სახლი ყაზბეგში, რომელმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა

თავიდან თითქოს გეშინია გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია. როცა გემოს გაუგებ, მერე შეჩვევა იცის. ანი ალიბეგაშვილი ფინანსურ სექტორში მოღვაწეობს, ინტერიერის დიზაინთან შეხება არასოდეს ჰქონია, თუმცა ამ სფეროშიც მოსინჯა ძალები და საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა. ყაზბეგში კოტეჯი შეიძინა, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ალბათ დამეთანხმებით, სახლში რომ დადებითი ენერგეტიკა და სიმშვიდე სუფევდეს, საჭიროა კომფორტული გარემო, ლამაზი ხედი და კეთილგანწყობილი მასპინძელი. ანის სახლში ყველა ეს კრიტერიუმი გათვალისწინებულია, რას საოცრად ჰარმონიულ განწყობას ქმნის და იზიდავს სტუმარს.

- პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა ფინანსურ სექტორში ვსაქმიანობ. მყავს
მეუღლე და ერთი შვილი, პატარა გოგონა. უზომოდ და უთავბოლოდ ვარ შეყვარებული ყაზბეგზე, მთებზე. რამდენიმე კვირის წინ დავასრულე კოტეჯის რემონტი. ჩემს ახლობლებს, მეგობრებს იმდენად მოსწონთ ჩემი სახლი, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერ ვარ ამით. ერთია, როდესაც არსებობს მოლოდინი და მეორეა, როცა ეს მოლოდინი მართლდება.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?
- ჩემთვის სახლი ასოცირდება სუნთან, რომელიც ტრიალებს დახურულ სახლში. მთელი წელი, რომ გამოკეტილია სახლი, მერე ჩახვალ გამოხსნი კარებს და ეს სიძველის სუნი დაგეტაკება. ალბათ ეს არის შენი ნამდვილი სახლის სუნი, რომელსაც სხვანაირად, უფრო მძაფრად აღიქვამ.

- როგორც აღნიშნეთ სულ ახლახან დაასრულეთ კოტეჯის რემონტი. რა შეგრძნებაა, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავთ და ამავე დროს იღებთ უამრავ კომპლიმენტს?
- რა თქმა უნდა საამაყოა. ნამდვილად ძალიან ლამაზი გამოვიდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ყველაფერი მარტომ გავაკეთე, დამხმარის გარეშე. ყველა დეტალი, გადასაფარებლიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული ჩემი ნაფიქრი და დაგეგმილი იყო. ღამეებს ვათენებდი, მაღაზიიდან მაღაზიაში დავდიოდი. ამასთან ერთად ამ საქმეში მთელი ჩემი სამეგობრო იყო ჩართული. ყველა თვალს ადევნებდა, რამდენად რთული ორი თვე გავიარე იმისთვის, რომ ეს შედეგი მქონოდა. მე ვფიქრობ ეს შრომა და წვალება ამად ღირდა.
ყველაზე მეტად ვეცადე, რომ სახლში კომფორტი შემექმნა. კოტეჯში, სულ ოთხი საძინებელია. მეორე სართულზე განლაგებულ საძინებლებს აქვთ აივნები. არ მინდოდა, რომ ეს ოთახები მხოლოდ დასაძინებელი სივრცე ყოფილიყო. მინდოდა ყოფილიყო დროის გასატარებელი ადგილი, ლამაზი ხედებით. ოთახებში დავდგი სამეულები. ჩემს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, სავარძელში მოკალათებულებმა მიირთვან ფინჯანი ყავა, ჩაი, ღვინო და დატკბნენ ულამაზესი ხედების ცქერით.

- როცა არ ხარ პროფესიონალი დიზაინერი, ალბათ რთულია დაგეგმო და სისრულეში მოიყვანო ყველაფერი. როგორ გაერკვიეთ რემონტის საკითხში?
- ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ინტერნეტში ვნახულობდი იდეებს. ვცდილობდი ისეთი დეტალები გამომეყენებინა, რაც მთასთან ახლოს იქნებოდა. დამერწმუნეთ ძალიან რთულია, როცა მთაში აკეთებ ამ ყველაფერს. არ გაქვს ბევრი ექსპერიმენტების ჩატარების უფლება. ყველა დეტალი უნდა იყოს მკაცრად შერჩეული და მთის ხასიათთან დაკავშირებული. როცა სახლს აკეთებ მაგალითად ზღვაზე, იქ შეგიძლია ბევრი დეტალი გამოიყენო, მაგალითად ბამბუკი, ნიჟარები, და მსგავსი აქსესუარები. მთაში უნდ გამოიყენო მთის ხასიათთან დაკავშირებული დეტალები. ამასთან ერთად მინდოდა, რომ კოტეჯი ყოფილიყო თანამედროვე, თუმცა არ მინდოდა ყოფილიყო მასიური, ისეთი რასაც ყველგან შეხვდებით. რა თქმა უნდა ძირითადად ყველაფერი ჩემი შერჩეულია, თუმცა ძალიან ხშირად ვითვალისწინებდი მეგობრების რჩევებს. ძალიან ხშირად გავდიოდი კონსულტაციას ჩემს მეგობართან, რომელიც არის ინტერიერის დიზაინერი და ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს. ის მაძლევდა რეკომენდაციებს, თუნდაც რა ფერი გამომეყენებინა ამა თუ იმ ოთახში და რა იქნებოდა უმჯობესი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკმაოდ რთული ყოფილა ჭურჭლის შერჩევა. როცა სახლში ყველაფერი გამზადებული მქონდა და საქმე მიდგა ჭურჭლის შეძენაზე, ვერ ვხვდებოდი რა უნდა შემეძინა. ვფიქრობდი, რომ თეთრი ფერი არ იქნებოდა მომგებიანი, ამიტომ შევიძინე განსხვავებული ფერის ჭურჭელი, რაც ძალიან მოუხდა ინტერიერსაც და ეზოსაც.

- კოტეჯი შეიძინეთ თუ თქვენ თვითონ ააშენეთ?
- კოტეჯის აშენებაში მე არ მიმიღია მონაწილეობა, უკვე აშენებული შევიძინე. კოტეჯი აშენებულია წითელი მოხეური ქვისგან და გამოყენებულია ხის დეტალები. ეს ქვა არის ძალიან ლამაზი და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა მისი გამოყენება. კოტეჯი დაპროექტებულია გერმანელი არქიტექტორის მიერ. ტიხრები, შიდა განლაგება და ა.შ. უცვლელად დავტოვე. რაც შეეხება შიდა სამუშაოებს, ყველაფერი განვაახლე.

- რა უპირატესობა აქვს ქვას, რომლითაც ეს კოტეჯია აშენებული?
- ეს ქვა არის ყაზბეგის წითელი ქვა, რომელიც თითქმის მარმარილოს უტოლდება და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. საკმაოდ რთულია მისი დამუშავება და მოიპოვება მხოლოდ სამ-ოთხ ადგილას.

- რა სირთულეები შეგხვდათ რემონტის პერიოდში?
- რემონტის და მშენებლობის დროს, ყაზბეგში ყველაზე რთულია მუშა ხელის შოვნა. მითუმეტეს როცა თბილისიდან გიწევს სიარული, გაქვს ათასი საქმე. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს იყო. მეორე ფაქტორია ის, რომ სარემონტო მასალა თბილისიდან უნდა წაიღო. ეს რა თქმა უნდა ხარჯებსაც ზრდის და დროის ფაქტორზეც მოქმედებს. ჩემი გათვლებით მაისის ბოლოსკენ ყველაფერი მზად უნდა მქონოდა, მაგრამ მაისის ბოლოს თითქმის თვენახევრით გადავაჭარბე.

- ყველაზე მეტად რა დეტალი მოგწონთ თქვენს სახლში?
- ძალიან რთულია ამის თქმა. ძალიან გამიჭირდება გამორჩევა. ალბათ ყველაზე მეტად ხედი მომწონს. ან შესაძლოა ის მომწონს ყველაზე მეტად, რომ ეს სახლი ყაზბეგშია და არა თბილსში.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს რემონტის გაკეთებას?
- ყველას ვურჩევ, რომ ეს საქმე დამოუკიდებლად არ გააკეთონ და ყველაფერი მიანდონ პროფესიონალებს. ეს არის ძალიან რთული საქმე. უნდა გქონდეს დრო, იყო თავისუფალი იმისთვის, რომ თავი რემონტისთვის გადადო.

- რაიმეს შეცვლიდით ინტერიერში?
- კი, არის ბევრი დეტალი, რომელსაც დღეს სხვანაირად გავაკეთებდი. სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას, რომ ეს საქმე პროფესიონალებს და გამოცდილ ადამიანებს მიანდონ.




მერი ბლიაძე
ბილი ბილიხოძის ფოტოები

კომენტარები

თამარა 2019-04-21 19:37
არაჩვეულებრივია, მეც ძალიან მიყვარს ყაზბეგი, ჩემთვის ის ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება... შეიძლება ოდესმე შემოგიაროთ...
თბილისელი 2019-01-14 20:11
ეს არის კოტეჯი და არა სახლი,როგორც აქ წერს ზოგიერთი გაუგებარი,რომელსაც ვერ გაურჩევია კოტეჯი და სახლი ერთმანეთისგან.
მომეწონა. კარგი კოტეჯია და
ეტყობა რომ პატრონი პრაქტიკული და ჭკვიანია.
რისთვისაც არის გათვლილი ეს კოტეჯი გაამართლებს. ხედებია სუპერ.
ალისა 2018-09-14 04:19
ადმინ ზოგიერთი შიზოიდის კომენტარი წაშალე რა :დ საგიჟეთში მოვხვდი თუ საიტზე ვეღარ გავიგე..ულამაზესი სახლია სიამოვნებით ვიცხოვრებდი ესეთში..ეტყობა შემოქმედებითი მიდგომა
suliko 2018-08-26 15:37
ra sashineli komentarebia gmerto. nutu aseti shriani gaxda xalxi. es giorgi xom saertod nagavi arsebaa,vinc shen giorgi dagarqva :(
როგორ?!........... 2018-08-25 22:33
როგორ დაბეჭდეთ ვინმე გიორგის კომენტარი,რომელიც საქარტველოს აგინებს?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები