"როცა ვახარებ ფერად ყვავილებს, ეს ჩემი ლოცვაა" - ნათია ფანჯიკიძის ყვავილებით სავსე აივანი, რომლებსაც თავად უვლის და ამრავლებს

"შინს“ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ულამაზეს აივანზე უმასპინძლა და მისი ყვავილებით გატაცების შესახებ გვესაუბრა. სახლში ისეთივე თბილი, სასიამოვნო და ლამაზი გარემოა შექმნილი, როგორიც მისი დიასახლისია. აივანი, ფანჯრის რაფები, ოთახები ათასფერად მოღიმარი და თვალწარმტაცი ყვავილებითაა დაფარული. ქალბატონი ნათია თითოეულ მცენარეს თუ ყვავილს მისი ცხოვრების ნაწილად აღიქვამს და აღნიშნავს, რომ ეს ფერადოვანი გარემო სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს.

- ბავშვობიდან ბაბუას გავლენა იყო ბუნებასთან ჰარმონიის განცდა. ბაბუა, ვანო ფანჯიკიძე იყო თბილისში ცნობილი პედაგოგი, რომელიც 60 წლიდან გავიდა პენსიაში და მთლიანად ჩაეფლო თავის საყვარელ სამყაროში

- მგალობელი ფრინველების მოვლა, გამრავლება, აკვარიუმები, ძაღლი, მცენარეების დამყნობა, დარგვა... წიგნიც კი აქვს დაწერილი მგალობელი ფრინველების მოვლის წესებზე. მას ესმოდა ყველა სულდგმულის ენა. ის იყო ზღაპრის გმირივით საოცარი ბაბუა, რომელმაც ყველაზე მეტი როლი შეასრულა ჩემი სულის ფორმირებაში. ახლა გავიაზრე, რომ უნებლიედ მისი ზოგიერთი ქცევის კოპირებასაც ვახდენ; მეც მასავით 60 წლის ვაპირებ გავიდე პენსიაში, თუმცა მისგან განსხვავებით, მინდა გადავსახლდე რაჭაში. ბაბუა დიდი ხნის გარდაცვლილია, მაგრამ მისი დარგული ხეივნის ვარდი დღესაც ცოცხლობს რაჭაში. ერთი ამონაყარი წელს წამოვიღე. აივანზე მინდა ქოთანში გავახარო.

მეორე მხრივ, განცდა მაქვს, რომ ყვავილები, მცენარეები და პატარა ჩიტები სამოთხის ბაღის ნარჩენებია დედამიწაზე, ალბათ იქიდან გამოვიყოლეთ სამახსოვროდ და სულ მგონია, რომ მცენარეები ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასტურია ღვთის არსებობის. როცა ვახარებ ფერად ყვავილებს, ეს ჩემი ლოცვაა, ღვთის სადიდებელი.
ყვავილები ჩემს ყველაზე საუკეთესო ფიქრებს ჰგვანან და მათსავით სურნელოვანი არიან. მათ აღვიქვამ, როგორც ჩემთან მთლიანებს. სილამაზე ცხადია, ანტიდეპრესანტია. ფერებს კი თავისი ენერგია აქვს, რომელიც ადამიანის არაცნობიერში ტვირთავს განწყობას, ასტიმულირებს ფსიქიკას. ამ ფერადოვნებას მოაქვს სიხარულის, ყველაზე ფაქიზი გრძნობების დაცულობის გრძნობა.

- ბევრი მოყვარული მეყვავილე ამბობს, რომ მცენარეებს ადამიანის ესმით. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ეს უბრალოდ, მარტივად ასეა: ყვავილი ხომ ცოცხალია? ის სუნთქავს, ის გხედავს და გისმენს. ყვავილებს უყვართ კარგი მუსიკის მოსმენა, ამიტომ ხშირად მათ ბრაზილიური ბოსანოვას ფონზე ვრწყავ ხოლმე. ბოსანოვასი იმიტომ, რომ კომფორტული, საცეკვაო მუსიკაა, არც გადაჭარბებული გრძნობა და არც აგრესიული ნოტებია ამ მუსიკაში. მეც ცეკვა-ცეკვით დავატარებ ექვსლიტრიან სარწყავს წინ და უკან.

- როდის დაიწყეთ ყვავილების გახარება?
- პირველი ყვავილი ბავშვობაში მქონდა. მომთაბარე ცხოვრების გამო სხვადასხვა ადგილას მიწევდა მცენარეების დატოვება. ნიუ-იორკიდან ჩამოვსახლდი 2010 წელს, ამდენად, ჩემი ამჟამინდელი სახლის ბაღი დაიბადა ამავე წელიწადს.

- სახლის თითქმის ყველა ნაწილში ყვავილები გაქვთ...
- კი, ყველგან. აივანზე, ფანჯრის რაფებზე, ოთახში, სამზარეულოში. აბაზანის გარდა, ცხადია. თუმცა, ცოტა დიდი და ფანჯრიანი აბაზანა რომ მქონდეს, ან ულტრაიისფერნათურიანი, იქაც შეიძლებოდა ორქიდეები მყოლოდა.

- რომელია თქვენი ფავორიტი ყვავილი?
- ასეთი ლაპარაკი როგორ შეიძლება მეგობრებზე? ყველას თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს.

- თქვენ თვითონაც ახარებთ თუ უკვე გახარებულ მცენარეებს ყიდულობთ?
- ხან ვთესავ, ხან ფოთლიდან ვამრავლებ, ხან ვახარებ, ხან ვყიდულობ, ხანაც მჩუქნიან. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ "კამარაში“ პაციენტებმა არაჩვეულებრივი სიურპრიზი დამახვედრეს. კედელზე დახატეს ჩემი პორტრეტი სუროს თმებით (იღიმის). ეს იყო ფანტასტიური საჩუქარი.



- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე როგორ ახერხებთ მცენარეების მოვლას?
- ისევე, როგორც თავის მოვლას. როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოთ, შხაპს ხომ მაინც გადაივლებთ?! ასევეა რეჟიმში ჩასმული. თანაც ეს სილამაზე ბედნიერს მხდის, ბედნიერი დროის შთანთქმა და მოჭრა კი არანაირი რეჟიმის გამო არ შეიძლება.

- მიწასთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
- კი, ურთიერთობა როგორ არ მქონია, ჯუჯა პამიდორს და მწვანილს ქოთნებშიც კი ვრგავ. თუმცა მიწა იმ გაგებით, თქვენ რასაც მეკითხებით, არა მაქვს, გარდა რაჭის ეზოსი. იქ კი ისეთ დროს ჩავდივარ და იქიდან ისეთ დროს ვბრუნდები, ხვნა-თესვის სეზონი არასდროს ემთხვევა.

- ვიზუალური და ესთეტიური სილამაზის გარდა, როგორ ფიქრობთ რა დადებითი თვისებები გააჩნიათ ყვავილებს, მცენარეებს?
- სხვადასხვა ხასიათი აქვთ. ზოგი ავია, უხასიათო, შხამიანი, ზოგი - სამკურნალო, მოსიყვარულე. ზოგს სიწყნარე უყვარს, ზოგს კი - სამზარეულოში ყოფნა, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. ზოგი ყოველდღე გთხოვს ყურაღებას და იშვიათად გასაჩუქრებს, ზოგმა დაუმადლებლად იცის სილამაზის ჩუქება, მაგალითად, ოთახის იები, პრაქტიკულად არასდროს ისვენებენ, წელიწადში მინიმუმ ცხრა თვე ყვავიან.


ტყეებზე და მათ მნიშვნელობაზე არ ვისაუბრებ. ქალაქებზე ვთქვათ, - გარდა იმისა, რომ ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს ფილტვები, მასიური ტყეპარკების სახით, ვფიქრობ, საქართველოს ქალაქები იტალიის ქალაქებივით რომანტიკულად უნდა იყოს მოწყობილი. იტალიის ქალაქებში, სადაც კი ერთი გოჯი ადგილია, ყველგან ხე არის დარგული და ყველგან ყვავილია შეკვეხებული და ეს განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. სიმღერის, სიყვარულის, სიცოცხლის იმპულსს გჩუქნის. ჩვენ ძალიან გვჭირდება სილამაზესთან, სიფაქიზესთან, ფერადოვნებასთან ურთიერთობა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

tamazi 2016-10-14 09:53
aset garemoshi yvelafris gaketeba sheidzleba
nato 2016-10-08 21:11
zalian momewona es gogo mec zalian mikvars kvavilebi da minda kvelam sheikvaros
ბელა 2016-09-29 19:35
ძალიან მომწონს ეს ადამიანი!
marika 2016-09-27 09:47
Me tkven miyvarxart,tkven, tavad xart yvavili lamazi sulit,savse pozitivit
xatuna 2016-09-26 16:21
lamazia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები