150 სახეობის ვარდი, საოცარი ბაღი და თექაზე გადატანილი ფერწერული ტილოები - სტუმრად ნინო აბზიანიძის წალკოტში

მხატვარ-დიზაინერ ნინო აბზიანიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. წლების წინ ის ეროვნულ მოტივებზე ქმნიდა სამოსს და ფერწერით იყო დაკავებული. ახლა კი ჩვენი ყურადღება მიიპყრო მისმა თექის ნამუშევრებმა, მის მიერვე მოწყობილმა სახელოსნომ და რაც მთავარია, მისმა საოცარმა ბაღმა, ვარდების სხვადასხვა, იშვიათი ჯიშით და ულამაზესი გარემოთი. ნინო ქუთაისში ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად. სიამოვნებით გვიამბობს თავის შემოქმედებაზე.

- 2004 წელს დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია. 2011-18 წლებში ვმუშაობდი ლექტორად ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასულ წელს დავაფუძნე ჩემი სამხატვრო სკოლა-სტუდია „N–art studio“, სადაც ვასწავლი ხატვას და
თექაზე მუშაობას.

ჩემს სტუდიოში ინტერიერიც და ექსტერიერიც ჩემი გემოვნებით გავაკეთე, ჩემთვის დეკორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მიყვარს სადა და ლამაზი გარემო, სულიერად მამშვიდებს. ძირითად დროს ვუთმობ ჩემი სტუდიის განვითარებას, ასევე ვქმნი ნამუშევრებს და ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის. ჩემი ჰობია ასევე მებაღეობა - ვაგროვებ მრავალი სახეობის ვარდებს.

ხელოვნებით ბავშვობიდანვე ვიყავი გატაცებული, რაც შეამჩნიეს ჩემმა მშობლებმაც და მხარი დამიჭირეს არჩევანში. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, კოსტიუმის დიზაინის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში მუშაობისას დამაინტერესა თექაზე მუშაობამ და პარალელურად დავამთავრე გამოყენებითი დეკორატიული ქსოვილები. დავიწყე საახალწლო სათამაშოების კეთება, აგრეთვე თექის შარფების. თუმცა, ყველაზე მეტად თექით ხატვა მომწონს.

ნინო აბზიანიძის ფერწერული და თექის ნამუშევრები

- ალბათ საკმაოდ რთულია თექის დამუშავება და მერე მასზე ასეთი ნამუშევრების შექმნა...

- თექას დამუშავებულს და შეღებილს ვყიდულობ, საქართველოში მიჭირს მასალების შეძენა და ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამომაქვს. რთული არ არის ეს საქმე ჩემთვის, მაგრამ შრომატევადია და დიდი ნებისყოფა ჭირდება. მე ძირითადად ნახატებზე სველი ტექნიკით ვმუშაობ და ნახატის სველი თელვით შესრულება უფრო რთულია, წინასწარ უნდა გათვალო თუ რა, როგორ დარჩება მოთელვის შემდეგ.

- გვიამბეთ მეტი თქვენს მშვენიერ ბაღზე...
- ბაღის გაშენება დავიწყე 6 წლის წინ. ჯერ ყველაფერს ვრგავდი, რასაც ყვავილი ერქვა, შემდეგ ვარდებით დავინტერესდი და დავიწყე შეგროვება. ჩემს ბაღში დაახლოებით 150 ვარდია სხვადასხვა სელექციონერების: ტანტაუს, მასადის, კორდესის, ოსტინის და ა.შ. განსაკუთრებით მომწონს ინგლისური, დევიდ ოსტინის ვარდები, რაღაც სხვა ემოცია მოდის მათგან.

ბაღს მხოლოდ მე ვუვლი, სხვას ვერ ვანდობ. დილა ჩემი ვარდებით იწყება, დადებითი ემოციებით მავსებენ და მათელი დღის მანძილზე მიმყვება.

რა თქმა უნდა რთულია და შრომატევადი მათი მოვლა, მაგრამ მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია.

როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს და გსიამოვნებს, ალბათ იმდენად ვეღარ გრძნობ დაღლასაც. ვცდილობ დრო ისე გავანაწილო რომ ყველაფერი მოვასწრო.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები