12-წლიანი შრომისა და მზრუნველობის შედეგი - მშვენიერი ბაღი სიღნაღიდან

ბაღი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ეგზოტიკური, მრავალფეროვანი და გამორჩეულია. მისი მეპატრონე, ქალბატონი დალი ძამიაშვილი 61 წლისაა. სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში ცხოვრობს. ჩვენი ყურადღება ჯგუფ „ყვავილნარში“ განთავსებული მისი ულამაზესი ბაღის ფოტოებმა მიიპყრო. ბაღი 800 კვ.მ-ზეა გაშენებული. მწვანეში ჩაფლული ეზო ყველას აღფრთოვანებას იწვევს.

ქალბატონი დალის თქმით, ეზო დამშვენებულია როგორც წიწვოვანი ხეებით, ასევე სხვადასხვა ხე-ყვავილით, უამრავი ჯიშის ვარდებით. ეზოში მრავლადაა უგემრიელესი ხეხილი.

ბაღის გაშენება 2010 წელს გადაწყვიტა. უკვე 12 წელია რუდუნებით უვლის, აახლებს და ალამაზებს. ყველა სამუშაოს საკუთარი ხელით ასრულებს, რაც დიდ შრომას, ძალისხმევას და
რესურსს მოითხოვს.

ეზოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მწვანე, ხასხასა ბალახი, რომელსაც ქალბატონი დალი გაზაფხულზე თიბავს, შემდეგ სპეციალურ წამალს ასხამს, რათა მავნებლებისგან და სარეველებისგან დაიცვას.

ასევე ბაღის მშვენებაა ულამაზესი გლიცინია. ყვავილის კონსტრუქცია 2019 წელს დაამზადებინა და პაწაწინა ნერგებიც დარგო. დღეს კი ეზოში ულამაზესი საჩრდილობელია. მართალია, გლიცინია ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში ყვავილობს, მაგრამ მისი მწვანე და ხასხასა ფოთოლი გვიან შემოდგომამდე ალამაზებს ეზოს. ეზოში სხვადასხვა დეკორაციას და პატარა გუბურას შეხვდებით, რომელიც ასევე ქალბატონი დალის შემოქმედება და ფანტაზიის ნაყოფია.

როგორც ქალბატონი დალი ამბობს, მცენარეებთან, მიწასთან ურთიერთობა მისი საყვარელი საქმეა და ამ დროს დიდ სიამოვნებას განიცდის. ეზოში ყოველთვის სიამოვნებით მუშაობს. ამასთან, აბედნიერებს ის ფაქტი, რომ მისი შრომა სასიამოვნო შედეგს იძლევა. მომავალში ბაღში უფრო მეტი იდეის განხორცილებელას გეგმავს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები