინტერესებდა სხვადასხვა ტიპის ფოტოაპარატები, განსაკუთრებით ფირის ფოტოაპარატი. ვიღებდი უმეტესად ადამიანებს, სადღესაწაულო მოვლენებს და პეიზაჟებს.

- თითოეული ფოტო ასახავს ისტორიას, გვიყვება ამბავს. მოგვიყევით თქვენი შემოქმედების, გადასაღები ობიექტების შესახებ...
- ჩემს შემოქმედებაში შეიძლება ითქვას, რომ თემატური მრავალფეროვნებაა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესის ობიექტი შემოდიოდა. უფრო ხშირად რომელიმე ერთ თემას ვირჩევ და მერე ამას მივყვები. ძირითადად, ეს თემები ეხება ისეთ ისტორიებს, რაც ხალხისთვის ყოველდღიურობაში შეუჩნეველია - იქნება ეს მიტოვებული სახლები, შენობები, ძველი ნივთები, სოფლები, მოხუცი ადამიანები და თუ სხვა ბევრი რამ.

- თქვენი ფოტოების უმეტესობა რეგიონებშია გადაღებული. როგორ და რის მიხედვით არჩევთ გადასაღებ ადგილებს?
- ყოველ წელს რეგიონში მიწევს ყოფნა და ხშირად ერთი და იგივე სოფლებშიც დავდივარ. გადავწყვიტე, რომ საქართველოს ყველა კუთხის ერთი სოფელი მაინც ვნახო, რომელიც უკვე მივიწყებულია. ამით ვცდილობ ამ ადგილებს ერთგვარად ახალი სიცოცხლე შევძინო, ბევრ ადამიანს გავაცნო და დავტოვო მათ მეხსიერებაში. შესაძლებელია ეს გადასაღები ადგილები სპონტანურადაც მოხვდეს ჩემს ობიექტივში, მაგრამ ძირითადად ვირჩევ, ვიკვლევ ამ დგილებს და შემდეგ მივდივარ.

- ვფიქრობ ცოტა სევდიანი ეს ყველაფერი... შეგიძლიათ გაიხსენოთ სოფელი, ადგილი, რომელიც განსაკუთრებით სევდის მომგვრელი იყო თქვენთვის?
- ერთი ადგილი მახსენდება, რომელმაც სევდიანი მოგონება დამიტოვა. ზემო აჭარაში ერთი მწვანე ტბა უნდა მენახა. ტბამდე გზად უჩვეულო ადგილას აღმოვჩნდი, ბევრი პატარა ხის სახლი იყო და ერთი ადამიანიც კი ვერ დავინახეთ, ვერც ცხოველი. არავინ ცხოვრობდა. მხოლოდ მარტოსული სახლები და მინდვრის ყვავილები. ძალიან ჩუმი და სევდიანი იყო. როგორც შემდეგ სხვა სოფელში გვითხრეს, ამ ადგილს ადრე ოჯახები ზაფხულში დასასვენებლად იყენებდნენ, მაგრამ ახლა უკვე სრულიად მივიწყებულია.

- გადაღების პროცესში რა გრძნობა გეუფლებათ ხოლმე და ეს შეგრძნება თუ იცვლება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ფოტოებს ათვალიერებთ?
- ადრე ფირით და ციფრული აპარატით ძალიან ბევრ რამეს ვიღებდი და გამუდმებით ვეძებდი ისეთ კადრებს, რომელიც განსაკუთრებულ ემოციას დამიტოვებდა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასე აღარ მივუდგე, ბევრი ფოტო არ გადავიღო, რომელსაც დიდად მხატვრული ან სხვა შინაარსობრივი ღირებულება არ ექნება. ახლა გულით ვუდგები, იმას ვიღებ, რაც ძალიან მომწონს და მნიშვნელოვანია. ძირითადად ვიღებ ბევრისთვის შეუმჩნეველ გარემოსა თუ სიტუაციებს.

- ბევრს მოგზაურობთ. რა ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში და როგორ გახდა ის თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?
- 2010 წელი იყო, ახალი დაწყებული მქონდა ციფრული კამერით გადაღება, სწორედ მაშინ შემომთავაზა მეგობარმა სამოგზაუროდ წასვლა. მას შემდეგ დამოუკდებლად ვირჩევ მარშრუტებს და დავდივარ ძირითადად, საქართველოს მასშტაბით. მოგზაურობა საშუალებას მაძლევს დროებით გავექცე მოსაწყენ ცხოვრებას და ვნახო ის, რაც მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია, შევხდე ახალ ადამიანებს, ვნახო სოფლები, ცხოველები, ფრინველები, მთები, ტბები და შემდეგ ყველა საინტერესო კადრი აღვბეჭდო.

- საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი, განსაკუთრებული რა გინახავთ, რაც დღემდე არ გავიწყდებათ?
- 2015 წელს თუშეთში ვიყავი და ახლაც მომყვება ის ემოციური მოგზაურობა. სამი დღის განმავლობაში რამდენიმე სოფელში დავდიოდი და ვაკვირდებოდი ყველა დეტალს, სახლებს, ადამიანებს და გასაოცარ ბუნებას. ვიჭერდი კადრებს სოფლის ცხოვრებაზე, თუ როგორია მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება და როგორ არის ის გარე სამყაროს მოწყვეტილი.

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- ფოტოგრაფიის მიმართულებით ხშირად კონკურსებში ვიღებ მონაწილებას, ასევე ვაქვეყნებ ფოტოებს სხვადასხვა პლატფორმაზე. სამომავლო გეგმებში შედის, რომ გავცდე საქართველოს და სხვა ქვეყნებშიც ბევრი ვიმოგზაურო, იქ აღმოვაჩინო საინტერესო ადგილები, რომლებსაც ფოტოაპარატით აღვბეჭდავ.




მერი ბლიაძე


სოფელი ნახევარკუნძულზე, რომელიც თვეობით წყდება სამყაროს - ფოტორეპორტაჟი ტაბაწყურიდან

კომენტარის დამატება