როგორ ცხოვრობს თანამედროვე ჰობიტი მიწის ქვეშ მოწყობილ სამყაროში


ერთი შეხედვით ეს უბრალოდ დაბალი კარია, რომელსაც სადღაც მიწის ქვეშ მივყავართ. არადა, შიგნით ყველაფერია საიმისოდ, რაც კომფორტულ, თუმცა მოკრძალებულ საცხოვრებელს შეეფერება.

გაიცანით, ეს დენ პრაისი გახლავთ - მუსიკოსი, ფოტოჟურნალისტი და ჭეშმარიტი დაუნშიფტერი. ასეთი მინიმალისტები სანთლით საძებარია, ამ ადამიანმა უარი თქვა ქალაქურ ცხოვრებაზე, იყიდა 2 ჰექტარი (ცოტა მეტი) მიწა და დაიწყო სახლის მშენებლობა.

თავდაპირველად იყო კარავი, შემდეგ მოწნული ქოხი, შემდეგ უბრალოდ ფარდული და ბოლოს დაიწყო მთელი მიწისქვეშა ქსელის მოწყობა. საბოლოოდ მას აქვს მრავალოთახიანი მიწისქვეშა სახლი თავისი საძინებლით, სტუდიით, საშხაპეთი და საუნითაც
კი.

დენ პრაისი საკუთარ თავს ნეოჰობიტს უწოდებს. იგი არ მალავს, რომ მსგავსი საცხოვრებელი სახლის ინსპირაცია "ბეჭდების მბრძანებელი" იყო. ოთახები ბნელი არ არის, სინათლე აქ ფანჯრებიდან შემოდის, ფანჯრები კი მიწურის ჭერზეა გაკეთებული. სხვათა შორის, თანამედროვე ჰობიტს ელექტროენერგიაზე უარი არ უთქვამს. მას აქვს ქსეროქსი, ავტომოპასუხე ტელეფონი, იგი სარგებლობს სოციალური ქსელებით და შესაბამისად, ინტერნეტით.

ოთახებს შორის გადაადგილება პატარა, ილუმინატორის მსგავსი კარებით არის შესაძლებელი. ავეჯი მაქსიმალურად მარტივია, აქ არც კარადებია და არც კომოდები, ტანსაცმელი უბრალოდ საკიდებზე კიდია. სახლის პატრონი ამბობს, რომ ოთახში მჯდომარეს შეუძლია მისწვდეს მისთვის საჭირო ყველა ნივთს.


სხვათა შორის, სახლი საკმაოდ მყუდროა, აქ არის ხალიჩები, სურათები კედლებზე, თბილი, ფერადი კედლები.
რაც შეეხება საცხოვრებელ ხარჯებს, დენს თვეში დაახლოებით 100 აშშ დოლარი სჭირდება. შემოსავალს იღებს საკუთარი ჟურნალის გამოშვებით, ჟურნალი მინიმალისტურ ცხოვრებას ეხება.

ჟურნალი გამომწერებს 5 დოლარი უჯდებათ. ასეთი მხოლოდ ასობით არის, თუმცა დენის მიზანი პოპულარობა არ გახლავთ. ჟურნალს იგი 1992 წლიდან უშვებს. დამატებით შემოსავალს გაზონების კრეჭითაც იღებს.

თავისუფალ დროს სეირნობს, ხატავს, მოგზაურობს ფეხით ან ველოსიპედით.

"ადამიანები ძალიან ბევრს მუშაობენ მინიმალური ანაზღაურებს გამო, ისინი მონებივით არიან, არადა, ადამიანს მხოლოდ მიწის პატარა ადგილი სჭირდება და კიდევ წყალი, საიმისოდ, რომ იცხოვროს. მე ფულის გამო ძალიან ცოტას ვმუშაობ და არა მარტო ვარსებობ, არამედ ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს", - ამბობს დენი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები