114 წლის მარნის ისტორია და მისი 25 წლის დიასახლისი ველისციხიდან

ბრინჯაოს სამკაულები, შუბისპირები, სამუშაო და საბრძოლო იარაღები – ეს იმ ნივთების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ისტორიულ სოფელში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. არადა, იგი ბევრ ისტორიასა და საიდუმლოს ინახავს, რომლებიც ჯერჯერობით კვლავ მიწაშია დაფლული.

ველისციხე ქართულ ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან მოიხსენიება. მეცნიერების ვარაუდით, სოფელი ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ პერიოდში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო.



ლეგენდის თანახმად, ყვარლი
დან გადმოსულ მონადირეებს უნახავთ ველზე აშენებული ციხე. მოხიბლულან ამ ადგილის სილამაზით, სიმდიდრით, მდებარეობით და საცხოვრებლად აურჩევიათ. მას შემდეგ ეწოდა სოფელს ველისციხე.

ველისციხეში თითქმის ყველა სახლი თუ მარანი ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. თქვენს ყურადღებას ველისციხის ცენტრში მდებარე „ქარსელაძეების მარანზე“ შევაჩერებთ, რომელიც თავისი უნიკალური არქიტექტურით გამორჩევა და უკვე 114 წელს ითვლის.



„ქარსელაძეების მარანი“ 25 წლის სალომე მათიაშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად აღადგინა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სალომე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის დიდი ბრიტანეთის ელჩმა სიგელით დააჯილდოვა.

– სალომე, მოგვიყევი თქვენი მარნის შესახებ...



– მარანი არქიტექტურული თვალსაზრისით უნიკალურია. 2012 წელს ბიძაჩემის ინიციატივით მისი რესტავრაცია დავიწყეთ. თავიდან ყველა ძალიან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მაგრამ ბიძაჩემი იმდენად მიზანმიმართულად მოქმედებდა, რომ მისი მოტივაცია და ენთუზიაზმი დანარჩენებსაც გადმოგვედო.

რესტავრაციის გარკვეულ ეტაპზე მარნის ისტორიით დავინტერესდი. ჩემს დიდ ბებიასა და სოფლის სხვა მხცოვან მცხოვრებლებს არაერთი შეკითხვა დავუსვი. სწორედ მათგან გავიგე, რომ ჩემი მარნიდან გადის გვირაბი, რომელიც ველისციხის ეკლესიას უერთდება. თავის მხრივ, ეკლესიიდან გვირაბები სოფელ ჭერემში გადის. ისინი ომიანობის დროს ხალხის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გაიყვანეს. რა თქმა უნდა, ახლა მიწით არის ამოვსებული, მაგრამ თუ არქეოლოგები და ისტორიკოსები დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ, ამ გვირაბებს აუცილებლად ვნახავთ.



სხვათა შორის, ველისციხეში უამრავი მიწისქვეშა გვირაბი და სამალავია. ბევრი მათგანი დღემდე მიწით არის დაფარული და სპეციალურ გამოკვლევებს საჭიროებს.

– მარანში ძალიან ბევრი ანტიკვარული ნივთი გაქვს. ყველა შენი ოჯახიდან არის, თუ შეაგროვე?

– ნაწილი ჩემს ოჯახში ვიპოვე, ნაწილი მეზობლებისგან შევაგროვე. ბევრი ისეთი ნივთი მაქვს, რომლის ასაკიც 100 წელზე მეტია. განსაკუთრებით მიყვარს ისტორია ჯვრისწერის სასმისების შესახებ. ჩემი დიდი ბებიის დედა სასულიერო პირმა გაზარდა. როგორც გადმოცემით ვიცი, იგი ქართველ წყვილებს ჩვენს მარანში სწერდა ჯვარს და ამ სასმისებით ასმევდა ღვინოს. ამიტომ ესენი რომ ვიპოვე სახლში და გავიგე, რამდენი ოჯახი შეიქმნა მათ თვალწინ, ორმაგად დიდი მნიშვნელობა მივანიჭე. ამის შემდეგ ჩემი ოჯახის სხვა ნივთებმაც უფრო დამაინტერესა. თითოეული მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ვფიქრობ, მათი შენარჩუნება ჩემი და ჩემი მომავალი თაობის მთავარი მისია უნდა იყოს. უახლოეს მომავალში არქივშიც ვაპირებ მასალების ნახვას და ვფიქრობ, ბევრ ახალ რამეს გავიგებ ჩემი მარნის ისტორიის შესახებ.



– მარანში რამდენი სახეობის ღვინოსა და ჭაჭას ამზადებთ?

– ამ ეტაპზე ორი სახეობის ღვინო მაქვს, რომელსაც ტრადიციული, კახური წესით ვამზადებთ. ასევე მაქვს ორი სახეობის ჭაჭა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღვინის არაყს ვხდით და არა ჭაჭისას. იგი განსაკუთრებულად გემრიელია და მეორე დღეს არც ნაბახუსევი იცის.



– მარანში ტურისტებსაც მასპინძლობ. ყველაზე მეტად რა მოსწონთ?

– დიახ, ერთი წელია, რაც ტურისტებს ვმასპინძლობთ და ამ ხნის განმავლობაში ერთი უკმაყოფილო სტუმარიც არ გვყოლია. ტურისტებს ყველაზე მეტად ის აღაფრთოვანებთ, რომ 25 წლის გოგომ, რომელსაც „სხვა რაღაცები“ უნდა აინტერესებდეს, მამაპაპური სახლ-მარანი აღადგინა და თავის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს მსოფლიოს აცნობს.



ტურისტს, პირველ რიგში, მარანს ვათვალიერებინებ. ვუხსნი მის დანიშნულებას, ქართული ღვინის ისტორიას. ძალიან უყვართ აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მაგალითად, შემოდგომაზე, როცა რთველის სეზონია, ჩვენს ვენახში მიგვყავს და ყურძენს ვაკრეფინებთ, ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ვაცნობთ. სურვილის შემთხვევაში, სამზარეულოშიც შეგვყავს: ჩურჩხელასაც ავლებენ და ხინკალსაც მშვენივრად ახვევენ. თუკი მუსიკას ისურვებენ, ტრაციციულ სამოსში გამოწყობილი მუსიკოსები მოგვყავს.



– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ჩემი მარნის ისტორიის საფუძვლიანად შესწავლა მინდა. ასევე, ჩემსავე ვენახში ქართული, ტრადიციული სასტუმროს აშენებას ვგეგმავ. ახლა ფინანსების მოძიებას ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციო.

მარიამ ტურძილაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები