ჟურნალისტი, რომელმაც ტრიალ მინდორზე ზამბახების წალკოტი მოაწყო - "თუ ერთხელ მაინც დაავადდი ზამბახებით, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ახალ ჯიშებზე ოცნება არ მოგასვენებს!"

როცა პირველად ჩავიდა ნატახტარში და მეუღლის შენაძენი ტრიალი მინდორი ნახა, იმედგაცრუება დაეუფლა - რთული იყო წარმოდგენა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ ხრიოკ, მაყვლისა და ასკილის ჯაგებით შემოფარგლულ მიწაზე... ჯერ ხეხილის ბაღის გაშენება დაიწყეს, შემდეგ ვარდებმა და სხვა დეკორატიულმა მცენარეებმაც შეაბიჯეს ბაღში, მერე კი მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა ზამბახების სახით და შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი და ბაღის დიზაინერი თამარ ხონელიძე დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ირიდარიუმის მფლობელია.

- გაგვაცანით ზამბახები, მათი წარმოშობის ისტორია...
- სამებაღეო კულტურაში არც ისე ბევრი მცენარეა, რომლის ყვავილობა
მნახველთა ისეთ მძაფრ ემოციებს იწვევს, როგორც ზამბახის. დიახ, ვისაც ცისარტყელას ფერებად აფეთქებული ზამბახების ველი უნახავს გაზაფხულის მიწურულს და მათი საოცარი სურნელით დამტკბარა, ძნელად დაავიწყდება ეს სანახაობა. ცისარტყელა ტყუილად არ მიხსენებია - Iris გახლავთ მცენარის ლათინური დასახელება და თვით ჰიპოკრატემ მონათლა იგი ქალღმერთ ირიდას პატივსაცემად. ხშირად მსმენია მებაღეობისაგან შორს მდგომი ადამიანების გაკვირვება - რა ნახე საინტერესო ამ ზამბახებში, ერთი ჩვეულებრივი სასაფლაოს ყვავილიაო... რა თქმა უნდა, ბევრი არგუმენტი მაქვს საპასუხოდ, რატომ არის ზამბახი არაჩვეულებრივი ყვავილი, თუმცა იმაში, რომ სასაფლაოებზე რგავდნენ, სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. საქმე ისაა, რომ ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალღმერთ ირიდას მისია, ცისარტყელას საშუალებით მოკვდავთა სულების სასუფეველში გაცილება იყო და ბერძნები სასაფლაოზე ქალღმერთის პატივსაცემად ხშირად რგავდნენ ზამბახებს. თეთრი ზამბახებით გლოვის ნიშნად ასევე რთავდნენ საფლავებს არაბეთშიც...

ზამბახების ყველაზე ადრეული გამოსახულება კუნძულ კრეტაზე ერთ-ერთ ფრესკაზეა აღმოჩენილი, რომელიც 4000 წელს ითვლის. ზამბახი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ყვავილად ითვლება იაპონიასა და ჩინეთში, ევროპასა ამერიკაში კი არაერთი ქალაქის გერბს ამშვენებს ზამბახების გრაფიკული გამოსახულება. მეტიც - შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს, რომ იტალიის უმშვენიერესი ქალაქის ფლორენციის სახელი სწორედ ზამბახების იმ აყვავებული ველის დამსახურებაა, რომელიც ქალაქს ირგვლივ აკრავს. მე-12 საუკუნიდან კი ფლორენციის გერბზე წითელი ზამბახის გამოსახულება გაჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ბუნებაში თითქმის ყველა ფერის ზამბახი არსებობს, გარდა წითლისა, რადგან მცენარეს ამ ფერის პიგმენტი არ აქვს. თანამედროვე ფლორენციელები ღირსეულად განაგრძობენ წინაპართა ტრადიციებს - ეს გახლავთ ერთადერთი ქალაქი ევროპაში, სადაც მხოლოდ ზამბახების ბოტანიკური ბაღია გახსნილი და უკვე 70 წელია ტარდება კონკურსი ზამბახების სელექციონერთა შორის საუკეთესო ჯიშის ზამბახის გამოსავლენად. მათ შორის ყველაზე მთავარი ნომინაცია გახლავთ პრიზი წითელი ზამბახისათვის, რომლის ფერი ყველაზე ახლოს იქნება ფლორენციის გერბზე გამოსახულ ყვავილთან...


როგორ მოხვდა ეს ულამაზესი ველური ყვავილი კულტურაში და შემდგომ კი სელექციონერთა უშრეტი ინტერესის წყაროდ იქცა? - პირველ რიგში „სააფთიაქო“ ბაღების მეშვეობით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ დღევანდელი ბაღებისა და პარკების წინაპარი მონასტრებთან და სასახლეებთან არსებული „სააფთიაქო“ ბაღები იყო, სადაც სხვადასხვა სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. ზამბახის ფესვურებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იყენებდნენ თურმე გულის დაავადებების სამკურნალოდ და ხველების საწინააღმდეგოდ გაცივებისას, ამიტომ იგი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლდათ მკურნალთა მიერ შექმნილ ბალახეულ ნაყენებში. მოგვიანებით, ზამბახის ფესვურების ნაყენის გამოყენება სუნამოების დამზადებისას დაიწყეს და მას დღემდე იყენებენ მსოფლიოს წამყვანი პარფიუმერული კომპანიები.

ბუნებაში გავრცელებულია Iridaceae-თა ოჯახის 200-მდე სახეობა. მათგან 11 საქართველოში გვხვდება და თითოეული მათგანის აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკოსები დღემდე ვერ შეთანხმებულან ამ მცენარის კლასიფიკაციაზე, ყველაზე გავრცელებული მაინც ე.წ. წვერიანი ზამბახებია, რომლის ჯიშებისა და ჰიბრიდების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.


- როდის და როგორ დაინტერესდით ზამბახით და როგორ დაიწყეთ კოლექციის შეგროვება?
- ჩემს აგარაკზე ნატახტარში პირველი ზამბახები 10 წლის წინ გამოჩნდნენ. მაშინ საპატრიარქოსთან არსებულ სასწავლებელში ვეუფლებოდი ბაღის დიზაინერის პროფესიას და სამების ტაძრის ეზოში ვნახე ჩვეული ლურჯი ზამბახებისაგან განსხვავებული ფერის ისტორიული ზამბახები. სწორედ იქ მისახსოვრეს ჩემმა მეგობარმა მებაღეებმა ფერადი ზამბახების პირველი 12 მარაო. შემდეგ, როგორც ჟურნალისტმა, გავიცანი თბილისელი კოლექციონერი ქალბატონი ვერა ადელბერგი, რომელსაც საოცარი ზამბახების კოლექცია ჰქონდა გაშენებული თბილისში - მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე. პირველი სელექციური ხუჭუჭა ზამბახები სწორედ ქალბატონი ვერასგან მივიღე საჩუქრად და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ზამბახების სელექციონერთა საოცარი სამყარო.

- წლების განმავლობაში როგორ აგროვებდით ამ კოლექციას?
- მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია ზამბახების სელექციით დაკავებული. თითოეული ახალი ჯიშის გამოყვანა საკმაოდ დიდ შრომას და რაც მთავარია, დროს მოითხოვს - სულ მცირე 5-10 წელი სჭირდება, რომ ახალი ჯიში შედგეს. შესაბამისად ახალი ჯიშის ზამბახის შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ფასები თითოეულ მარაოზე შეიძლება 100 დოლარიდანაც იწყებოდეს და შემდეგ წლებთან ერთად იკლებს. მე მეგობრები მეხმარებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შეძენასა და ჩამოტანაში. ზამბახების პირველი დიდი პარტია - ერთდროულად 22 ცალი, მეუღლის მეგობარმა ჩამომიტანა საჩუქრად კრასნოდარიდან. შემდეგ იყო გამოწერები უკრაინიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან... პირადად ჩამომქონდა ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან, ყირგიზეთიდანაც კი. ვიძენდი ან ვუცვლიდი სხვა ჯიშებში ადგილობრივ კოლექციონერებს. ეს პროცესი დღემდე შეუჩერებლად მიმდინარეობს. ერთ ჩემს მეგობარს დავესესხები - თუ ერთხელ მაინც დაავადდი ზამბახებით, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ახალ ჯიშებზე ოცნება არ მოგასვენებს!


- დღეს რამდენი სახეობის ზამბახი ბინადრობს თქვენს ბაღში და რომელიმეს თუ გამოარჩევდით?
- სიმართლე გითხრათ, ამჟამად რამდენი ჯიშის ზამბახი მაქვს, არ ვიცი - ასს რომ გადავცდი ორი წლის წინ, ეგ ვიცი, მერე არ დამითვლია. იმდენად აზარტულია ეს საქმიანობა და იმხელა მუხტს იღებ ყოველი ახალი ფერის გაშლისას გაზაფხულზე, რომ პირადად ჩემთვის შეჩერება შეუძლებელია... ყოველ წელს ვყიდულობ ახალ ჯიშებს, შარშან 40-მდე ახალი ფერის ზამბახი შევმატე ჩემს კოლექციას, წელს ჯერჯერობით - მხოლოდ ექვსი და პაუზა ავიღე, რადგან შარშანდელი შეძენილებიდან ნახევარი ჯერაც არ გაშლილა და მათი ხილვის სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მაქვს! რაც შეეხება გამორჩეულს მათ შორის - რთულია ძალიან, ყოველი მათგანი განუმეორებელია და ყოველთვის მანცვიფრებს ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი საოცარი ფერთა გამით.

- პრეტენზიული ყვავილია ზამბახი? როგორი პირობები და მოვლა ესაჭიროება?
- ვერ ვიტყოდი, რომ პრეტენზიული ყვავილია, არის მოვლის თავისებურებები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ჯიში არ დაკარგო... მე ვარდების საკმაოდ კარგი კოლექციაც მაქვს და მათ იმდენად დიდი შრომა სჭირდებათ, რომ ვიტყოდი - ვარდებთან შედარებით ზამბახი მოვლაში ნამდვილად უპრეტენზიოა.
წვერიანი ზამბახები ზედმეტ წყალს ვერ იტანენ, ამიტომ გრუნტი კარგად დრენირებადი უნდა იყოს. გარდა ამისა, ხშირად ავადობენ სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით გაზაფხულის წვიმების დროს და ფუნგიციდით დამუშავება სჭირდებათ. აუცილებელია ასევე კვებაც - გაზაფხულზე, საყვავილე ღეროების გამოსვლამდე და ივნის-ივლისში დაყვავილების შემდგომ. ვკვებავ მხოლოდ მინერალური საკვები ნივთიერებებით. ორგანიკა არ მიცდია, რადგან შესაბამის ლიტერატურაში მითითებულია, რომ ორგანულ კვებაზე და განსაკუთრებით ნაკელზე ცუდად რეაგირებენ. დაყვავილების შემდგომ აუცილებლად ვაცლი საყვავილე ღეროებს, რომ სათესლე პარკებმა ძირხვენებს გამრავლების ძალა არ წაართვას და შემოდგომაზე ფოთლებს მარაოსებურად ვამოკლებ მცენარის 1/3-მდე.


- რა პერიოდში და რამდენი ხნით ყვავილობს?
- ჩემს ბაღში ზამბახები ყვავილობას 1-ელ მაისს იწყებენ და დაახლოებით ერთი თვე გრძელდება ეს საოცარი სანახაობა. როგორც არ უნდა აღგიწეროთ, რა ხდება ამ დროს ბაღში, ვერ მიხვდებით, სანამ თავად არ შეიგრძნობთ ამ ფერთა და სურნელთა გამაოგნებელ ერთობლიობას...

- გამრავლება როგორ ხდება?
- ზამბახების ბუჩქი რამდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა დაიყოს. ეს დამოკიდებულია თითოეული მათგანის ჯიშზე. ისტორიული ზამბახები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, სელექციურ ჯიშებს უფრო უჭირთ ახალი მარაოების გამრავლება. მე პირადად ოთხ წელიწადში ერთხელ ვატარებ ამ სამუშაოებს და შესაბამისად ჩემი ზამბახების ველიც იზრდება. ზამბახი რომ არ გაიყოს, დროთა განმავლობაში მწვანე მასის დაგროვებას დაიწყებს და ყვავილობას შეწყვეტს. ასე, რომ ეს აუცილებელი პროცესია.


- კიდევ აპირებთ ახალი სახეობები შემატოთ ბაღს?
- ამჟამად საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ, ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ბაღები მაინტერესებს. ოდესმე, როცა პენსიაზე გავალ და მომბეზრდება „წანწალი“, ვაპირებ საკუთარი ზამბახების სელექციით დავკავდე - მგონია, რომ ეს ბევრად უფრო საინტერესო საქმიანობა იქნება, ვიდრე სხვის მიერ შექმნილი ჯიშებით ტკბობა! გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ფაქტობრივად ზამბახების სამშობლოა. ხშირად მიფიქრია - რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში მრავალფეროვანი ირიდარიუმი, რით ვართ ნაკლები ფლორენციაზე?! ჰოდა, ეს კიდევ ერთი კარგი მიზეზია იმისათვის, რომ არ შევჩერდე!

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები