მანანა გეგიძის ზღაპრული აგარაკი ბურიანში

"ბურიანი ყველა ჩვენს მეგობარს უყვარს და აქ თავს რომანტიულად გრძნობენ! ისეთი სამყაროა, თითქოს სხვანაირად სუნთქავ. წარმოიდგინეთ, ციყვი რომ შემოგეჩვევა იქვე ვერანდაზე, პურს რომ დაუყრი და შენს თვალწინ უშიშრად მიირთმევს... ძალიან ბევრი ჩხიკვია, მოფრინდებიან ხოლმე ულამაზესი ფრთებით. იქვე შაშვი გალობს"... მანანა გეგიძე 20 წელი ტელევიზიაში მოღვაწეობდა, დღესაც მეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ისეთი აგარაკი შექმნა, სადაც პოეზიის ღამეებს მართავენ...



მანანა გეგიძე:
- საგურამოსთან ახლოს, სოფელ ბურიანში ტყესთან ახლოს აგარკი მაქვს, რომელსაც არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. იგი ზღვის დონიდან 1110 მეტრზეა... შევიძინე 6
წლის წინ.  მცენარეების სიყვარული ჩემი ერთგვარი ჰობია. თბილისშიც,როგორც სახლში, ისევე პატარა ეზოში ყვავილები სულ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ






ყოველთვის გადატვირთული დღის რეჟიმი მქონდაა! ამჯერად კომპანიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ვხელმძღვანელობ, ასევე "ქართული ბრენდის დღის" დამფუძნებელი ვარ. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ... მცენარეებისთვის დროს ყოველთვის ვპოულობდი და დღესაც ასეა! ჩემით ვისწავლე თუ რომელ მცენარეს უყვარს ჩრდილი, რომელს-მზე და თვითნასწავლი მებაღე გამოვედი... რაც შეეხება ბურიანში ჩემს აგარაკს, იქაც სპეციფიური იყო, თუ რომელი მცენარე გაიხარებდა და რომელი არა... მაგალითად ბათუმიდან ნარგავები ჩამოვიტანე, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ და ზამთარს ვერ გაუძლეს.








ბურიანში სხვადასხვა ჯიშის ვარდები ხარობს ძალიან კარგად. საგურამოშიც შევიძინე და სხვადასხვა ქვეყნებიდანაც მიგზავნიან მეგობრები, რადგან ვარდების მოშენებამ ძალიან გამიტაცა. პირველი ამანათი ამერიკიდან ჩამოივიდა, საოცარი ყვავილების თესლებით, ბოლქვებით... გამოგზავნილი იყო ფანტასტიური გეორგინები, სხვადასხვა ფერის ულამაზესი კალიფორნიული ყაყაჩო... აგარაკზე თავიდან რამდენიმე მებაღე დამეხმარა, რომლებმაც მიწა დაბარეს და დაამუშავეს. ყვავილები კი თავად დავრგე და მოვუარე.







რადგან აგარაკი ტყესთან ძალიან ახლოსაა, არ მსურს, იქ ყველაფერი ძალიან კლასიკურად იყოს. ტყე და კლასიკა ცოტა არ იყოს შეუთავსებელია... დეკორებად ვიყენებ – ხეს, რკინას, აგურს... ძველ ნივთებს ვღებავ და მათი ახალი სიცოცხლე შეიძლია. ძალიან მიყვარს თეთრი და ღია შაბიამნისფერი. ვთქვათ ფირუზისფერი ყვავილები იმავე ფერის ქოთნებშია. მაქვს ხვიარა ყვავილები, რომელიც წელს უკვე კარგად მოედო და ძალიან ლამაზია. უკვე ტყეს გაცვენილი აქვს ფოთლები და ამ ეზოში სხვადასხვა ფერის ქრიზანთემები ყვავის. ბავშვობიდან იმდენად მიყვარს ეს ყვავილი, რომ ქრიზანთემების ფესტივალი მაქვს. უთვალავი ჯიშისაა ქრიზანთემა... გურიანში ტყიდან რომ ცოტა ყინვაც მოხვდებათ და ამ დროს კვასკვასა ფერებში ჰყვავიან, მათ ხილვას არაფერი სჯობს. გვირილები ეზოში ბუნებრივადაც ამოდის და მაქვს ნამყენი, დიდი გვირილებიც. მთელ ეზოს მოიცავს გვირილები და ულამაზეს ფონს ქმნის. მაქვს ფერადი ბალბები.



მთელი ეზო გაფორმებულია ქვებით, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხიდან არის ჩამოტანილი. ამ ქვებისგან არის ჩანჩქერი გაკეთებული... ქვები სრულიად სხვადასხვა ფერისაა. ქვები არის ყვავილებთანაც და ქვების და ყვავილების სინთეზი ულამაზესია! საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოველ წასვლაზე ჩვევად მაქვს ქვები წამოვიღო და ჩემი სამყაროს ნაწილი გახდეს ის ქვა, რომელიც მოვიპოვე. ერთგვარი კოლექცია მაქვს ბურიანში ქვების.
ჩვენმა მეგობრებმა, ცნობილმა მხატვრებმა დახატეს თოვლში ბურიანი და ახლა აპირებენ ბურიანის შემოდგომის პეიზაჟები დახატონ. ამ ნახატების საქველმოქმედო მიზნით გამოყენებას ვგეგმავთ...


ბურიანი ყველა ჩვენს მეგობარს უყვარს და თავს რომანტიულად გრძნობენ თავს! ისეთი სამყაროა, იქ თითქოს სხვანაირად სუნთქავ. წარმოიდგინეთ ციყვი რომ შემოგეჩვევა იქვე ვერანდაზე, პურს რომ დაუყრი და შენს თვალწინ უშიშრად მიირთმევს... ძალიან ბევრი ჩხიკვებია, მოფრინდებიან ხოლმე ულამაზესი ფრთებით. იქვე შაშვი გალობს.



ეზოში საცეცხლური გვაქს - კრეატიული ზონა... მახსოვს სტუმრები გვყავდა, შაშვი დაახლოებით სამი მეტრის მოშორებით დაჯდა და საოცრად გალობდა. უამრავი ფოტოები გადავუღეთ.
სულ ვიკრიბებით იქ, უკვე ცეცხლის დანთების სეზონიც მოდის, იმართება პოეზიის ღამე და ბურიანია ის ადგილი, სადაც მე ყველაზე ბედნიერი ვარ!


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები