ახდენილი ბავშვობის ოცნება და ურეკში გაშენებული ულამაზესი ბაღი

ნინო გეგიძემ ოჯახის დახმარებით ბავშვობის ოცნება აიხდინა და ურეკში ულამაზესი ბაღი გააშენა. თავდაუზოგავი შრომის შედეგმა არ დააყოვნა და მისი შემოქმედება ყველა მნახველს აოცებს. ყვავილების სიყვარული მშობლებისგან ერგო და დღეს თვითონ ცდილობს შეაყვაროს შვილებს ბუნება, მცენარეები და ყვავილები.

- ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში ვცხოვრობ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ბავშობიდან მიტაცებდა ყვავილები, ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი როგორ იზრდებოდა, იკვირტებოდა, იშლებოდა მცენარე. სულ ვოცნებობდი, ლამაზი ეზო მქონოდა, სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით გადაპენტილი. მცენარეების მოშენება დავიწყე სტუდენტობის პერიოდში. მქონდა კაქტუსები, ბეგონიები, მონსტერა და სხვა ჯიშის ყვავილები. სამი წელია

დავიწყე ეზოს გაშენება. მინდა ბავშვობის ოცნება ავიხდინო და კიდევ უფრო საოცარი ბაღი გავაშენო, რაც არც ისე მარტივია, რადგან ეს ყველაფერი დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. სულ ძიების და ექსპერიმენტების პროცესში ხარ, ხან გიმართლებს, ხან იმედი გიცრუვდება, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. ძიების პროცესში ბევრ რამეს სწავლობ, იღებ გამოცდილებას.


- დღესდღეობით რამდენი სახეობის ყვავილი გაქვთ?
- მაქვს ფინიკის პალამა, ულამაზესი აზალია, კალისტემონი, ციკასი, გარდენია, ირმისრქა, კამელია, ვარდები და სხვა. მეც დამწყები მებაღე ვარ, სახელებიც კი არ ვიცოდი, ისე ვუვლიდი ყვავილებს. ახლა ინტერნეტი გაძლევს საშუალებას, ნებისმიერი ინფორმაცია მოიძიო. ვისწავლე სახელებიც და მოვლის წესებიც (იღიმის).


- როგორ უვლით თითოეულ მათგანს?
- ყველას სხვადასხვაგვარი მოვლა სჭირდება. რაც კი თავისუფალი დრო მაქვს, სულ ყვავილებს ვუთმობ. ყოველდღიურად სჭირდებათ ხელის შევლება, მიწის მოქექვა, ხმელი ფოთლების შეცლა, გასუფთავება. აუცილებლად ვყიდულობიბ ყვავილებს, რომელიც ძალიან მომწონს, მერე სანამ მოღონიერდება და ჩვენი ოჯახის პირობებს შეეგუება, სულ თავზე დავკანკალებ.

- ოთახის მეცნარეებიც გიტაცებთ?
- ერთი წელია ოთახის იებით დავინტერესდი. ძალიან ლამაზები და სათუთები არიან. არ შეიძლება, მათ მიმართ გულგრილი დარჩეს ადამიანი. ზაფხულში ეზოს ყვავილები გვახარებენ, ზამთარში კი სახლის მცენარეების სილამაზე გვატკბობს.


- ბაღის გაშენებაში ვინ გეხმარებოდათ? 
- ეზოს მოწყობაში მთელი ოჯახი ერთსულოვნად ვიყავით ჩართული - დედა, მამა, მეუღლე, მე. ერთმანეთს ყოველთვის ვეკითხებით რჩევებს, ვუზიარებთ იდეებს, ამიტომ ერთად უკეთესი გამოგვივიდა. ყვავილების გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ჩემს მშობლებს უყვარდათ და დღემდე უყვართ ყვავილები, ვცდილობ ჩემს შვილებსაც ჩავუნერგო მცენარეების, ბუნების, მიწის სიყვარული. მინდა ვასწავლო მათი მოვლა. ძალიან კარგია, როცა რაიმეს მიმართ ბავშვს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ეფერება და უვლის მას. ვხედავ, რომ ბევრია დაინტერესებული ეზოს გალამაზებით, ყვავილების მოშენებით და ეს ძალიან მახარებს.

მიხარია, სოციალურ ქსელში ამხელა აქტივობას რომ ვხედავ. ყვავილების დამსახურებით ბევრი "უცნობი მეგობარი“ შევიძინე. მინდა ყველას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ გააშენონ ლამაზი ბაღები, შექმნან საკუთარ სახლებში სასიამოვნო და ჰარმონიული გარემო, სადაც შეძლებენ ყოფითი პრობლემებისგან თავის დაღწევას, განტვირთვას და დასვენებას.

მერი ბლიაძე

კომენტარები

მაიკო ბუცხრიკიძე 2017-04-25 21:20
ულამაზესია გაიხარეთ!!!
Esma 2016-08-05 02:10
Meamayeba shen rom myavxar.carmatebebs gisurveb.
ani 2016-07-21 15:59
ninoo dzalian mixaria ro gicnob dzalian tbili da sayvareli xar❤

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები