ქართველი ემიგრანტის მიერ ამერიკაში მოწყობილი საოცარი ბაღი, რომელშიც თანამემამულეებს მაპინძლობს

ეკა მარგიანი და მისი მეუღლე კახა ქალიაშვილი 19 წელია ამერიკაში ცხოვრობენ. 17 წელია შექმნეს იქვე ოჯახი, ჰყავთ ორი შვილი და ერთი წლის წინ იყიდეს ნიუ-ჯერსიში პატარა კერძო სახლი პატარა ეზოთი, რომელიც ნამდვილ წალკოტს დაამსგავსეს - საკუთარი ხელით, ენთუზიაზმით და სიყვარულით. მათი სახლი და ეზო მათი მეგობრების საყვარელი თავშეყრის ადგილია.

- ჩვენი სახლი არის ჩვენი ოჯახის პირველი შინ. სახლის ყიდვის მთავარი პირობა მისი მდებარეობა იყო. სახლი უნდა ყოფილიყო კარგ ქალქში კარგი სკოლებით და რაც მთავარია, ჩვენს ქართველებთან ახლოს. ასეც გამოვი
და, უმეტესობა ჩვენი და ჩვენი შვილების მეგობრებისა ჩვენი სახლიდან 10 წუთის გზაზე ცხოვრობს. მხოლოდ ჩვენს ქალაქში 7 ოჯახს აქვს საკუთარი კერა. ჩვენი ქართული და ამერიკული ეკლესიებიც 7 წუთის გზაზეა. აქ ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, რომ ახლო ურთიერთობისთვის მანძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ემიგრანტისთვის კი ურთიერთობა ყველაფერია. მეც და ჩემი მეუღლეც მარტო ჩამოვედით ამერიკაში და 19 წლის განმავლობაში იმხელა სამეგობრო და სანათესაო წრე შევქმენით, რომ ახალმოსახლეობის აღსანიშნავად რამდენიმე წვეულება მოვაწყვეთ. შეუძლებელი იყო, ეზოში ყველა ერთდროულად დაგვეტია. თუმცა მაინც დაგვრჩა ოჯახები, რომლებიც ჯერ ვერ დავპატიჟეთ.

ერთი წელია ჩვენს სახლში ვცხოვრობთ და თანდათანობით უფრო მოგვწონს აქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, გარშემორტყმულია მარადმწვანე ხეებით და ბუჩქებით. მთელი წლის განმავლობაში ყველა ფანჯარაში სიმწვანე ჩანს. სახლს სამი მხრიდან აქვს ყვავილნარი, ხოლო მეოთხე მხარეს - ტერასებიანი პატარა ბოსტანი. როგორც ეტყობა, ყოფილი მფლობელები ეზოს კარგად უვლიდნენ. თუმცა ბოლო 2 წელი აქ არ უცხოვრიათ და ყვავილნარი და ბოსტანი გაველურებული დაგვხვდა.

პირველ თვეებში სახლით ვიყავით დაკავებული და როცა ეზოსთვის მოვიცალეთ, უკვე შემოდგომის ბოლო იყო. ძალიან მიყვარს ფერები სახლში და გარეთ. ამიტომ სახლის წინ ყვავილნარში 200 ძირი ტიტა და ნარცისი ჩავრგე, 80 ცალი ხელოვნური მზესუმზირის ყვავილი კი აივანზე დაკიდულ ქოთნებში ჩავდე. მთელი ზამთარი "მზესუმზირები" სითბოს და მზეს მახსენებდნენ, გაზაფხულზე კი ტიტებმა და ნარცისებმა იფეთქეს. ასე დაიწყო ჩვენი ეზოს გაფერადება და ჩემი მებაღეობაც.

მართალი გითხრათ, მე ეზოს მოვლის დიდი გამოცდილება არ მქონია. რაც სკოლა დავამთავრე, მას შემდეგ კერძო სახლში არ მიცხოვრია და მიწასთან შეხება არ მქონია. ზუგდიდში საკუთარ სახლში გავიზარდე. დედაჩემს ძალიან მოვლილი და მრავალფეროვანი ყვავილნარი ჰქონდა და ასევე ბაღი და ბოსტანიც. ჩემი მეუღლეც კერძო სახლში გაიზარდა თემქაზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ერთს არ გვქონდა გამოცდილება. მოგვიწია ნელ-ნელა ყველაფრის შესწავლა. მეგობრები დაგვეხმარნენ, ზოგი რჩევით, ზოგიც ეზოს იარაღებით. ერთმა მეგობარმა თოხი გვაჩუქა, მეორემ - ბალახის საჭრელი მანქანა, ზოგმა ნერგები მოგვიტანა, ზოგმაც ყვავილების თესლები მოგვცა. ქართველებმა გაგვიაზიარეს ქართული მწვანილების თესლები და პომიდვრის ნერგები, ამერიკელმა მეგობრებმა კი აქაური ყვავილების ნერგები. მერე ამას მოჰყვა ინფორმაციის გაცვლა და მოკითხვები, როგორ ხარობს შენი პომიდორი? იყვავილეს ჩემმა მოცემულმა ყვავილებმა? ერთმა მეგობარმა მიამბო, დაბადების დღეზე მიმეჩქარებოდა და შენს ეზოში იასამანი რომ დავინახე, გამიხარდაო. დავკრიფე და დაბადების დღეზე წავიღეო. რადგან მთავარ გზაზე ვცხოვრობთ, ჩვენს ნაცნობებს ხშირად უწევთ ჩვენი სახლის წინ გავლა. აივანზე როცა ვზივართ, ხან ვინ დაგვიქნევს ხელს და ხან - ვინ. ძალიან სახალისო და სასიამოვნოა ეს ყველაფერი.

პირველი გაზაფხული ჩვენს ეზოში სიურპრიზებით იყო სავსე, რადგან ყველაფერმა ერთდროულად დაიწყო აყვავება. ვეღარ ვარჩევდით, ამოსული მცენარე ყვავილი იქნებოდა, დეკორატიული ბუჩქი თუ სარეველა. ერთგან პიონები ამოვიდნენ, სახლის გვერდითა ღობესთან კი ორნაირი იასმანი აყვავდა. წინა აივანზე ლიანებად წამოვიდა ულამაზესი იისფერი ყვავილი, კლიმატისი. გაიფურჩქნა და გამწვანდა აქაურობა და მეც ახალი იდეები გამიჩნდა. აივნის ხელოვნური ყვავილები ცოცხალი ყვავილებით ჩავანაცვლე და ულამაზესი ქოთნის პეტუნიები დავკიდე. 2 თვეზე მეტი ბიბინებდნენ პეტუნიები და სტუმრებთან გადაღებულ ყველა სურათს ყვავილების ჩარჩოს უქმნიდნენ.
სახლის უკანა ეზოში, ქვაფენილიანი პატიო გვაქვს. აქვე დგას რკინის მრგვალი საცეცხლური კოცონისთვის. ეზოს ღობეს მთლიანად ფარავს მარადმწვანე ბუჩქი, რომლის სურნელოვანი ყავავილები მთელი ზაფხული არომატს აფრქვევს და ფუტკრებს და ჩიტებს იზიდავს. ძალიან სასიამოვნოა ჩვენს ეზოში ჯდომა, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებთ. კვირის დღეებში ყველა ვმუშაობთ, ხოლო გამოსასვლელ დღეებში საოჯახო საქმეებით ვართ დაკავებული. ამიტომ როგორც კი დრო გამოგვიჩნდება, მეგობრები ვცდილობთ, რომ ცოტა ხნით მაინც შევიკრიბოთ ან ნამცხვარზე ან თუნდაც ღომზე (ქართული ყველით) ვისიამოვნოთ ერთმანეთთან შეხვედრით.

მებაღეობა ჩემი ახალი გატაცებაა. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო ყოფილა ყვავილების მოვლა და მათზე დაკვირვება. მაგალითად გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ორი ერთნაირი დაკიდული ქოთნის ყვავილი ადგილმდებარეობის გამო განსხვავებული რაოდენობის წყალს მოითხოვდა. ასევე შევამჩნიე, რომ ზოგი ყვავილი სხვა ყვავილის ჩრდილში ნელა იზრდებოდა და ამიტომ სხვაგან გადავრგე. ბოსტანი მოსალოდნელი წვიმის გამო ერთი კვირა არ მოვრწყე და პომიდვრები და კიტრები გაყვითლდნენ. როგორც კი დროული მორწყვა განვაახლე, გამწვანდა და აბიბინდა ბოსტანი. მას შემდგე, ყოველ დილით, 8 საათზე, სამსახურში წასვლამდე, ყვავილებსაც და ბოსტანსაც მონდომებით ვრწყავ. გაიხარეს მცენარეებმა და მეც გავიხარე მათი ცქერით.
მომწონს მებაღეობა. ზოგიერთები მეხუმრებიან, მიწასთან მუშაობა ასაკის მოახლოებამ იცისო, მაგრამ რაა ცუდი ამაში, საპენსიოდ უკვე ცოდნის დიდი მარაგი მექნება და მომავალში კარგ ბაღს გავაკეთებ.


ლელა ზურებიანი


კომენტარები

ემიგრანტი 2017-09-07 13:47
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ საქართველოში რატომ ამის მიახლოებით რაიმე ბაღს არ აშენებენ--ყველაფერი რომ წყალს მიაქვს და არც მიწაა სხვაზე უარესი----ეს შეძლება სხვა თემაა მაგრამ გუშინ სოც ქსელებში გამოქვეყნდა როგორი ლიფტების კარებებია თბილისში--ასეთი სიმახინჟე ალბად არსადაა მსოფლიოში ნეტავ სად არიან დასუფთავების ინსპექტორები---იქვე ხომ ტელეფონის ნომრებიცაა და დასაჯონ
მანანა ნაყოფია-შელი 2017-09-07 00:29
ძალიან ვისიამოვნე ეკას გემოვნებით. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო ზუგდიდელო საყვარელი ოჯახით. კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი საქართველოსი რომ გქონოდა და გესიამოვნა. მაგრამ რომელი მთავრობა ზრუნავს მოქალაქეზე სამწუხაროდ. გაიხარეთთტ
neli 2017-09-06 15:20
dzalian magari gogo xar dzalian momewona tqveni saxli a ezo saucxooa vgijdebi ezoze da yvavilebze gaixaret tqven,
ნონა ხონელი 2017-09-04 22:01
ეკა, ძალიან მესიამოვნა ეს სტატია. წარმატებები ყველა სფერკში და მებაღეობაში გამსაკუთრებით! :*
მარინა 2017-09-04 17:31
საოცრება/// ყოჩაღ...!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები