სახლი და ეზო ზუგდიდიდან, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

ზუგდიდი რომ ლამაზი ბაღების სიმრავლით გამოირჩევა, ბევრი დამეთანხმებით. ჩვენც ვცდილობთ აქტიურად გავაშუქოთ თითოეული და მათი სილამაზით დაგატკბოთ. ამჯერად ქალბატონ მაკა კორკელიას ულამაზეს ბაღს წარმოგიდგენთ, რომელიც ბლოგერმა დუდანა ზაქარაიამ წარუდგინა ფართო საზოგადოებას და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ბევრ ადამიანს დაამახსოვრა თავი. 

- პროფესიით მუსიკოსი ვარ. ვცხოვრობ სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში. მიტაცებს მცენარეები და მათი მოვლა. მიყვარს როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის მცენარეები. მომწონს ძველი ავეჯის რესტავრირება.


- მოგვიყევით სახლზე, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო…

- სახლი დაპროექტებულია 80-იანი წლების დასაწყისში, ახალგაზრდა არქიტექტორის ზურა ქავთარაძის
მიერ. ეს იყო მისი სადებიუტო პროექტი, რომლითაც მან 1983 წელს საკავშირო მასშტაბით გამართულ არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა.

თავდაპირველად სახლის აშენების უფლებას არ გვაძლევდნენ, რადგან არასტანდარტული დაგეგმარების იყო (მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკმაოდ რთული იყო არასტანდარტული სახლის აშენება), სწორედ ამიტომ სახლი რამდენიმე წელი შენდებოდა, რათა ის სრულყოფილი სახე მიეღო, რაც თავიდანვე პროექტით იყო ჩაფიქრებული.


- ძალიან გემოვნებით ერწყმის ერთმანეთს ფერები, ნივთები. ვის ეკუთვნის სახლის დიზაინი და რატომ შეარჩიეთ ეს სტილი?
- სახლი აშენებულია არმავირის აგურისგან, ხოლო გადახურულია მარსელის კრამიტით. სახლის ინტერიერზე ოჯახის წევრებმა ერთობლივად ვიმუშავეთ. რემონტის დაწყებისას მთავარი ამოცანა იყო, რომ სახლი ყოფილიყო მაქსიმალურად ნათელი, მშვიდი და მყუდრო. სწორედ ამიტომ, ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია პასტელური ფერები, ბუნებრივი მასალები: მუხა, წითელი ხე, ლარიქს და ნატურალური ქსოვილები რბილი ავეჯისთვის.




- ძალიან ბევრი მცენარე ამშვენებს თქვენს სახლს. ვინ უვლის მათ?
- მცენარეები ჩვენი სახლის ინტერიერის და ექტერიერის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ჩვენს ეზოში შევხდებით 10, 20, 30 წლის მცენარეებს, როგორც მარადმწვანე, ისე ყვავილოვან მცენარეებს (პალმა, უთხოვარი, არაუკარია, ვერცხლისფერი ტუია და სხვა).

ბაღის მოვლაში ოჯახის თითოეული წევრი არის ჩართული. თუმცა ასევე გვყავს დეკორატორი, რომელიც პერიოდულად გვაკითხავს და გვეხმარება მცენარეების მოვლასა და ფორმირებაში.

- ალბათ არაერთი ადამიანი გსტუმრობთ. ისინი როგორ აფასებენ თქვენს ნაშრომს?

- თავდაპირველად, როდესაც სახლი შენდებოდა, იყო ჭორები, რომ სასტუმროს ვაშენებდით, თუმცა ეს მაშინ არც გვიფიქრია. წლების შემდეგ კი მართლაც გახდა სასტუმრო. სასტუმროს ჩვენმა სტუმრებმა თბილი სახლი შეარქვეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენს ჩანაფიქრს, ჩვენს დამოკიდებულებას სტუმრების მიმართ. ჩვენი მიზანია, რომ აქ მოსულმა სტუმარმა თავი იგრძნოს ისე, როგორც საკუთარ სახლში და ძალიან გვიხარია, როდესაც მათგან ვისმენთ დადებით და პოზიტიურ უკუკავშირს.


- ზუდგიდი გამოირჩევა ლამაზი ეზოებით. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?
- სამეგრელო და განსაკუთრებით ზუგდიდი მართლაც გამოირჩევა მოწესრიგებული და ლამაზი ეზოებით, ეს კი დადიანების დიდი დამსახურებაა. მათ პირველებმა შემოიტანეს სამეგრელოში ევროპული კულტურა, მათ შორის ბაღის გაშენების და მოვლის, რასაც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც მოწმობს, რომელიც დღემდე ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათია.








მერი ბლიაძე

კომენტარები

თამუნა 2023-12-01 12:14
რა ლამაზია ყველაფერი
Კახეთი 2023-12-01 10:26
Დადიანების დამსახურება კი არა, ხალხია სიკოხტავის მოყვარული
zurab 2023-08-03 09:13
ძალიან მომეწონა, მეგრელებმა იციან სახლის მოწყობა-გალამაზება
ნონა 2023-08-02 15:16
სადა და ლამაზი!
ნუნუ 2023-08-02 15:14
სამეგრელოა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები