"ძროხას ვწველი... ყველის ამოყვანაც ვიცი...ვიღლები, მაგრამ ასეთი ვარ" - 12 წლის ფერმერი


ზოგიერთს ფიზიკურ შრომას სოფლის "ბირჟაზე" ჯდომა ურჩევნია, იმ მოტივით, რომ საქართველოში შრომა არ ფასდება. მაგრამ ამ მოსაზრებას ამსხვრევენ ყვარლის რაიონის სოფელ ძველ გავაზში (ახლანდელი ახალსოფელი) მცხოვრები ლაზაშვილები, ოჯახის უმცროსი წევრის, ლევანის გაცნობისას კი ქვეყანაში "უშედეგო შრომაზე" შექმნილი მითი ფერმკრთალდება...
ჩვენი რესპონდენტი 12 წლისაა. სანაქებო ბიჭი მამა-პაპას ხელიდან სტაცებს საქმეს. თავისი ინტერესებითა და მისწრაფებებით ყველასგან გამოირჩევა, განსაკუთრებით - თანატოლებისგან.

ლაზაშვილებს წლებია, საოჯახო მეურნეობა აქვთ. როგორც ლევანის პაპა ამბობს, 25 ჰექტარზე ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი, მარცვლეული - ყველაფერი მოჰყავთ. მეცხოველეობასაც მისდევენ: ჰყავთ ცხვარ-ძროხა,
ცხენები, ფრინველი, ბოლო დროს მეფუტკრეობასაც მოჰკიდეს ხელი.
ლევანს, გარდა იმისა, რომ შრომა არ ეზარება, ძალიან უყვარს შინაური ცხოველ-ფრინველი, თითოეულს ყურადღებას არ აკლებს და გულიანად პატრონობს...

- სამი წლის წინ მე და პაპამ კვიცი ვიყიდეთ. მე გავზარდე, ახლა ვხედნი, - გვეუბნება 12 წლის ლევანი.
ნინო კუბლაშვილი, ლევანის დედა ამბ­ობს, რომ შვილი უთენია იღვიძებს და მათთან ერთად სამუშაოდ მიდის. დილით საქონელს მოწველის, მერე
გარეკავს. შეიძლება მთელი დღე ნახირშიც იყოს. 5-6 წლისა უკვე ფერმაში რჩებოდა და ყველანაირ საქმიანობაში ერთვებოდა. 5 წლისა ცხენსაც თამამად აჭენებდა. მას მერე, რაც ლევანის პაპამ სოფელთან ახლოს ფერმა გააშენა, შვილიშვილი დროს თითქმის სულ იქ ატარებს. საქონლის მოვლა მისი საყვარელი საქმეა და ძროხებსაც სახელებს არქმევს...

ლევანი: - თუ ფერმაში ბევრი საქმეა, მასწავლებლებს ვეთხოვები და სამუშაოდ აქ მოვდივარ. როცა უფროსებს არ სცალიათ, ფერმის მოვლა-პატრონობას მე მანდობენ და რაც გასაკეთებელია, ვაკეთებ. საქონლის მწყემსვის გარდა, ძროხას ვწველი... ყველის ამოყვანაც ვიცი...
ლევანის პაპა: - თუ ფული ვაჩუქეთ, წავა და ცხვარს ან ციკანს იყიდის. თანხას 5-10 ლარობით აგროვებს. რაც სკოლიდან დაითხოვეს, სახლშიც იშვიათად არის. ამის გამო სოფლის ბავშვები საყვედურობენ... მოკლედ, დაბადებიდან ასეთი ბავშვია. ვეუბნები, დაისვენე, გეყოფა-მეთქი, მაგრამ - რას ამბობ, უნდა ვიმუშაოო.
ლევანი: - კლასელები მეუბნებიან, ხევში წავიდეთ, ვიცურაოთო, მაგრამ მე აქ ყოფნა მირჩევნია, მსიამოვნებს და სახლშიც არ მინდა წასვლა...
ნინო: - მინდორსა და ფერმას რომ არ მოსწყდეს, ყველაფერზე უარს ამბობს. ექსკურსიაზეც არ მიდის. ცოტა ხნის წინ ზღვაზეც არ წავიდა...

- ასეთი დატვირთვისთვის პატარაა და არ უშლით?
- არაფერი გამოგვდის. დილას, 4 საათზე, მინდორში სამუშაოდ თუ მის გარეშე წავედით, თავისი კვადროციკლით მაინც ამოგვაკითხავს. ისეთია, როგორც დიდი კაცი. შარშან საქონელი მთაში გვყავდა და ცხენით მიდი-მოდიოდა, ყველიც ამოჰყავდა... განაგრძეთ კითხვა


კომენტარები

tamuna 2017-08-21 22:03
saamayo da bevristvis samagalitoxar. yochag.covrebashi yvelaper kargs moimki

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები