საუცხოო ბაღი ზესტაფონში 80 წლის კამელიით - "ჩემი მეუღლის ბაბუას დაურგავს და დღესაც ასე გვახარებს..."

ბაღი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, ზესტაფონში მდებარეობს. მისი მთავარი ხიბლი 80 წლის კამელიაა, რომლის გასაოცარი ყვავილობა დიდ აღფრთოვანებას იწვევს მნახველში. ბაღის შესახებ მის მეპატრონეს, ქალბატონ მადონა ბედინაშვილს ვესაუბრეთ.

- ვცხოვრობ ზესტაფონში. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვმუშაობ ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად. ძალიან მიყვარს მცენარეები, ეზოს და ოთახის მცენარეებს ყველას ერთნაირი სიყვარულით ვუვლი.

- თქვენმა ბაღმა სიციალურ ქსელში აღფრთოვანება გამოიწვია. ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- კამელია ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მნახველში. ხშირად ინტერესდებოდნენ მისი წლოვანებით, მოვლის საშუალებებით, როგორ ხარობს, როგორ მრავლდება
და ა შ. მაგრამ წელს რაღაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, რასაც არ ველოდი.


- ვისი დარგულია ეს მშვენიერი კამელია?

- დაახლოებით 80 წლისაა და ჩემი მეუღლის ბაბუას, ისიდორე ფუტკარაძეს დაურგავს. ამბობენ, ძალიან უყვარდა ყვავილები, არა მარტო ეზოში, ქუჩის მთლიან გამწვანებასაც ახერხებდაო.

- სხვა რა მცენარეები ხარობს თქვენს ბაღში?

- ჟასმინი, ხე ტიტა, ჰორტენზია, ჰიბისკუსი, ზამბახი, ტიტები, ნარცისები და სხვა. მალე ვარდებიც აყვავდება ჩვენს ეზოში.


- ამ ყველაფერს თქვენ უვლით, თუ გეხმარებათ ვინმე?

- მათ განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა სჭირდებათ. ეზოს დაგეგმარებაში, მცენარეების შეძენაში, მეუღლე, ზაზა პერანიძე მეხმარება. ერთობლივად ვცდილობთ, ლამაზი გარემო შევქმნათ.
ეზოს სისტემატიურად სჭირდება გაწმენდა, სარეველების მოცილება, დასუფთავება, ეს ყველაფერი კი დიდ შრომას მოითხოვს.

სასიამოვნოა, როცა სხვაც იღებს ამ სილამაზით სიამოვნებას. ხშირად გვსტუმრობენ, იღებენ ფოტოებს. ისეც ხდება, რომ შინ არ ვართ და მსურველი შესაძლოა იმ დროს მოვიდეს. ეს დროს და ყურადღებას მოითხოვს, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებთ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ყველას სურვილს ჩვენი თავისუფალი დრო დავამთხვიოთ.


სილამაზის აღქმის, დანახვის, შეგრძნების განწყობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლალუკა 2023-04-16 12:15
ჩემი ზესტაფონი, ბევრს აქვს ეს მცენარე ზესტაფონში, როგორც ჩანს კარგად ესადაგება ჰავას. მამიდასაც ქონდა . გაიხარეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები