"თბილისიდან წამოვედიით და აქ დავსახლდით" - კახიანების აგარაკი მცხეთაში

აგვისტოს ერთ ცხელ დღეს, მსახიობ იმედა კახიანს აგარაკზე ვესტუმრეთ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში. მისი ვერანდიდან პირდაპირ მოჩანს ზედაზენი, საგურამო, არაგვის ხეობა, ნატახტრის წყალსაცავი... ბატონმა იმედამ ეზო-კარი დაგვათვალიერებინა, შემდეგ კი გვიამბო იდილიაზე, მებაღეობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რაც, მისი აზრით, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.

- როდესაც ეს ეზო შეიძინეთ, რომელიმე ძველი ხე თუ დაგხვდათ?


- მცირე ზომის კარალიოკის ხე იყო, ახლა ის ვერანდაზე დგას. დანარჩენი - ხეს კი არა, ეზოში ბალახს ვერ ნახავდით. ეს იყო შემოუღობავი ქვიანი ხევი. დაახლოებით 20 წლის
წინ ჩემი ხელით დავრგე გარგარი, გემრიელ ნაყოფს ისხამს. პირველი, რაც გავაკეთე - მეზობელთან გასასვლელი კარი გავჭერი ორივე მხარეს, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, იმერეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ და ღობეზე გადასასვლელი, ალაგე (იქ ასე ეძახიან) ან პატარა კარი მეზობელთან მისასვლელად აუცილებელია. ზოგი ამბობს, თუ მოსვლა უნდა, აგერ მთავარი კარი და იქიდან შემოვიდესო. მეზობელთან ოფიციალურად არ უნდა იყო, - აგერ, ბატონო, კარი აქვეა, გადასძახებ-გადმოგძახებს... მე ასე გავიზარდე და ეს მომწონს.


- რა ხეხილი გიდგათ?

- მე და ჩემმა მეუღლემ ნელ-ნელა დავიწყეთ ხეების დარგვა, ფლორას მცენარეები და ყვავილები უყვარს. ეზოში გარგარისა და კარალიოკის გარდა გვაქვს ალუბალი, ბალი, ატამი, ვაშლატამა, ბროწეული, ქლიავი, ვაშლი, მსხალი... უნაბი მაქვს, რომელიც დასავლეთში ხარობს და აქ არ იციან. ექსპერიმენტის სახით კივი ჩამოვიტანე გურიიდან და გაიხარა, მოსავალიც მოგვცა. კივი აქ არავის ჰქონდა. ბოლო დროს ლიმონი დავრგე, რომელსაც ერთი ცალი აბია. ასე რომ, თითქმის ყველა სახის ხილი მაქვს. ქვიანი ადგილია, მაგრამ საოცარი მიწაა, რასაც ჩარგავ, ყველაფერი ხარობს. ცოტა ხელის შეწყობა უნდა.


სახლის კედელს ხვიარა მცენარე რომ მიჰყვება, ხომ ხედავთ. მომეწონა, დავრგეთ და მთელ ეზო-კარმიდამოს მოედო, თითქმის მთელ სახლს ფარავს. მეუბნებოდნენ, რად გინდა, კედელს დაანგრევსო. არც ანგრევს და არც რამეს აშავებს, პირიქით, ზაფხულში გრილია კედლები, არ ცხელდება. მცენარე შემოდგომაზე ფერს იცვლის, ირგვლივ ყველაფერი მუქი წითელი ხდება, საოცარი სილამაზეა, მერე ფოთლები დაცვივდება... რამდენიმე სახის ყურძენი მაქვს: შავი, თეთრი, ჩინური, ალადასტური, თითა, კახურიც. ადესა - თავისთავად, მისგან ქალბატონი ფლორა შესანიშნავ ბადაგს ადუღებს და ზამთარში ფელამუშს გვიმზადებს.


- ყურძენს წურავთ?

- თავიდან დავიწყე, მაგრამ ცოტაა ყურძენი, თითო ჯიში 2-3 ძირია. თუმცა, ჩემს ადგილას კარგი მშრომელი, მაჯაგი კაცი იმდენ ყურძენს მოიწევდა, რომ ოჯახს ეყოფოდა. მაგრამ ამას ბევრი მოვლა და წვალება უნდა! შარშან ჩემმა სიძემ მცხეთაში ორი ახალგაზრდა აფხაზი ჩამოიყვანა სტუმრად, აფხაზეთიდან. მივიღეთ სტუმრები, ცოტა ღვინოც გეახელით და წასვლის წინ ვთხოვე: მახსოვს, აფხაზეთში ჩვენი ადესის მსგავსი ყურძენი ხარობს, იზაბელას ეძახიან, ვარდისფერი მსხვილი მარცვალი აქვს, ძალიან სასიამოვნო თხელი ღვინო დგება. როცა მწიფს თავბრუდამხვევი არომატი აქვს, ჰოდა, იმისი და თქვენებური შავი, ზოლიანი ლეღვის ნერგები მინდა-მეთქი. კარგიო, - მითხრეს და წავიდნენ. შარშან, გვიანი შემოდგომაა, ზამთრის პირი, ალბათ ღამის 2 საათია, ვიღაც მირეკავს. ვინ ბრძანდებით-მეთქი, - ვკითხე. ავტობუსის მძღოლი ვარ, აფხაზეთიდან ნერგები ჩამოგიტანეთო. ღამეა, ცივა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, წავედი მანქანით და ნერგები წამოვიღე. ვაზისა და ლეღვის ყველა ნერგმა გაიხარა. საოცარი შეგრძნება მაქვს, თითქოს აფხაზეთში ვარ...


- ბავშვობაში, სოფელში როცა ცხოვრობდით, მშობლებს საქონლის მოვლაში ან სხვა საქმეში ეხმარებოდით?
- რეპრესირებულ და გადასახლებიდან დაბრუნებულ მამაჩემს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ათ წლამდე სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ვიზრდებოდი. 1937 წელს დავიბადე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მძიმე წლები იყო! სამამულო ომი დაიწყო და ახალგაზრდები ომში წავიდნენ. სოფელში ქალები, მოხუცები და ბავშვები დავრჩით. დედა, ეკატერინე მიქელაძე, დამსახურებული პედაგოგი იყო. სკოლაში მუშაობდა, სამ ბიჭს გვზრდიდა და სოფლის საქმესაც უძღვებოდა. მამა ავადმყოფობდა და ოჯახს დედა უვლიდა. ყველა შრომობდა - სიმინდიც მოჰყავდათ, საქონელი და ფრინველიც ჰყავდათ... ყველაფერს თვითონ ამუშავებდნენ, ტრაქტორი ჰყავდათ თუ მთავრობა დაუხნავდა? ქალები აკეთებდნენ ამას. ჩვენს ოჯახს 2500 კვ.მ. მიწა ჰქონდა, მოსამსახურის ოჯახს ასე ეკუთვნოდა. კოლმეურნეობის წევრებს ერთ ჰექტრამდე მიწას აძლევდნენ. ჩვენ ყანა არა, მაგრამ ბოსტანი და ხეხილის ბაღი გვქონდა. ძროხა, ღორი და ქათმები გვყავდა. მე მიჩვეული ვიყავი შრომას, დედას ყველაფერში ვეხმარებოდი…


მამას პატარა ფინია ძაღლი ჰყავდა. მამაჩემი ცუდად იყო და იწვა. ძაღლმა მისი საწოლის ქვეშ დაიდო ბინა, არ სცილდებოდა. მერე დედამ თქვა, - აქ რა უნდაო და გარეთ გაუშვეს. საწყალი ძაღლი წავიდა და სახლის ქვეშ შეძვრა. ძველად იმერეთში, აზნაურიშვილების ხის სახლები დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ფეხებზე იდგა. ძაღლი ზუსტად იმ ადგილზე დაწვა, სადაც მამას საწოლი იდგა და იქიდან აღარ გამოდიოდა. მამას გარდაცვალებიდან ორ დღეში ისიც გარდაიცვალა. ასეთი ერთგულება და სიყვარული იცის ძაღლმა.


- აქ დარგული ყვავილების სახელები იცით?

- ჩემმა მეუღლემ იცის.

ქალბატონი ფლორა:

- გვაქვს გლიცინია, ჰორტენზია, ნიფოფია, პეტუნიები... ვარდები - გლორია, სანსეტი, ყველას სახელი მეც არ ვიცი. ესენი ეკას ვარდებია, ის ეძებს ინტერნეტში ჯიშებს და ახალ-ახალი მოაქვს. რამდენიმე წელია, ესაა მისი გატაცება. აქამდე მებაღე მე ვიყავი, ახლა ეკას გადავულოცე ეს ფუნქცია.

საუბარს ისევ ბატონ იმედასთან ვაგრძელებთ:


- მცხეთაში, ძირითადად, ზაფხულში ხართ ხოლმე?

- აქამდე მარტო ზაფხულში ჩამოვდიოდით. ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე გააკეთა, იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით და თებერვალში აქ დავსახლდით. მას მერე აქედან არ წავსულვარ და ვფიქრობ, აღარც წავალ, იმიტომ, რომ შეიძლება დიდი ეზო არ არის, მაგრამ გინდა-არ გინდა, მთელი დღე მაინც საქმეა. ყველაფერს ხელის შევლება უნდა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. ძალიან მომწონს ის, რომ ვიღლები, ვშრომობ, ვმოძრაობ... როცა რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ. შვილთაშვილი მყავს, 7 წლის ლადო, როცა ვმუშაობ, გვერდიდან არ მშორდება. ხელიდან მართმევს იარაღს და მეუბნება, - მომე, ბაბუ, მე, მე… რომ არ მივცე, განიცდის. ყველაფერი შეუძლია - გათოხნა, დაბარვა, წაღება-მოტანაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

- სტუმრებს ეზოს რომელ კუთხეში იღებთ და მასპინძლობთ?

- როცა სტუმრები გვყავს, უფროსებს ვერანდაზე ვეპატიჟებით, ახალგაზრდებს კი ვთხოვთ, ფანჩატურში მიბრძანდნენ. იქ მშვენიერი ადგილია, სიწყნარეა, იქვეა აუზი. ფანჩატურის წინ ახლა დეკორატიული ყვავილი „ირმის რქა“ ყვავის, ნერგი მომეწონა და ვიყიდე. მის გვერდითაა ნეკერჩხალი. ეკა თავისი ვარდების სამფლობელოში იღებს სტუმრებს, რომელსაც ვარდების ბაღი დაარქვა. მათ უვლის, რწყავს, თავის გემოზე კრეჭს, თუმცა მძიმე სამუშაოს მე მაკეთებინებს.



- ამ სიმშვიდესა და სილამაზეში ყველაზე ხშირად რა ფიქრები მოდის?

- მცხეთა წმინდა ქალაქია, დავიწყოთ აქედან. მერე ერთი რამ არის - მე არ ვიცი, ღმერთმა ადამიანს იმაზე დიდი საჩუქარი რა უნდა გაუკეთოს, რომ ქართველად გაგაჩინოს და საქართველოში, ამ მიწაზე დაგასახლოს. ასეთი ქვეყანა, მიწა, ბუნება, ხალხი მსოფლიოში არ არსებობს. როგორ შეიძლება, ეს მიწა კაცმა გაყიდოს? ჩემს სოფელში რომ ჩავდივარ, გული მისკდება, იმდენი მიტოვებული სახლია. ძველი, დაზიანებული სახლები 500 დოლარად იყიდება. ამ ფასად ყველა გამვლელი და უცხოტომელი იყიდის, მერე მოვა და დასახლდება. საქართველოში სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს, მაგრამ ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და თავის სამშობლოდ მიაჩნია, იმას ხელი არ უნდა ვკრათ. მაგრამ შენ, როგორ ტოვებ და სად მიდიხარ? ამაზე უნდა იფიქროს ყველა ქართველმა.

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

გია 2021-05-26 22:32
შე დალოცვილო, იზაბელა რაღა დასარგავია. ან ადესა. მცხეთაში უნდა მოიყვანო შავკაპიტო და ძველი ჯიშები მაგალითად მეჯვრისფერი საფერავი. იზაბელა,დირბულა და ნებისმიერი ჰიბრიდული ჯიშისგან დამზადებული ღვინო არის ტოქსიკური და არცერთ ევროპულ ქვეყანაში დიდი ხანია უკვე მაგეებისგან ღვინოს არავინ ამზადებს. ეს რჩევისათვის ბატონო იმედო. ისე წარმატებები და ჯანმრთელობა თქვენ
nino 2021-03-26 10:22
ra silamaze da simshvide iqneba warmomidgenia. janmrteloba da dgegrdzeloba tqven????
დდდ 2021-02-07 18:49
რატომ რჩება ხოლმე კახიანების ოჯახზე რუბრიკა წლობით, სცენიდან რომ არ ჩამოდის?
ლიზა 2021-02-02 13:17
გახრიოკებული ხევიდან რომ ასეთ ედემს შექმნი--ბარაქალა თქვენ და დაგელოცოთ მარჯვენა.
გია 2021-01-11 21:39
ყოჩაღ

კომენტარის დამატება