"მინდოდა განსაკუთრებულად მშვიდი, მყუდრო და ზღაპრული გარემო შემექმნა" - მამა-შვილის ხელით და მათივე გემოვნებით ბორჯომში მოწყობილი საოცარი აგარაკი

კომფორტი აგარაკზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ბევრი ცდილობს, მაქსიმალურად მოაწყოს მოსახერხებელი და კომფორტული გარემო. ხელოვნებათმცოდნე ხატია მელიქიძემ ბორჯომში აგარაკზე საკუთარი გემოვნებით, დიზაინით და ძალისხმევით ულამაზესი ინტერიერი მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს, ხატია მაინც ახერხებს ხშირად ესტუმროს ხეობას და ყველა ჯერზე აგარაკს განსაკუთრებული დეტალები შემატოს. 

- ინტერიერის დიზაინში გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ვეცნობი სხვადასხვა საიტზე და სოციალურ ქსელში ინტერიერის დიზაინს, შემდეგ მეც ჩემს წარმოსახვაში ვქმნი ამა თუ იმ კუთხის დიზაინს.
დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა, სახლის მანსარდა გაგვეკეთებინა მთლიანად ხის მასალით. თავდაპირველად
გავაკეთეთ მონახაზი, მაგრამ მუშაობის პროცესში მოგვიხდა ბევრი ცვლილებისა და კორექტირების შეტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ხე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ჩვენს შემთხვევაში ხარჯები დაიზოგა და ნაკეთობა მთლიანად შეასრულა მამამ. თითოეულ ხის ფიცარს აქვს გავლილი რამდენიმე დამუშავების ეტაპი და საბოლოოდ მიღებულია დაძველების ეფექტი. ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენლად დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვდა ეს ყველაფერი, თუმცა დაახლოებით წელიწად-ნახევარში შედეგი მივიღეთ. აივნის მოწყობა, საძინებელი, სამზარეულო, ყველა ნივთი ჩემ მიერ იქნა შერჩეული. ჩემივე შექმნილი მაკრამეს ნამუშევრებიც გამოვიყენე ინტერიერში. ჩემი მიზანი იყო ძველი და თანამედროვე სტილის გაერთიანება. მინდოდა განსაკუთრებულად მშვიდი, მყუდრო და ზღაპრული გარემო შემექმნა.

- მთასთან, ბუნებასთან ახლოს არის თქვენი ინტერიერი. რატომ მიანიჭეთ ხეს უპირატესობა და სხვა რა დეტალები გაითვალისწინეთ რემონტის დროს?
- აგარაკი, სადაც წელიწადის დიდ დროს გავატარებდით, გვინდოდა ყოფილიყო ეკოლოგიურად ჯანსაღი, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში, ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა ხის ინტერიერს. ჩვენი სახლი ტყის პირას მდებარეობს. უკან ტყის საფარია, წინ კი - მთის ხედები, ამიტომ ასეთ ადგილას რა შექმნიდა უფრო ზღაპრულ გარემოს, თუ არა ხე?

- ზაფხულში ოთახები ცხელი არ არის?
- ამ ზაფხულს პირველად მოგვიწევს აქ დროის გატარება. სიცხისა და სიცივისგან დასაცავად სახურავსა და ხეს შორის გამოვიყენეთ დამცავი შიგთავსი. თბილი ამინდების მიუხედავად, ჯერჯერობით სახლში შენარჩუნებულია სიგრილე. უფრო ცხელ თვეებში ვიმედოვნებთ, ეს პრობლემა თავს არ იჩენს.

- სხვა რა უპირატესობა აქვს ხეს?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ჯანსაღი, ბუნებრივი და ნატურალურია. ძალიან დიდი სხვაობაა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარასა და ხის კარ-ფანჯარას შორის, ასევე ლამინატსა და ხის იატაკს შორის. ფაქტობრივად ხე სუნთქავს.

- ბორჯომი განებივრებული არ არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებით, ფართო არჩევანით, არც შესაბამისი ბაზრობაა. რემონტის დროს ეს დისკომფორტს არ გიქმნიდათ? 
- ეს მართლაც ძალიან დიდ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. ასევე, პანდემიის დროს მოგვიწია სხვადასხვა ნივთის ონლაინ შეძენა, რაც ძალიან გვაშინებდა, არ ვიცოდით როგორი იქნებოდა. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და გადააჭარბა კიდეც მოლოდინს. რამდენიმე ეტაპად მოხდა ყველაფრის შეძენა, ამის შემდეგ კი ტრანსპორტირება. საკმაოდ რთული პროცესი იყო.

- ულამაზესი ვერანდა გაქვთ. მცენარეებიც თავად გაახარეთ?
- ჩვენი ეზოს ტერიტორიაზე არის დახურული და ღია ვერანდა. დახურული ვერანდის მოაჯირები წაბლის ხის მასალით არის გაკეთებული, ღია ვერანდა - ციმბირული ლარიქსის მასალისგან, რომელიც ყველაზე უკეთ უძლებს გარემო პირობებს. მცენარეები ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან მინდა, ბევრი მცენარე და სიმწვანე ეზოში, ამას ერთიანად ვერ ვახერხებ, ამიტომ წესად მაქვს, თბილისიდან ბორჯომამდე ერთი მცენარე აუცილებლად უნდა გავიყოლო. ორი წლის წინ მონსტერა შევიძინე, პატარა ზომის. ამ პერიოდში მოვახერხე და ორი ახალი ძირი გავახარე.

- ჩემი ყურადღება მიიქცია წითელმა ნეკეჩხალმა. ბორჯომის ჰავას როგორ ეგუება?
- წითელი ნეკერჩხალი წელს შევიძინეთ. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ გაუმკლავდება აქაურ კლიმატს. როგორც გავიგე, მზე უყვარს და ეზოში ყველაზე მზიან ადგილას გამოვუნახე ადგილი.

- დღევანდელი გადმოსახედიდან რა შენიშვნები გაქვთ საკუთარ თავთან და რას შეცვლიდით ინტერიერში?
- ამ სივრცეში შენიშვნები ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა დეტალების დამატებას ვგეგმავ. პირველ რიგში წიგნების კუთხე მინდა მოვაწყო და რამდენიმე ფერწერული ტილო შევიძინო. აივნის ერთი კუთხე დასასრულებელია, ველოდებით ერთ თვეში შეკვეთილი ავეჯის ჩამოტანას და მცენარეების დამატებას. შემოდგომიდან ამ პროცესებს შევუდგებით.








მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება