თვითნასწავლი ხელოვანის მიერ საგარეჯოში მოწყობილი თემატური ბაღი

ლიკა მჭედლიშვილი საგარეჯოში ცხოვრობს. კოსმეტოლოგია და დამღლელი და რთული დღის შემდეგ, დროს თავისი ხელით გაშენებულ ბაღში სასიამოვნოდ ატარებს. ბაღი დედასთან ერთად გააშენა. ლიკა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. მის ბაღშიც არაერთ საუცხოო ნივთს შეხვდებით, რომელიც ბაღის გასალამაზებლად, საკუთარი ხელით შექმნა. ბაღი იმდენად ლამაზია, ხშირად იქ ფოტოსესიებსაც ატარებენ.



- ბაღის გაშენება დიდ ხნის წინ დაიწყო დედამ და უდიდესი შრომა და ენერგია ჩადო. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვარ ჩართული ბაღის მოვლა-გაშენებაში. ყვავილების გარდა ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებით ვაფორმებ ბაღს.



- ვინ უვლის ძირითადად ბაღს, ვისი
იდეებია რეალიზებული?

- ბაღს ვუვლით მე და დედა. იდეებს რაც შეეხება, ერთმანეთს ვუზიარებთ, ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ბაღი სხვადასხვა ზონებად, თემატიკის მიხედვით გვაქვს დაყოფილი. ბაღში არის ქართული, ტრადიციული კუთხე ძველებური ღვინის დოქებით, ღვინის კასრებით, სხვადასხვა ზომის ქვევრებით და ფიალებით გაფორმებული. „ფრანგული“ კუთხე - თეთრი მაგიდა და სკამები, თეთრი ველოსიპედი. ძველებურ სტილში მოწყობილი კუთხე - ძველებური ჭურჭლით, ძველი ავეჯით და ჟურნალ-გაზეთებით გაფორმებული. საბავშვო კუთხე - გადაჭრილ ხეებზე გაკეთებული სახლები. ქვებით მაქვს გაკეთებული სოკოები, ჭიმაიები და ჭიამაიების სახლები, რომლებსაც ბაღში ცალკე ადგილი ეთმობა. ბაღი ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებითაა გაფორმებული.



- როგორ ფიქრობთ, ბაღი გამოხატავს პატრონის ხასიათს?
- რა თქმა უნდა. პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე, ოჯახზე, ეზოდან იქმნება. ეზო და ბაღი გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას.

- რა მცენარეები გაქვთ ბაღში დარგული?
- ბაღში უამრავი მცენარეა. სხავადასხვა სახეობის ყვავილი, დეკორატიული მცენარეები, ხეხილი, ვაზი. უპირატესობას ვანიჭებთ მარადმწვანე და მრავალწლიან მცენარეებს.



- რთულია ბაღის გაშენება და მოვლა? დიდ ძალისხმევას მოითხოვს?
- რთულია იმ მხრივ, რომ ძალიან შრომატევადია და ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. ჩემი დილა იწყება ყვავილების და ბაღის მოვლით. თითოეულ მცენარეს უნდა ჩამოვუარო, მოვეფერო. იმდენად სასიამოვნო პროცესია და ისეთი დადებითი ენერგიით მავსებს, რომ ეს განწყობა მთელი დღის მანძილზე მიმყვება.


- ალბათ მეგობრებს ძალიან უყვართ თქვენთან სტუმრობა. დროს როგორ ატარებთ ულამაზეს გარემოში?
- ჩვენს ბაღში ყველას ძალიან უყვარს სტუმრობა, ხშირად აწყობენ ფოტოსესიებს.



- ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ. როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით და ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ?
- ხელნაკეთი ნივთების გაკეთება 3 წლის წინ დავიწყე. ახალი წელი მოდიოდა და გამიჩნდა სურვილი ნაძვის ხე გამეფორმებინა ჩემი ხელნაკეთი სათამაშოებით. ისე გამიტაცა ამ საქმიანობამ, რომ დამიგროვდა უამრავი სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი, სუვენირები, დეკორაციები. ასევე სხვადასხვა მასალისგან გავაკეთე ჩანთები, ვისწავლე თექაზე მუშაობა და რამდენიმე ჩანთა მაქვს თექისგან გაკეთებული. ყველაზე მეტად მიყვარს მინიატურების გაკეთება და ძალიან ბევრი მინიატურული ნამუშევარი მაქვს: სახლები, პეიზაჟები, ბროწეულების ბაღი, სხვადასხვა სახეობის და დიზაინის მაგიდები და სკამები. ვიყენებ ყველანაირ მასალას. ძველებური მაგიდა და სკამები მაქვს გაკეთებული დაძველების ეფექტით, ძალიან უხდება ბაღს. ორი წლის წინ მქონდა ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. შარშან საშობაო ბაზრობაზე მივიღე მონაწილეობა, ჩემი ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოებით და საახალწლო სუვენირებით. გაფორმებული მაქვს რამდენიმე დაბადების დღე.







- დროს როგორ ანაწილებთ?
- ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ დროსაც სწორად ვანაწილებ. არ ვიღლები, პირიქით ჩემი საყვარელი საქმის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ირაკლი 2020-07-04 08:31
ძალიან ლამაზია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები