"ქოთანში ულამაზესია, იყიდი და სულ მალე კვდება" - როგორ მოვიქცეთ, რომ ნაყიდი მცენარე არ მოგვიკვდეს


ალბათ ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია, რომ ნაყიდი მცენარე არცთუ ადვილი მოსავლელია, უფრო სწორად, ხშიარდ კვდება, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ სწორად მოვუაროთ ხოლმე და გამყიდველის ყველა რეკომენდაციასაც ზედმიწევნით ვასრულებთ.
დრაცენა, ვარდი, ქრიზანთემა, რომელიც ასე ლამაზად გამოიყურება ყვავილების მაღაზიაში, ლამაზ ქოთანში, რომელსაც იყიდი, მოიტან სახლში და სულ ცოტა ხანში აღარ გაქვს, მცენარე იღუპება.

ნუ იჩქარებთ და ნუ გამოუტანთ განაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად მიზეზი შეიძლება იყოთ არა თქვენ, არამედ გამყიდველი, რომელსაც უნდა რაც შეიძლება სწრაფად გაყიდოს თავისი პროდუქცია.
დავიწყოთ იმით,
რომ ყველა სავაჭრო ცენტრში როდი არის ისეთ პირობები, რომელიც ქოთნის მცენარეებს სჭირდება. როგორც წესი, ასეთ სივრცეში არასდროს არ არის მცენარისთვის საჭირო განათება, საკმარისი დღის სინათლე, რაც საბოლოოდ ნამდვილად დამღუპველად აისახება ნებისმიერ მცენარეზე.
კიდევ ერთი მიზეზ გახლავთ ის, რომ მომგებიანია მცენარის გაყიდვა ყვავილობის პერიოდში, რისთვისაც იყენებენ სპეციალურ საშულებებს, სტიმულატორებს, რაც აიძულებს მცენარეს არაბუნებრივად განვითარდეს და გაიზარდოს. ყვავილობის დროს ის ლამაზ ყვავილებზე ხარჯავს მთელ თავის ენერგიას, ასე ვთქვათ, "იღებს კრედიტს", რომლის გადახდაც მას უბრალოდ აღარ შეუძლია, მას საამისო ძალები აღარ რჩება. ის ვეღარ ახერხებს სიცოცხლის შენარჩუნებას და ამიტომ იღუპება.
ასევე ხშირად გამყიდველები გადაჭარბებულად იყენებენ ზრდის სტიმულატორებს, რის გამოც მცენარეს უვითარდება სხვადასხვა სახის დაავადება, მაგალითად სოკოვანი, რაც საბოლოოდ მისი დაღუპვის მიზეზი ხდება.
არის კიდევ ერთი მიზეზი, როდესაც მცენარის სხვა ქვეყნიდან შემოტანის დროს, იმისთვის, რომ მას თან არ მოჰყვეს რაიმე პარაზიტი, უხვად ასხამენ სხვადასხვა პრეპარატს, რომელიც პარაზიტებთან ერთად მასაც ანადგურებს.

როგორ მოვიქცეთ?


თუ მაინც მოგიწიათ ყვავილის მაღაზიაში ყიდვა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა გადაიტანოთ სხვა ქოთანში და მითვის შესაფერის ნიადაგში. კარგად უნდა შეუმოწმოთ ფესვთა სისტემა და თუ რაიმე დაზიანებას შენიშნავთ, ფრთხილად უნდა მოაჭრათ დაზიანებული ადგილი. ჯანმრთელი ფესვები 2-3 დღით წყალში მოათავსეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანეთ ქოთანში.
ასევე უნდა ეცადოთ ძალიან ფრთხილად, ნაზად დაუფერთხოთ ფესვები, რათა მაქსიმალურად ჩამოაფერთხოთ ძველი მიწა, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცავდეს მცენარისთვის საშიშ ნივთიერებას. ახალ ქოთანში და ნიადაგში გადარგვამდე გულდასმით გაავლეთ გამდინარე წყალში, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს.

კომენტარის დამატება