"ჩემი დილა ვარდების მოფერებით და მოვლით იწყება..." - გამორჩეული ვარდების ბაღი მანგლისიდან

მანგლისში მაკო მორჩილაძის მიერ 800 კვადრატულ მეტრ მიწაზე გაშენებული ვარდების ბაღი ნამდვილად გამორჩეულია. ბაღის გაშენებაში დიდი შრომა და ძალისხმევა აქვს ჩადებული, რომელსაც უშედეგოდ არ ჩაუვლია. ბაღი მნახველს ყოველთვის აღაფრთოვანებს.


- 20 წლის წინ ავაშენე აქ სახლი და გადავწყვიტე, ვარდები მომეშენებინა. მაშინ არ იყო სანერგე, სადაც შევიძენდი სასურველ ვარდებს. ვიცოდი, რომ დეზერტირების ბაზარში იყიდებოდა ყვავილები და სწორედ იქ შევიძინე დაახლოებით 10 ვარდი, თუმცა სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ის ჯიშები, რომელიც ვიყიდე, ყველა ერთი ჯიში გამოდგა. მაშინ ამ ვარდის სახელიც არ ვიცოდი. მოგვიანებით გავიგე,
რომ ელიზაბეტ ქვინი ერქვა, მაგრამ 10 ძირი ერთნაირი ვარდი ნამდვილად არ მინდოდა და ცოტა გული დამწყდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ინტენსიურად დავიწყე ვარდების შეძენა და მათი მოვლის შესწავლა, ამჟამად თავად ვამრავლებ სასურველ ვარდებს. როცა გიყვარს ყვავილები, ეს სიყვარული გიადვილებს მათ მოვლას.


- როგორ ახერხებთ, რომ ბაღს ასეთი ელფერი შეუნარჩუნოთ? დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ მის მოვლას?
- ტოროლა ვარ. ჩემი დილა იწყება ექვსი საათიდან და პირველი, რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ ვარდებთან გავდივარ ეზოში, ვეფერები, ვათვალიერებ, ვის რა უჭირს და ვეხმარები. შემდეგ ისინიც მაბედნიერებენ თავიანთი უხვი ყვავილობით.


- რას აკეთებთ იმისთვის, რომ ასე უხვად ყვავილობენ?
- ზოგადად, მცენარეს სჭირდება კვება უხვად რომ იყვავილოს, ასევე - წამლობა, დაავადებებს რომ ებრძოლოს. ამ დაავადებებს ძირითადად უხვი ნალექი იწვევს. არის ვარდის ზოგიერთი ჯიში, რომელიც მუდამ ავადობს და ხშირად ვერ ვხვდები, როგორ დავეხმარო.


- სხვა რომელი სახეობის ყვავილები ბინადრობენ თქვენს ეზოში?
- ჩემთან ბინადრობენ ზამბახები, პიონები, კლემატისები და მაინც უპირატესობას ვარდებს ვანიჭებ. მაგალითად, პიონებმა გაბუტვა იციან და სულ მათ ფერებაში ვარ.

- ყველაზე მეტად ვის უყვარს თქვენს ბაღში სტუმრობა?
- ჩემს ბაღში სტუმრობა ყველას უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ჩემ შვილებს და შვილიშვილებს. შვილიშვილები პატარები მყავს და უკვე ვასწავლი ყვავილების მოვლას და სიყვარულს.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები