ხანძრის შემდეგ ერთ თვეში აღდგენილი და გაფერადებული სახლი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები მოხიბლა - "მთავარ ძალას ერთ მუშტად შეკრული ჩემი ოჯახი მაძლევდა"

ერთმა არასასიამოვნო ფაქტმა შესაძლოა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. თუმცა, ისეც ხდება, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. ასე მოხდა ჟურნალისტ ეკატერინე კაცაძის ცხოვრებაში. პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნი იყო გამოცხადებული, სრულად დაიწვა სოფელ ჩაჩუბეთში მდებარე მისი სააგარაკე სახლი. თუმცა ოჯახმა დიდი ძალისხმევის, შრომის შედეგად სახლი ერთ თვეში აღადგინა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ეკატერინემ ინტერიერის დიზაინი თავად დაგეგმა და ავეჯიც თავად განაახლა. შეიძლება ითქვას, სახლს მეორე სიცოცხლე აჩუქა.

- კვალიფიკაციით ელექტრო ინჟინერი ვარ თუმცა, არასოდეს მიმუშავია სპეციალობით. ჩემს
პროფესიად ჟურნალისტობას მივიჩნევ. რაც თავი მახსოვს, სულ ამ სფეროში ვარ, მათ შორის, უკვე 20 წელზე მეტია საჯარო სამსახურის პრესცენტრის ჟურნალისტად ვმუშაობ. მიტაცებს კულინარია, კონდიტერია. განსაკუთრებით მიყვარს სადღესასწაულო ტორტების მზადება. სხვათა შორის, ეს ჩემი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო რთულ 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც მეუღლე 25 წლის ასაკში გარდამეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი დამრჩა გასაზრდელი.

- რამდენიმე თვის წინ არასასიამოვნო ფაქტი შეგემთხვათ, დაიწვა თქვენი საცხოვრებელი სახლი. მოგვიყევით ყველაფერი როგორ მოხდა?
- პატარა, ფინური კოტეჯის ტიპის სახლი, რომელიც თეძამის ხეობაში, სოფელ ჩაჩუბეთში მდებარეობს, იმდენადაა მოწყვეტილი ცივილიზაციას, რომ უახლოეს მაღაზიამდე 12 კმ. მაინც უნდა გაიარო. კორონას პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც გამოცხადდა ეპიდემია და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, გადავწყვიტეთ, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, ჩვენს აგარაკზე წავსულიყავით.
სულ რაღაც ორიოდე კვირის ჩასული ვიყავით, როდესაც ხანძარი გაჩნდა. სრულად დაიწვა პირველი სართული. ძლივს მოვასწარით სახლიდან ორი მოხუცი ადამიანის და მძინარე ბავშვის უვნებლად გამოყვანა. შუაღამისას, ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით და ერთადერთი მეზობელი ოჯახის დახმარებით მოგვიწია, ვინაიდან სახანძრო მანქანა ამოსვლას, იმ მიუვალ გზებზე, ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.

ჯერ კიდევ ძლიერი ყინვები იყო. რა თქმა უნდა დავრჩით გათბობის, პროდუქტების და ავეჯის გარეშე. „ლოქდაუნი“ წინა დღის გამოცხადებული იყო, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ სამშენებლო მასალა გვეშოვა, მინიმალური იყო. ამ დროს უკვე აკრძალული იყო საქალაქთაშორისო მოძრაობა, რის გამოც თბილისში ვერ დავბრუნდებოდით. უნდა გვემოქმედა... ირიჟრაჟა თუ არა, რაიონული ცენტრისკენ გავემართეთ იმ იმედით, რომ სადმე რამეს მივაგნებდით. სარემონტო სამუშაოებისთვის გარკვეული მასალის ყიდვა მართლაც მოვახერხეთ.

- ვინ აღმოგიჩინათ დახმარება?
- კეთილი ადამიანების დახმარებით, სახლი დამწვარი ნივთებისგან, დილით უკვე დაცლილი დაგვხვდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იმედის პირველი ნაპერწკალი, რომ ჩვენ შევძლებდით, ეს ადგილი ისევ მყუდრო ბუდედ გვექცია.

- ალბათ განსაკუთრებით რთული იყო დამწვარი სახლის აღდგენა. როგორ დაგეგმეთ ეს პროცესი და ყველაზე მეტად რა პრობლემებს წააწყდით?
- სიმართლე რომ გითხრათ, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა. ფაქტობრივად ვიყინებოდით. სწრაფად უნდა გვემოქმედა. ეპიდემიიდან გამომდინარე, არ გვინდოდა ოჯახში ხელოსნები მოგვეყვანა. გადავწყვიტეთ სახლი ჩვენივე ხელით გაგვეკეთებინა. მიზნად დავისახეთ, ის იმაზე ფერადი და ლამაზი ყოფილიყო, ვიდრე მანამდე იყო. ბუნებრივია, ამის იმედს და მთავარ ძალას, ერთ მუშტად შეკრული ჩემი ოჯახი მაძლევდა.

- ყველაფერი რასაც დღეს ვხედავთ, თქვენი ხელით და იდეით გააკეთეთ?
- იდეა მართლაც მე მეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ შვილებთან აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ხოლმე, ამ საკითხში პოზიციებს თითქმის ვერასოდეს ვთმობდი. ჩემს წარმოსახვაში შედეგს ყოველთვის ვხედავდი. ზუსტად ვიცოდი, რა და რატომ მინდოდა. პრინციპში ფუნქციები გადანაწილებული გვქონდა. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, „შეფი“ ჩემი ქალიშვილის მეუღლე იყო. მე და ჩემი გოგო ამ მიმართულებით, მას „ვემორჩილებოდით“.

- ავეჯის რესტავრაცია ამ შემთხევის მერე შეისწავლეთ, თუ მანამდეც გაინტერესებდათ?
- ვერ ვიტყოდი, რომ ავეჯის რესტავრაცია იყო ჩემი ინტერესის სფერო. რემონტები უფრო მიზიდავდა. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა არაფრისგან შედეგის მიღება. ჩემი და ჩემი შვილის სახლების დაპროექტებამ, დიზაინმა, რემონტმა, იმდენად გამიტაცა, ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყების სურვილიც კი გამიჩნდა.
რაც შეეხება ავეჯის რესტავრაციას, ეს სწორედ ხანძრის შემდგომ დავიწყე. ძალიან მინდოდა, სახლი, სადაც ზაფხულობით მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ, მყუდრო, ნათელი და ფერადი ყოფილიყო. ეს შედეგი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით, როგორღაც უნდა მიმეღო, რაც ვგონებ, გამოგვივიდა კიდეც.

- რა სახის ავეჯის რესტავრაცია გაქვთ გაკეთებული?
- ახალი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ფიზიკურად არ იყო, ამიტომ ყველაფერი, რაც მოვიძიეთ, ძველი სკამები, სავარძლები, კარადა, მაგიდა, ყველაფერი გავაახლეთ.

- როგორ უკეთებთ ავეჯს რესტავრაციას, რა ეტაპებს გადიხართ, რა მასალას და ქსოვილს იყენებთ?
- იმდენად ექსტრემალურ და არაორდინარულ პირობებში გვიწევდა მუშაობა, რესტავრაციისთვის საჭირო პროცედურები სრულად ვერ დავიცავით. მარტივად შევეცადეთ შედეგისთვის მიგვეღწია. გამოვიყენეთ ხელთ არსებული ქსოვილი და ზეთოვანი საღებავი. საქმე შედარებით გაგვიმარტივა ჰაერის კომპრესორმა, რომლის საშუალებითაც შევღებეთ ძველი ავეჯი.

აგარაკის ავეჯით მიღებულმა შედეგმა სითამამე შეგვმატა და უკვე თბილისის სახლის ავეჯის რესტავრაციაც „გავბედეთ“. გავაახლეთ პიანინო, სავარძელი, მაგიდა, კარადები, სკამები. ამასობაში, სამზარეულო დავამზადებინეთ ერთ ძალიან კარგ ხელოსანს და იმდენად მარტივი გვეჩვენა, რომ გადავწყვიტეთ, შემოსასვლელისთვის კარადაც თვითონვე დაგვემზადებინა. ჩვენდა გასაოცრად, ძალიან კარგად გავართვით თავი. ახლა იმ სტადიაში ვართ, რომ გვგონია აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც ვერ მოვერევით. ამ ურთულესმა პერიოდმა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. არ არსებობს საქმე, რომელსაც მონდომების შემთხვევაში ვერ გაუმკლავდები.

- დღეს ახლობლებიც თუ გთხოვენ დახმარებას?
- კი, რა თქმა უნდა... ახლობლების გარდა უკვე დახმარებას მთხოვენ უცნობებიც. მათ შორის, მომმართავენ კონსულტაციის გაწევის თხოვნით. სიამოვნებით ვუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას და ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ თუ მოინდომებენ, აუცილებლად გამოუვათ.



- როგორია თქვენი საოცნებო სახლი?
- ცოტა რთული კითხვაა... არასოდეს მიოცნებია სახლზე. მთავარია, ამ სახლში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. მთავარია, ამ ადამიანებთან ერთად, ყოველი დღის გათენება მიხაროდეს. ასეთ ვითარებაში, ყოველთვის შეიძლება მოიწყო საკუთარი ოცნების სახლი.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ინგა 2021-02-22 23:00
უმაგრესი,უთბილესი,ულამაზესი ძალიან კეთილი ,ყურადღებიანი უჭკვიანესი...გოგო ხარ ეკაა
მერაბი და თინა 2021-02-20 23:27
ეკა ვამაყობთ შენით. მართლაც სანიმუშო ოჯახი ხართ ერთობლიობაში და ამიტომაც გამოვიდა ასე მაგრად❤❤❤
ქეთი 2021-02-19 00:09
ვამაყობ შენით! მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდა!
თამრიკო 2021-02-17 12:33
ჩემი ჭკვიანი და ყოჩაღი გოგო.ბავშვობიდან ნიჭიერო და დაუღალავო.ბევრი ბედნიერება და უფლის წყალობა შენ ეკოო????❤
Shorena 2021-02-17 12:25
Chemo bavshvobis megobaro darwmundbjli viyavi shdn amas shedzlebdi chemo ketilo da chkviano megobaro

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები