"გუგუ, შენ მე გიყვარვარ?" - ოთარ რამიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები და ერთადერთი სიყვარული

ოთარ რამიშვილის მეუღლეს ქალბატონ გულნაზ რამიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვესტუმრეთ. თვალცრემლიანმა გამიღო კარები, თან მომიბოდიშა, მიჭირს ოთარის გარეშე ცხოვრების გარგრძელება, ჩემთვის ყოველი დღე ცრემლით იწყება და ცრემლით მთავრდებაო. მთელი საუბრი განმავლობაში მონუსხული ვუსმენდი ქალბატონ გულნაზს, ცოტას შეუძლია ასეთი ძლიერი სიყვარული.

- რაც ოთარი აღარ არის, ქვეყნად არაფერი მახარებს. ყველას სიმღერაში ჩემს ტკივილს ვგრძნობ, განსაკუთრებით ოთარის ნამღერ სიმღერაში. მიჭირს მის გარეშე და ტკივილად ედება გულს მისი ხმა. უმუსიკოდ ვერ ვძლებდი, დღეს კი ვგრძნობ, თანდათან გადის ჩემი გულიდან მუსიკის სიყვარული. ჩემი ოცნება იყო,

მომღერალი ვყოფილიყავი, ეს ოცნება ვერ ავიხდინე, სამაგიეროდ ვიყავი კარგი მსმენელი და შემფასებელი, მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მოვხვდი ისეთ ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა - ოთარი, მისი და, მშობლები. ჩემს თვალწინ დაიბადა მისი ყველა სიმღერა, იწერებოდა ჯერ ლექსად, შემდეგ ულამაზეს სიმღერად გადაიქცეოდა. ბევრჯერ მისი ჯიბეებიდან ამომიკრეფია დაკუჭული ქაღალდები, სადაც მისი ლექსი ეწერა. ვასწორებდი, ვაუთოებდი და ვინახავდი, ვცდილობდი, არც ერთი მისი ფრაზა არ დაკარგულიყო.


ოთარი ვაკეში კავსაძის ქუჩაზე დაიბადა, იქ გაიზარდა და გაატარა მთელი მისი სიყმაწვილის წლები. აქ როცა გადმოვედით, რემონტი არ გაგვიკეთებია. ოთარს მართალია, ფული არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამ ჰქონდა ხალხისგან, რასაც უდიდესი სიყვარული ჰქვია. ოთარის დაღუპვის შემდეგ ერთი ნივთიც კი არ გადამიადგილებია, ვცდილობ, ყველაფერმა ისეთი სახე შეინარჩუნოს, როგორიც მაშინ ჰქონდა. 

- როგორი მეუღლე იყო ბატონი ოთარი?
- ხშირად მეკითხებიან და ყველას აინტერესებს, როგორი მეუღლე იყო ოთარი. ის იყო ადამიანი, რომელიც არც ერთ საუკუნეში არ განმეორდება. პირველ რიგში ის იყო არაჩვეულებრივი მოქალაქე, შვილებისთვის განუმეორებელი მამა, მთელი ცხოვრების მანძილზე მათთვის არაფერი დაიშურა, სამივე შვილი გზაზე დააყენა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. მისნაირი მეუღლე მსოფლიოში არ მეგულება. მასთან ერთად ვიცხოვრე რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ყველას მასთან უნდოდა, მე კი სახლში ვექაჩებოდი. როცა სახლიდან გადიოდა, ჩემი გული თან მიჰყვებოდა. ისე მოგვგლიჯა ბედისწერამ ერთმანეთს, როგორც ფოთლებს იტაცებს ქარი ხეებიდან. სახსოვრად დამრჩა მხოლოდ მოგონებები და უძილო ღამეები.

- ბავშვების აღზრდაში გეხმარებოდათ?
- ოთარი ამბობდა, ბავშვებს დედა უვლის, მამას კი მოუთმენლად ელოდებიანო. ის მარტო ოჯახს არ ეკუთვნოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ ერთი სირთულის წინაშე ვიდექით - ხშირად უწევდა სახლიდან წასვლა, მე კი მინდოდა, ყოველთვის ჩემ გვერდზე ყოფილიყო. სადაც არ უნდა წასულიყო, ღამეს სხვაგან არ გაათენებდა. რამდენჯერმე დარეკავდა სახლში, კითხულობდა, როგორ ვიყავით მე და ბავშვები. მასაც რა ექნა, ერთი კაცი იყო, ამიტომ მე უფრო მიწევდა მოთმენა. მან შვილებს სითბო და სიყვარული დაუტოვა, ისინი ამაყობენ, თავაწეულები დადიან და ღირსეულად ატარებენ ოთარ რამიშვილის შვილის სტატუსს.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით და როგორ შეუღლდით?
- ჩვენი გაცნობა იყო პატარა სპექტაკლი. გურიაში გვქონდა სახლი, ოთარი სტურმად იყო ნათესავთან. მე გამივლია ქუჩაში, დავუნახივარ. ამის მერე გავიდა ერთი წელი, მეორე ზაფხულს ვუკითხივარ, შარშან აქ რომ გოგომ ჩაიარა, ის გოგო მინდა გავიცნო, სულ მასზე ვფიქრობო. ოთარმა გურიიდან მამა და და ჩამოიყვანა. მნახეს და ძალიან მოვეწონე. ჩვენი ქორწინება 28 აგვისტოს მოხდა, 1969წელს, მარიამობა დღეს. სამ დღეში დავქორწინდით. მე იმ დროს 19 წლის ვიყავი, ოთარი - 34-ის.

- ხშირად გსტუმრობდნენ მისი მეგობრები?
- ჩვენი სახლის კარი არასდროს არ იკეტებოდა. ძალიან უყვარდა სტუმრები. ახალი წელი იყო, გავაწყვე სუფრა, არავინ არ მოვიდა. ბუნებრივია, ახალ წელს ყველას თავის ოჯახში უნდა ყოფნა. აწრიალდა ოთარი და რა ქნა, იცით? დაიწყო რეკვა. დაურეკა ერთ მეზობელს და უთხრა, იცი, ვინ არის ჩემთან სტუმრად? მეტრეველი. დაურეკა მეტრეველს? იცი, ვინ არის ჩემტან სტუმრად? ჯუმბერ პატიაშვილი. ასე შემოიკრიბა სტუმრები, მთელი სახლი გაივსო ხალხით. თქვენ არ იცით, როგორი ქეიფი გაიმართა იმ ღამეს. აქ ხალხის შეხვედრა იყო ზეიმი.

- ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი გაიზარდა მის ხელში. როგორც მასწავლებელი, როგორი იყო?
- დღეს ვინც მღერის, შემოქმედებით არეალშია, უმეტესმა ნაწილმა ოთარის ხელში გაიარა. იცით როგორი დამოკიდებულება აქვთ ოთარის მიმართ? ყველა ამბობს, რომ ოთარისგან მხოლოდ გიტარაზე დაკვრა არ უსწავლიათ, ისწავლეს ყველაზე ღირებული - ადამიანური ურთიერთობები და კაცობა. არასოდეს აუწევდა ხმას, შენიშვნასაც იუმორის ფორმა ჰქონდა. არასდროს უწევდა დათვურ სამსახურს მოსწავლეებს, დაუმსახურებლად არავის აქებდა.

- როგორც ვიცი, ბატონ ოთარზე იღებენ ფილმს. ამის შესახებ რას გვეტყვით?
- კი ოთარზე აკეთებენ ფილმს. მივუბრუნდი ახალგაზრდებს და ვეუბნები, ახლა რაში სჭირდება, როცა ცოცხალი იყო, მაშინ უნდა გაეხარა. სხვათა შორის, ამბობდა ხოლმე:
"გავა წლები, მერე დაიქუხებს,
სიკვდილი რომ გამისინჯავს მაჯას".
ერთმა გოგონამ გამცა პასუხი, ეს ჩვენ გვჭირდება, მომავალ თაობასო. მომეწონა მისი პასუხი. ზუსტად თქვენ გჭირდებათ, თქვენ უნდა იცოდეთ, საქართველოსთვის რამდენი ადამიანი დაიხარჯა თავისი კეთილი ნებით. ამ ყველაფრის დავიწყება საკუთარი თავის დავიწყებას ნიშნავს. განურჩევლად ერისა, მას ყველა უყვარდა, ყველა მისი ძმაკაცი იყო, დაწყებული ტაქსის მძღოლიდან, პროფესორით დამთავრებული. არასოდეს ცდებოდა ადამიანის ამოცნობაში, ყველა, ვისთანაც მეგობრობდა კეთილშობილი ადამიანი იყო.

- რამდენი წლისამ დაიწყო ლექსების წერა?
- ლექსების წერა პატარა ასაკში დაიწყო. დედამისიც და მამამისიც ძალიან მუსიკალური ადამიანები იყვნენ. მისი ბებია მაშო მაყაშვილი ულამაზესი და უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. სალონივით ყოფილა მათი ოჯახი. მსახიობები, მწერლები, მომღერლები ხშირად იკრიბებოდნენ მათთან. ალბათ ამანაც იქონია გავლენა. ოთარმა 10 წლის ასაკში დაიწყო წერა.

- მეორე მუსიკალურ ტექნიკუმში სმენა დაუწუნეს, როგორ იხსენებდა ამ ამბავს?
- როცა გამოცდაზე გავედი, რაღაც ვერ დავამთხვიე ნოტები და ორიანი დამიწერესო, ძალიან გაბრაზებულა და გარეთ გამოსულა. ჩამოუვლია უცხო ქალს. დაინტერესებულა, თუ რატომ იყო ოთარი ასე გაბრაზებული. ოთარს მოუყოლია, როგორ დაუწუნეს სმენა. ეს ქალი გახლდათ ქსენია ჯიქია, მეოთხე მუსიკალური სკოლის დირექტორი, მან ოთარი თავისთან წაიყვანა. ქალბატონი ქსენიას დახმარებით გაიკაფა ოთარმა მიზნისკენ მიმავალი გზა. ასე რომ, ის ორიანი გამოდგა საფუძვლიანი.

- ტოტო კუტუნიოსა და მისი შეხვედრის შესახებ რას გვეტყვით?
- "პატრინოტზე" მიგვიწვიეს. როცა მივედით თქვეს, რამიშვილი არ გამოიყვანოთ სცენაზე, მისთვის სიურპრიზი გვაქვსო. ვფიქრობდი, ნეტა რა სიურპრიზია ასეთი. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიდა სიურპრიზის დროც. ჩამოსული ყოფილა ტოტო კუტუნიო, გამოიყვანეს და შეახვედრეს ოთარს, მიესალმნენ ერთმანეთს, ჩამოართვეს ხელი. გამოვიდა ოთარი და მეკითხება - გუგუ, ვინ იყო ეს კაცი? საბოლოოდ ვერც ერთმა გაიგო ვის ჩამოართვა ხელი და ვერც მეორემ. ოთარმა თავისი გრამატიკული ენით შეიგინა და თქვა, საიდან დავამახსოვრდები ახლა მე ამ კაცს? წინასწარ, რომ მცოდნოდა ჩემს ჩანაწერებს წამოვიღებდი, ვაჩუქებდი და აღარასოდეს დავავიწყდებოდიო.

- როგორც ვიცი, თქვენთვის ძალიან ბევრი სიმღერა აქვს მოძღვნილი.
- არა მარტო სიმღერა, ლექსიც ბევრი მომიძღვნა. ხშირად მეკითხებოდნენ, დაბადების დღეზე რა გაჩუქა ოთარმაო? დილით როცა ვდგებოდი, მაგიდაზე ყოველთვის მხვდებოდა ლექსი, რომელიც მე მეძღვნებოდა. ამაზე დიდი საჩუქარი რა გინდა ადამიანს? ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც არასოდეს ძველდება. 42 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ეს 42 წელი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი საჩუქარი იყო. ოთარი ამბობდა "როს კარგავენ, მის ძვირფასს მერე იგებენ"-ო და მართალიც იყო. ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ინფარქტის მერე შუნტირება გაუკეთეს. საავადმყოფოდან რომ გამოვიყვანეთ, აქ წამოვაწვინე, დივანზე, ჩავურთე რადიო და ზუსტად ამ დროს დაიწყო მისი სიმღერა, შემდეგ ეთერში დარეკა მამაკაცმა და ეუბნება წამყვანს, ოთარი არის ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი, ველოდებით, როდის გაიხსნება მისი სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიაშიო. ოთარმა აქედან უპასუხა, ალბათ მე როცა აღარ ვიქნები... სიკვდილი ახლოს არის ჩემთანო. მე ვეხუმრე, მკვდარზე არ ხსნიან ვარსკვლავს-თქო. არა უშავსო, მიპასუხა... არასოდეს არ ჰქონია ვარსკვლავობისკენ სწრაფვა, პირიქით, იძახდა, რაღად მინდა ზეცაში ყურება, დაიხედავ მიწაზე და ამდენი ვარსკვლავიაო. 76 წლის ასაკში გარდაიცვალა და ორჯერ 76 ფილმი უნდა გადაღებულიყო მასზე.

როგორც მასთან პირველი შეხვედრა არ დამავიწყდება, ისე არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან მისი სიცოცხლის ბოლო ღამე, 5 ოქტომბერი.
დივანზეა წამოწოლილი და მეკითხება: "გუგუ, შენ მე გიყვარვარ?" ეს კითხვა არასოდეს დაუსვამს ჩემთვის, ყური მოვიყრუე. სამჯერ გაიმეორა იგივე შეკითხვა. მე ვუთხარი: - არ გრცხვენია, რა დროს ჩვენი სიყვარულზე ლაპარაკია, დავბერდით და ახლა მოგინდა სიყვარულის ახსნა?
- არა, არა, ეხლა მინდა მითხრა, გიყვარვარ თუ არა?
მე ვუპასუხე: - მიყვარხარ, აბა, რომ არ მყვარებოდი, ამდენი ხანი შენთან რა გაძლებდა-თქო?!
- რა ბედნიერ ვარ, - მომიგო, - ახლა სულ სხვანაიარად მითხარი, რომ გიყვარვარ, მაგრამ იცი რაზე მწყდება გული? ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ შენ ბეჭედი ვერ გიყიდეო.
- არა უშავს თითის ბეჭედი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ისეთი ბეჭედი გვაქვს სიყვარულის, რომელიც არასოდეს არ წაიშლება და არქივში ინახება-მეთქი.
- იცი, გუგუ, ჩემს დაბადების დღეს ვერ მოვესწრები, ისიც ვიცი, პანთეონში დამკრძალავენ...
ახდა მისი ნათქვამი და არა სურვილი, მისი სურვილი იყო, ბებიის და ბაბუის გვერდით დაეკრძალათ გურიაში. ამ საუბრიდან მეორე დღეს, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. გიგი უგულავას ძალისხმევით იგი პანთეონში დაკრძალეს. არ შემიძლია, დავუკარგო ის სიკეთე, რაც ოთარის მიმართ გამოიჩინა, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ასევე მადლობელი ვარ მამუკა ქაცარავასი და პაატა კურტანიძის, იცით, როგორ პატრონობდნენ, როგორ უვლიდნენ? როგორც საკუთარ მშობელ მამას.
რომ დავკრძალეთ, იმ ღამეს დამესიზმრა, შემოვიდა ოთახში, მხარზე ხელი დამადო, დაუჯერებელია, მაგრამ ეს სიმღერა მიმღერა:
"კოცნით ამოგიშრობ მაგ ცრემლიან თვალებს,
ჩაგიხუტებ მკერდში, დაგიმშვიდებ გულს,
პირველ სიყვარულზე უმღერიან მთვარეს,
იმ სიმღერის სწავლა შენთან ერთად მსურს".

მინდა მართლა მოვიდეს, ამომიშროს ცრემლიანი თვალები, ჩამიხუტოს გულში, მაგრამ სად არის?

მერი ბლიაძე

კომენტარები

Kako 2016-05-08 18:32
Saotsrad dadebiti pirovneba iko,ukvarda xalxi da xalxits sikvarulit pasuxobda.ramdeni girseuli adamiani davkarget,gaanatlos upalma.
dali 2016-04-19 22:16
ნათელში იყოს.მიყვარდა სიმღერები მისი შესრულებით.
ნანა რამიშვილი 2016-04-13 13:24
ეეხ...ბიძია ოთარ,სიხარულით ვუხვევდი ხოლმე ტაშკენტის ქუჩაზე და მოუთმენლად ველოდი 10 ნომრის გამოჩენას.მართლაც რომ დიდი გულის იყავი...უბრალო,თავმდაბალი...იუმორის ნამდვილი ოსტატი...გვენატრები...
123 2016-04-12 14:06
არის რამე სიყვარულზე ღირებული? მე მათი შვილის ქორწილში ვიყავი და ეს იყო კონცერტი-შოუ,რაღაც საოცრება:)
ცისმარი 2016-04-12 12:53
ცრემლის გარეშე ვერ წავიკითხე, ოთარი მთელი საქართველოს კუთვნილება იყო, მთელი საქართველო იყო შეყვარებული მასზე როგორც პოეტზე, მომღერალზე, პატრიოტზე, მაწავლებელზე და უბრალოდ დიდი ადამიანზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები