როგორ ავარჩიოთ ავეჯი ეზოსთვის - რჩევები და მოვლის წესები

სააგარაკო სეზონი უკვე დაიწყო, ამიტომ ეზოების კომფორტსა და შესაბამის ავეჯზე ზრუნვის დრო მოვიდა. სიმყუდროვე მხოლოდ სახლში კი არა, ეზოშიც უნდა იგრძნობოდეს. ბაღის ავეჯი სულ სხვა იერს ანიჭებს ღია სივრცეს. ამ ლამაზ ავეჯზე მოკალათებული ჭიქა ყავასა თუ ჩაის განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევ. გთავაზობთ სხვადასხვაგვარი მასალით დამზადებული სააგარაკო ავეჯის პლუსებსა და მინუსებს. აირჩიეთ, რომელი გამოგადგებათ ვერანდაზე, რომელი - ღია ტერასაზე და რომელი - ბაღისთვის.

1. პლასტმასის ავეჯი
ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური ვარიანტია ბაღისთვის. ფორმა კი ნებისმიერი შეგიძლიათ შეარჩიოთ დაწყებული კლასიკური სავარძლებიდან, პლაჟის შეზლონგებით
დამთავრებული. ეს ავეჯი ნებისმიერი ზომის დასასვენებელ ზონას კომფორტულს გახდის.
პლუსები: პლასტმასის ავეჯი საკმაოდ იაფია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზაფხულშიც და ზამთარშიც, ის ყოველგვარი დეფორმაციის გარეშე უძლებს სიცხესა და ყინვას, არც წვიმა აფუჭებს და არც ქარისგან წაქცეულს გაუფუჭდება რამე.


მინუსები: სამწუხაროდ, პლასტმასის ავეჯი მალე იმტვრევა, მისი შეკეთება კი შეუძლებელია. ეს ალბათ, ერთადერთი მინუსია მისთვის.
მოვლა: წყალი და ტილოც საკმარისია მტვრის ფენის მოსაცილებლად. თუ ლაქებს ამჩნევთ, სოდით, მდოგვის ფხვნილით ან რაიმე რბილი სტრუქტურის სარეცხი საშუალებით გაასუფთავეთ.

2. ხის ავეჯი
რა უნდა იყოს ხეებისა და ყვავილების გარემოცვაში უფრო ჰარმონიული, ვიდრე ხის ავეჯია?! მრავალფეროვანი ნატურალური ელფერის წყალობით, ხისგან ნებისმიერი სტილის ავეჯს მივიღებთ. მყუდრო ხის საჩრდილობელი ხომ ძალიან ბევრი მობინადრის ოცნებაა.
პლუსები: გარეგნული მიმზიდველობა და ნატურალური მასალა. გემოვნებით შერჩეული ხის სააგარაკო ავეჯი ძალიან უხდება ლანდშაფტის დიზაინს და ძალიან დიდხანსაც მოგემსახურებათ. ხის ნაკეთობას შეუძლია თაობებს გაუძლოს და საჭიროების შემთხვევაში რესტავრირებაც შეიძლება.


მინუსები: მისი მთავარი ნაკლი ამინდზე და ტენიანობაზე დამოკიდებულებაა. სპეციალური ლაქებით, ცვილითა თუ საღებავებით დაფარვა მას ნესტისა და ტემპერატურის ცვლილებისგან დაიცავს.
მოვლა: სჭირდება ლაქით ან სპეციალური ზეთით დაფარვა, ასევე წყალგამძლე ლაქი და საღებავები. თუ ნაკაწრის ან ლაქის მოშორება გსურთ, მშრალი სახეხი ქაღალდი, ზუმფარა გამოიყენეთ. შემდეგ მტვერი გადაწმინდეთ და ლაქი წაუსვით.

3. ლითონის ჭედური ავეჯი

თანამედროვე ჭედური ავეჯი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ელეგანტური ფეხები, ლამაზად გამოყვანილი ზურგი, დახვეწილი დეტალები - ასეთი ავეჯი ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს.
პლუსები: ეზოსთვის მართლაც ფასდაუდებელია. უძლებს ნებისმიერ დატვირთვას, მისი გატეხვა ძალიან გაგიჭირდებათ. ლითონი მზის სიმხურვალესაც უძლებს და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართაც მდგრადია. მისი იერსახის შეცვლაც ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, რადგან ძალიან კარგად იღებება.

მინუსი: მისი ნაკლი მაღალი ფასია. სულ ეს არის.
მოვლა: ძალიან მარტივი მოსავლელია. მთავარი წესი: წელიწადში 2-3-ჯერ ანტიკოროზიული საღებავით უნდა შეიღებოს და გარწმუნებთ, თქვენს შვილთაშვილებსაც მოემსახურება.

4. დაწნული ავეჯი
ის ხის ავეჯის "ახლო ნათესავია". ეს როტანგის ავეჯია. როტანგი ბუნებრივი მასალაა - როტანგის პალმის გამომშრალი ლიანები, რომლებიც ტროპიკული აზიიდან ჩამოაქვთ. მისი  ეგზოტიკური წარმოშობის მიუხედავად, როტანგის ავეჯი დასავლეთშიც ძალზე პოპულარულია.  მისი წარმოება დიდი ხანია ავტომატიზირებულია, ამიტომ ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია. 
პლუსი: საოცარი დრეკადობა და სიმსუბუქე. ამ მასალას ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. მეტალთან, ტექსტილთან და მინასთან კომბინაციაში კი ეს ავეჯი ძალიან დახვეწილია. ატმოსფეროსაც შესაბამისს ქმნის. მზეზე არ ხუნდება, უძლებს 300 გრადუსამდე სიცხეს, წყალში არ ლპება და ვიზუალურადაც ლამზია. არის სხვადასხვა ფერი და შეიძლება ნიბესმიერ ზედაპირზე მოწვნა. მარტივად არ ფუჭდება. ბალიშები ეხსნება და ეს კარკასი შეიძება ზამთარ-ზაფხულ იდოს.

მინუსი: ფაქიზია და ტემპერატურის ცვალებადობაზეა დამოკიდებული. ზამთარში მისი გარეთ დატოვება არ შეიძლება. შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაწნული ავეჯის სიმყარე კარკასზეა დამოკიდებული. ჯობს იყოს რკინაზე და არა ალუმინზე.

მოვლა: ნესტისგან და ყინვისგან უნდა დაიცვათ. გაასუფთავეთ მტვერსასრუტის რბილი ავეჯისთვის განკუთვნილი თავით. ზედაპირები მარილწყალში დასველებული ტილოთიც კარგად იწმინდება. წელიწადში ერთხელ, სეზონის წინ საპნიანი წყლით გარეცხეთ. გამოყენებამდე როტანგი კარგად უნდა გაშრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეფორმირდება და შეიძლება გატყდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები