ზღაპარაძის ზღაპრული ბაღი ველისციხეში - "მინდოდა, აქაურობა მრავალფეროვანი ყოფილიყო და როდესაც მეუღლემ სამკაულის შესაძენად ფული მომცა, ვარდები შევიძინე..."

ნინო ზღაპარაძე კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. მართალია, პიანისტი და ვოკალისტია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. ცხოვრების დიდი ნაწილი საეკლესიო მსახურებაში გაატარა. არის მედავითნე, რეგენტი და მგალობელი. ამჟამად მებაღეობა-მემცენარეობითაა დაკავებული. მის ეზოში სხვა იშვიათ მცენარეებთან ერთად 790 ჯიშის ვარდი ხარობს, რომელთაც დიდი მონდომებით უვლის, ახარებს და ამრავლებს.


ნინო ზღაპარაძე:

- როდესაც მესამე შვილი შეგვეძინა, მეუღლემ გარკვეული თანხა მომცა, უნდოდა რაიმე სამკაული შემეძინა. არადა, ჩემი სამკაულები საერთოდ ბავშვობიდანვე მცენარეები იყო. 12 წლის ვიყავი, როცა მეზობელმა, რომელიც ბიოლოგიის პედაგოგი იყო, დამაკალმებინა ანუ
მასწავლა, როგორ გამემრავლებინა ვარდი. მას შემდეგ, როდესაც მინდოდა ეზოში მრავალფეროვნება შემეტანა, ყოველთვის თვითონ ვაკალმებდი დედმამისეულ სახლში. როდესაც გავთხოვდი, ეზოში მხოლოდ სამი ვარდი დამხვდა. მინდოდა აქაურობაც მრავალფეროვანი ყოფილიყო და როდესაც მეუღლემ, დავით თათარაშვილმა სამკაულის შესაძენად ფული მომცა, ავდექი და ვარდები შევიძინე. სულ 16 ჯიში მომივიდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს იყო საკოლექციო ვარდები, რომლებიც საქართველოში უკვე შემოდიოდა.


- ალბათ თანდათან სწავლობდით ვარდის მოვლის წესებსაც...

- ვარდების შესახებ ყველაფერს ვსწავლობდი, თუ რა სჭირდებოდა. უფრო ღრმად შევისწავლე მოვლა, გაშენება, გამრავლება. ვცდილობდი განმევითარებინა ეს საქმე, მათ შორის ბიზნესიც. ამ საქმეს სერიოზულად რომ მოვეკიდე, მეუღლემ თანხა შემომაშველა და 6 წლის წინ ვარდის 77 ჯიში ერთად შევიძინეთ. მას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო 790 ჯიში მაქვს.

- ესე იგი, გვარად ზღაპარაძემ ეზოში ნამდვილი ზღაპარი მოაწყვეთ...

- ეზოს ფართობი 80/100-ია - ჰექტარს 20 მეასედი აკლია. აქ წლების განმავლობაში თხილის ბაღი იყო, რაც ჩვენი ბიზნესი და შემოსავალი გახლდათ. მერე მეუღლემ თხილი ამოიღო და ვარდები დავრგეთ. კიდევ არის ადგილი, სადაც შეიძლება ვარდების დარგვა და აქაურობის მეტად გალამაზება. ვფიქრობ, 1000 ჯიშამდე ავალ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება