უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის - ყველაზე ცხელი წერტილები სახლში, საიდანაც უნდა დავიწყოთ

ჯერ კიდევ სახლის რემონტის დაგეგმვის დროს უნდა გავითვალისწინოთ იმ ბავშვის ან ბავშვების უსაფრთხოება, რომლებსაც რემონტის შემდეგ მოუწევთ ამ სახლში ცხოვრება. საცხოვრებელი გარემო ბავშვისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს იმ პერიოდიდან, როდესაც ბავშვი 6 თვის გახდება. უმჯობესია მშობელი ამისთვის წინასწარ მოემზადოს და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.
როდესაც თქვენი შვილი გახდება 6 თვის, დაწექით იატაკზე და სცადეთ თქვენ გარშემო ნივთები ქვემოდან, ანუ მისი თვალით, მისი პოზიციიდან დაინახოთ. გააანალიზეთ, რომელმა კუთხემ ან ზონამ შეიძლება შეუქმნას მას ხიფათი. ძალიან ბევრი ისეთი ნივთია, რომელსაც უფროსები ვერც კი ამჩნევენ,
თუმცა ბავშვისთვის ის შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ამიტომ ეცადეთ ინტერიერის დიზაინის დროს ეს დეტალები აუცილებლად გაითვალისწინოთ.


დავიწყოთ ფანჯრებით -პირველი და ყველაზე თვალსაჩინო საფრთხე, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს არის ფანჯარა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი სახლში. იმისათვის, რომ ფანჯარა თქვენი შვილისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს აუცილებლად დაუყენეთ მას სპეციალური საბავშვო ჩამკეტები. ასეთი ჩამკეტი უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვი მის გაღებას ვერ მახერხებს, ფანჯარა მხოლოდ განიავების რეჟიმზე იქნება ღია.

არის კიდევ ერთი ვარიანტი - სახელურის ჩამკეტი. თუ აივანი გაქვთ, მაშინ აივანზეც იზრუნეთ და სპეციალური გისოსები დააყენეთ. ბევრი მათ ფანჯრებზეც აყენებს.

შემდეგ ცხელ წერტილად განიხილება სამზარეულო, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი მნიშვნელობითაც - აქ არის გაზქურა, ბასრი ნივთები, ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორებია.

ბავშვების განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, ქურა იპყრობს ხოლმე. გაზქურის შეძენის დროს დარწმუნდით, რომ მოდელს ექნება დამცავი ფუნქცია ბავშვებისთვის (როგორც წესი, ეს არის ხოლმე რამდენიმე ღილაკის კომბინაცია). თუ გაზქურა დაბლოკილია, რამდენიც არ უნდა ატრიალოს ბავშვმა, მას მაინც ვერ ჩართავს.


სახელურიანი ჩამრთველებისთვის კი არსებობს სპეციალური ხუფები, რომელთა წამოცმის შემთხვევაშიც სახელურის გადატრიალება შეუძლებელია.



იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ აკეთებთ სადილს და არ გინდათ, რომ ბავშვი მისწვდეს ქურის ზედაპირს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედაპირისგან დამცავი, რომელიც ეკვრის ზედაპირს და ქმნის სპეციალურ ბარიერს.
მთლიანად სამზარეულოსგან კი ბავშვს ე.წ. გისოსი დაიცავს და ეს ძალიან კარგი და პრაქტიკული საშუალებაა.


მსგავს გისოსის გამოყენება რეკომენდებული ასევე კიბის ზონისთვის.


ასევე ფრთხილად უნდა იყოთ სახლში შესანახ სისტემებთან, უჯრებთან, რომელთა გამოღების და გაღების ინტერესი პატარებს ყოველთვის აქვთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ უჯრების და კარადების ჩამკეტები.



განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს პატარებისთვის სახლში საყოფაცხოვრებო ქიმია. მათი შესანახი სისტემა, ისევე როგორც წამლები, ან ზოგადად აფთიაქი, ყველზე მაღლა უნდა იყოს განთავსებული, სადაც ბავშვი მიწვდენას ვერაფრით მოახერხებს.



იმისათვის, რომ ბავშვმა თავი არ ჩამოარტყას ავეჯის კუთხეს, ძალიან კარგად გამოიყენება სილიკონის კუთხეები ან ლენტები.
სანამ სახლში პატარა გყავთ ეცადეთ თავი შეიკავოთ შუშის ნივთებისგან. ასე ბევრად დაცული იქნებით.

და ბოლოს, ჩამრთველის დამცავები, რომელიც მართლაც შესანიშნავი გამოგონებაა თანამედროვე სამყაროში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები