იუდას ხე - ხე, რომელზეც იუდამ თავი ჩამოიხრჩო, გაზაფხულზე წითლად ყვავის

ალბათ ბევრს დაგინახავთ ეს ხე - მუქ ვარდისფრად აყვავებული გაზაფხულობით. მისი მითიური სახელიც გაგიგონიათ - იუდას ხე. სინამდვილეში ეს არღავანია, იუდას ხე (Cercis siliquastrum) — ფოთოლმცვივანი ხე ან ბუჩქი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე გამოაქვს მოვარდისფრო ყვავილი. 10-12 სმ სიგრძის პარკი სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.

საქართველოში ხარობს მთის ქვედა სარტყელში - აფხაზეთში, აჭარასა და ქართლ-კახეთში. იტანს ჰაერის სიმშრალეს, სითბომომთხოვნია, ნელა

იზრდება, ეფექტიანი დეკორატიული მცენარეა, მეტადრე ყვავილობის დროს. არღავანის მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ზოგიერთ კუთხეში უწოდებენ ატმიყვავილას.

გადმოცემის მიხედვით, მაცხოვარი იუდამ არღავანის ხის ძირას გასცა. იუდამ ფარისევლებს ქრისტეს ადგილსამყოფელი მიასწავლა და გასამრჯელოდ 30 ვერცხლი მიიღო. ეს ამბავი არღავანის ხემ რომ მოისმინა, სირცხვილი­სგან "გაწითლდა". როცა იუდა საკუთარ საქციელს ჩაწვდა, თავი სწორედ,არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ის 30 ვერცხლი ქისიდან არღავანის ხის ძირში ­ჩამოეყარა. ამის შემდეგ, ამ ულამაზეს არღავანს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ.

შესაძლებელია სახელწოდება ფრანგული Arbre dе Judee-ს "იუდეის ხის" დამახინჯებული ვერსია იყოს. ეს მცენარე ამ ქვეყნის ბორცვიან რაიონებში იყო გავრცელებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები