გოგონა, რომელიც გარდაცვლილი დედის დანატოვარ ყვავილებს უვლის

სალომე დიღმელაშვილი მეოთხე კურსის სტუდენტია. 12 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. დედამ უამრავი, ულამაზესი ყვავილი დაუტოვა... თუმცა სალომე იმდენად დაბნეული იყო, იმ ეტაპზე ყვავილები არც გახსენებია. 20-მდე ქოთნის ყვავილი სულ რამდენიმე დღეში დაჭკნა და გახმა. საბედნიეროდ, სალომე მალევე მიხვდა, რომ დედის დაწყებული საქმე უნდა გაეგრძელებინა. დღეს მისი ყვავილები აღფრთოვანებს და დიდ მოწონებას იმსახურებს.

- სტუდენტი ვარ და ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე, უკვე მეოთხეკურსელიც გავხდი. ჩემი ძირითადი დრო სწავლას ეთმობა. ბევრ ჰობისთან ერთად ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა ყვავილების მოვლაა,
რომლითაც არასდროს ვიღლები და პირიქით - დიდ ენერგიას მაძლევს.

- ყველაფერს თავისი მიზეზი და საწყისი აქვს. ყვავილების სიყვარული როგორ გაჩნდა?
- თამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ბავშვობა ყვავილებთან ერთად ვიზრდები. დედას ძალიან უყვარდა ყვავილები. უამრავი ყვავილი გვქონდა, მომწონდა გამწვანებული სახლი, მაგრამ მე არასდროს ვიღებდი მონაწილეობას მოვლაში. სიმართლე, რომ ვთქვა დედა არც გვაკარებდა არავის და თავად უვლიდა. 12 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა და დაახლოებით 20-მდე ქოთნის ყვავილი სულ რამდენიმე დღეში დაჭკნა და გახმა. დარჩენილი მცენარეები არც მახსოვდა დიდი ხნის მანძილზე და ყურადღებასაც არ ვაქცევდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს საქმიანობა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. ჩემს თავს არ მივეცი იმის უფლება, რომ ყოველთვის აყვავილებულ სახლში დამჭკნარი ყვავილები მქონოდა. 14 წლიდან შევუდექი ამ საქმინობას და ვცდილობ ისეთ მდგომარეობაში მქონდეს აივანი, როგორც დედას ექნებოდა და გაუხარდებოდა. ვფიქრობ, ნამდვილად მოვაწონებდი თავს ჩემი აივნით.

- რამდენად რთული იყო ეს გზა?
- რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ვიყავი, წესიერად არ მქონდა გაცნობიერებული მომხდარი ფაქტი. ასეთი ამბების შემდეგ რთული იყო მცენარეებზე გადართვა. დაახლოებით ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეაზრებინა, დარჩენილი ყვავილები რამდენად მნიშვნელოვანი იყო და იქნებოდა ჩემთვის. კადრებად ვიხსენებდი, როგორ რწყავდა და რგავდა ყვავილებს დედა. შევიყვარე ყველა ის მცენარე, რომელიც მას უყვარდა და დიდი სიფრთხილით ვუვლიდი, როგორც შემეძლო. ყველა ყვავილი რაღაც ისტორიას ინახავდა და მე ამ ისტორიის წაშლა, გაქრობა არ შემეძლო. ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა.
აივანი თავისი ფორმებიდან გამომდინარე იტევს დიდი ზომის ყვავილებსაც. მაქვს ორი 13-14 წლის ბარაქის ხე, ლიმონის ხე, არმები. მოაჯირი სპეციალურად არის მთელ აივანზე ისეთი, რომ ქოთნები დაიდოს, ამიტომ დაკიდებული ყვავილებიც შეიძლება დალაგდეს, რომელიც ავსებს და ალამაზებს აივანს. მიყვარს, როდესაც ერთი სახეობის ყვავილის კოლექცია მაქვს, მაგალითად პელარგონია. მაქვს მთლიანობაში 10 ფერი, ზოგი დაკიდებული, ზოგი ჩვეულებრივად დატოტილი. მაქვს ჯუჯა ვარდები, აზალია, კალანჰოე, აიხრიზონი, მონსტერა, ამარილისი, კალა, ბეგონია, სუკულენტი, არმა, გვიმრა, ყოველწლიური ზაფრანები და პეტუნიები, რამდენიმე სახეობის კაქტუსი, ფუკსია, ქლოროფიტუმი, ტრადენსკაცია, სანსივიერა, ალოე, ბარაქის ხე, ჰოია, შლუმბერგერა ანუ დეკემბერა.

- ყვავილების მოვლა როგორ ისწავლე? თითოეულ ყვავილს ხომ განსხვავებული მოვლა სჭირდება?
- თავიდან პატარაც ვიყავი და გამოცდილებაც არ მქონდა, ამიტომ ცდებს ვატარებდი და დასაწყისში ბევრი ყვავილის გადარგვაც კი კრახით დასრულდა. ნელ-ნელა ყველაფერი ჩემით ვისწავლე, მინდოდა დამოუკიდებლად ამეთვისებინა და მომევლო მცენარეებისთვის. იმ ყვავილების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც სპეციფიკური მოვლა სჭირდებათ, ინტერნეტში ვეძებდი. სოციალურ ქსელში ჯგუფში "ყვავილნარი" ბევრია ყვავილების მოყვარული. კითხვების შემთხვევაში ერთმანეთს მივმართავთ, ვეხმარებით და გამოცდილებას ვუზიარებთ.

- დღეს რამდენი ქოთანი ყვავილი "ცხოვრობს" თქვენს სახლში?
- დღეს დაახლოებით 100-ზე მეტი ქოთანი "ცხოვრობს" ჩემთან, თუ არ ჩავთვლით ჩითილებს და პატარა ქოთნებს, რომლებშიც უბრალოდ გასამრავლებლად მაქვს ყვავილები.

- ფავორიტი მცენარე რომელია?
- არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს პელარგონია. 10 სხვადასხვა ფერის ძირი მაქვს ახლა, ზოგი დაკიდებული, ზოგი ჩვეულებრივად დატოტილი. მომწონს, რომ ვაგროვებ და ბევრნაირი მაქვს. კიდევ ვაგრძელებ და მინდა უფრო მრავალფეროვანი გავხადო კოლექცია. ძალინ ბევრი წყალი არ უყვარს. რადგან აივანზე მაქვს მცენარეები, დღის განათება ყველას თანაბრად წვდება, თითქმის ყოველ საღამოს ცოტა წყალი სჭირდება, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით. ფორმის მიცემა თავად შეგიძლია გასხვლით. მოჭრილი ტოტებით მარტივად ვამრავლებ მათ, რაც ძალიან კარგი თვისებაა მცენარის.
ასევე ძალიან მიყვარს ლიმონის ხე, რომელსაც ძალიან ბევრი მოვლა სჭირდება. შეწამვლა, სწორი მზის განათება, ფოთლების გაწმენდა, ხშირი მორწყვა, ძირითადად ტენიან ადგილებში უფრო კარგად ხარობს, ამიტომ ცოტა რთული გასახარებელია აღმოსავლეთში. დიდ ქოთანში მაქვს და ეზოში არ ვრგავ კლიმატის გამო. შარშან ძალიან არომატული და გემრიელი, 30 ლიმონი მოისხა.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინო 2017-08-17 17:25
უფალმა დაგლოცოს გენაცვალე ყოცჰაგ რომ პოვე გამოსავალი და დედის ტრადიცია გააგრზელე დიდი სილამაზეა სჰენი დედილო გხედავს და ამაყია სჰენიტ
keti 2017-08-02 12:17
kargia rodesac shvili gardacvlil mshobelsac cems pativs salomec bunebitac etkoba kargi sulis da gulis bavshvia dedac rom cocxali koloda sxva ramitac ikneboda gamorcheuli gmertma kovelive kargi misces salomes da sul gaxarebuli akv avebuli dagvenaxos da gagvegos misi koveli gadadgmuli nabiji
yes 2017-07-26 23:25
ulamazesi garemoa pirvel syratze , sad aris, tbiliss namdvilad ar gavs

yochag salome
ნონა 2017-07-10 21:53
ღმერთმა დაგლოცოს საყვარელო, მეც დედის სიყვარული და მონატტრება ყვავილებში გადავიტანე... დედა ღმერთს ებარებოდეს შენ სიხარული და წარმატება...
თეა კბილცეცხლაშვილი 2017-06-25 22:24
სალომე უსაყვარლესი, უნიჭიერესი და ძალიან თბილი გოგონაა. სტუდენტობის პერიოდში მეგონბრებს და პროფესორებს ძალიან შეაყვარა თავი. ამრავლოს შენნაირი ახალგაზრდები ჩემო კარგო და ყვავილებით მორთულ გზებზე გევლოს მუდამ . . . მიყვარხარ და მეამაყები . . .

კომენტარის დამატება