"მხოლოდ ჩემი ეზოს გალამაზება მინდოდა, მაგრამ ისე მოეწონათ ჩემი დეკორაციები, ჩემს საქმედ ვაქციე" - ორი შვილის დედის ახალი საქმიანობა

შორენა მარტიაშვილი ორი შვილის დედაა. შვილების დახმარებით ეზოს საოცარ დეკორაციებს ქმნის. თავდაპირველად დეკორაციებს საკუთარი ეზოს გასალამაზებლად ამზადებდა. თუმცა იმდენად კარგად გამოსდიოდა ეს საქმე, ახლობლების წახალისებით და რჩევით შემოსავლის წყაროდ აქცია. იმ დროს საბანკო სექტორში მუშაობდა. იმდენად წარმატებული აღმოჩნდა მისი ახალი საქმიანობა, ბანკში მუშაობას თავი დაანება და მთელი დრო და რესურსი დეკორაციების შექმნას მოახმარა.

- 35 წლის ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. პროფესიით ვარ სოციოლოგი, მაგრამ ამ მიმართულებით არასოდეს მიმუშავია. ათი წელი ბანკში ვმუშაობდი. ერთი თვის წინ დავტოვე სამსახური, რადგან
ვეღარ ვუთავსებდი სამსახურს და დეკორაციების დამზადებას ერთმანეთს. ვცხოვრობ კახეთში, თელავის რაიონში, სოფელ ვარდისუბანში. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე. მიყვარს ყვავილები და ყველაფერი, რაც ყვავილებთანაა კავშირში. ეზოს ლამაზად მოწყობა და ჩემი ახლანდელი საქმიანობის დაწყებაც მცენარეების უსაზღვრო სიყვარულმა განაპირობა. პირველად საყვავილე ფისო დავამზადე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს სამეგობროში და მათმა რჩევამ, წახალისებამ მომცა ბიძგი, რომ შემექმნა უამრავი ახალი დეკორაცია.

- რამდენი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული?
- სამი წელია, რაც დეკორაციებს ვამზადებ. თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდი და არავინ იყო ისეთი, ვისაც ვკითხავდი და მირჩევდა, რომელი საღებავით შემეღება, ან რა მასალა გამომეყენებინა. ინტერნეტშიც არაა ყველა კითხვაზე პასუხი. შემდეგ ყველაფერი გამოცდილებამ მოიტანა.

- რატომ დაინტერესდით და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
- მიყვარს ეზოს გალამაზება. მხოლოდ ყვავილებით ვერ მიიღებ კარგ შედეგს, თუ რამე დეკორაცია ან ლამაზი საყვავილეები არ შეიტანე ბაღში. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ საქმიანობის დაწყება. ვიცი, ბევრი ფიქრობს ასე და მოსწონთ ფერადი დეკორაციები. დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ადამიანი დაინტერესდებოდა ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებით. თავიდან არ ვგეგმავდი ეს საქმე ბიზნესად მექცია, მხოლოდ ჩემი ეზოს გალამაზება მინდოდა, მაგრამ ბოლოს ასე გამოვიდა.

- რა მასალაზე მუშაობთ და როგორ იქმნება თქვენი თითოეული ნამუშევარი?
- ვმუშაობ ცემენტით, ყვითელი ქვიშით. ამასთან, ვიყენებ რკინას. დეკორაციებს ვღებავ გარე ფასადის საღებავით. ასევე ვიყენებ ქვის ლაქს. თითოეულ ნამუშევარს სჭირდება დიდი შრომა, რადგან ყალიბები არ მაქვს და ყველაფერი ხელით კეთდება. დასრულებამდე ბევრ პროცედურას გადის. თანდათან ემატება ცემენტი და ასე იღებს საბოლოო სახეს. ყველა ჩემს ნივთზე მწყდება გული, როდესაც მიაქვთ.

- ვინმე გეხმარებათ მათ შექმნაში, თუ მარტო მუშაობთ?
- ჩემი შვილები მეხმარებიან. უფროსი - ნინო, 15 წლის არის და უმცროსი, თემური, 11 წლის. საკმაოდ კარგად გამოსდით ხატვა და შეღებვაში მეხმარებიან. მათ უკვე ბევრი რამ იციან, ბევრი დეკორაციის დამოუკიდებლად შექმნაც შეუძლიათ. ასევე ძალიან მეხმარება ჩემი ძმისშვილი ქეთევანი.

- ძირითადად რა დეკორაციებს ქმნით?
- რასაც მომხმარებელი მოისურვებს, ყველაფრის შექმნა შემიძლია. როდესაც პირველად ვქმნი რამეს და რთულად მეჩვენება, დიდხანს ვფიქრობ, როგორ გავაკეთო. ბოლოს თითქმის ყოველთვის ვიღებ სასურველ შედეგს. დამზადებული მაქვს ფლამინგოები, ბაყაყები, სოკოები, სოკოს მაგიდა და სკამები, ვირი ურმით, ზღარბები, ირმები, გნომები, საახალწლო ფიგურები, სხვადასხვა სახის და ფორმის საყვავილეები და კიდევ ბევრი რამ...

- ყველაზე მეტად რა მოსწონთ, რომელი დეკორაციის დამზადებას გთხოვენ უფრო ხშირად?
- ყველზე მეტად მოსწონთ და ხშირად ვამზადებ საყვავილე კალათებს, ქოთნებს და სოკოებს.

- თქვენ თავად თუ გაქვთ ლამაზი ეზო? ალბათ საკუთარი ნამუშევრებით ალამაზებთ ეზოს...
- დიახ, მაქვს ბაღი და მაქსიმალურად ვცდილობ გავალამაზო. ეზოში მაქვს ჩემი დეკორაციებიც, ასევე მდინარის ქვებით მაქვს აშენებული დუმფარების პატარა აუზი, კალათები და მაქვს ბევრი ყვავილი. ყოველ გაზაფხულს სულმოუთქმელად ველოდები. ახალი იდეებით და ნამუშევრებით ვეგებები ყვავილების აყვავებას.




მერი ბლიაძე

კომენტარები

დარეჯანი 2024-02-16 17:14
გამარჯობათ როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ
მარიამ 2021-12-04 20:08
სად შეიძლება ნახვა და შეძენა
მარიკა 2021-08-12 20:22
დაგელიცოთ მარჯვენა.უკვე მერამდენედ ვათვალიერებ.ბრავო
keti 2020-11-29 15:57
agprtovanebuli davrchi kochag carmatebebs gisurveb amovicere shentan damakavshirebeli monacemebi da namdvilad gagaketebineb ramodenime nimushs esaa gmertisgan minichebuli sachukari ar ici adamianma rodis gamoikeneb da rodis gaagrmaveb kovelive kargs gisurveb gvimravlos shenairi nichieri da mshromeli xelovani
ნინო 2020-11-27 23:30
ულამაზესია!. ყოჩაღ! უნიჭიერესი ქალი ! ასეთი ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ!! წარმატებები!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები