"დღეს სოფელში ცხოვრება ყველაზე დიდი გამართლებაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის ოჯახი, რომელიც დიდ მეურნეობას უძღვება

უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან. უფრო დეტალურად, თუ რას საქმიანობს წყვილი, ამის შესახებ ნუცა მოგვიყვება.

- როდის გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ოტიამ?
- ოტია გავიცანი 2018 წლის შემოდგომაზე. წყალტუბოში ჩავატარეთ ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი. მეორე დღეს წამოვედით ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად, სადაც უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. თურმე
მაშინვე იფიქრა, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა. შემდეგ დამიახლოვდა. ძალიან მალე, დაახლოებით ორ თვეში მთხოვა ხელი და ვიქორწინეთ.

- შეუღლების შემდეგ დასახლდით წყალტუბოში, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადახვედით საცხოვრებლად?
- როცა დავოჯახდით, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა, მაგრამ კოლეჯში ვსწავლობდი. ამიტომ გარკვეული პერიოდი თბილისში მომიწია ცხოვრება. შემდეგ დედაქალაქში ჩემი სამსახურების ამბები დავალაგე ისე, რომ შემეძლო დისტანციურად მუშაობა და დაახლოებით 7-8 თვეში გადავედი წყალტუბოში საცხოვრებად.
სანამ პანდემია დაიწყებოდა, ის ზაფხული ოტიასთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა რეგიონში. ასევე, როგორც იცით, ხრიდოლი არის ქართული საბრძოლო ხელოვნება. ამ სფეროში დღემდე აქტიურად ვარ ჩართული, ოღონდ ახლა ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებ.

- ფეისბუქზე გაქვთ ბლოგი. ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში და ხშირად გაქვთ პირდაპირი ჩართვები. როგორ ახერხებთ, რომ ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავათ მაინც გრჩებათ ამისთვის დრო?
- დღევანდელ ცხვრებაში ყველაზე რთულია მენეჯმენტი. თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გავანაწილებთ და დროს ნაყოფიერად, ხარისხიანად გამოვიყენებთ, ყველაფერს მოვასწრებთ. ჩემთვის სირთულე არის ის, რომ ვაკეთებ საქმეს და პარალელურად ეს უნდა გადავიღო, რაც ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის. ვიდეოს მონტაჟს ვერ ვახერხებ, ამიტომ ვრთავ პირდაპირ ეთერს. ჩემი მეუღლე და მამამთილი წინააღმდეგი არიან ამ ვიდეოების. თუმცა, მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში არ ჩქეფს სიცოცხლე. მინდა მიხვდნენ, რომ სოფელშიც შესაძლებელია ნაყოფიერად გამოიყენო ეს პერიოდი. ძალიან სწრაფად გადის დრო და ფუჭად არ უნდა დავკარგოთ.

- როგორც ვიცი სახლ-მუზეუმში ცხოვრობთ. მოგვიყევით სახლის შესახებ...
- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი აშენდა 1985 წელს, თავად მწერლის მიერ. ოტია 2011 წელს გარდაიცვალა და სახლი იმავე წელს გადაკეთდა სახლ-მუზეუმად. სახლ-მუზეუმში ყველაფერი ისე არის მოწყობილი, როგორც მწერლის სიცოცხლეში იყო. რადგან მუზეუმი არ არის სახელმწიფო უზრუნველყოფის ქვეშ, 2014 წელს შეიქმნა "ოტიას ეზო", რომელიც ემსახურება მუზეუმის ფინანსურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვნად ფუნქციონირებას, სადაც მნიშვნელოვანია მწერლის იდეების განხორციელება სოფლის მეურნეობაში.  როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოტია იოსელიანი სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მცოდნე და მოამაგე იყო. ჩვენც ამ გზას მივყვებით.
აქ არის მარანი, ჩვენი ხელით შექმნილი, და ამ ეტაპზე მარნის ტერიტორიას ვაკეთებთ, ჩენი ხელით მოვაწყეთ და გარკვეულ დეტალებს კიდევ ვამატებთ. საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ გავალამაზოთ აქაურობა.
დღეს ამ სახლში მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი ვცხოვრობთ. ჩემი მამამთილი დაჩი, არის ოტია იოსელიანის უმცროსი ვაჟი. მწერლის გარდაცვალების შემდეგ მას ერთი დღეც არ დაუტოვებია სახლი. მანამდეც, მოგეხსენებათ, ოტია იოსელიანი მძიმე სენს ებრძოდა და მისი ვაჟი ერთი დღეც არ მოშორებია მამას.

- გარდა იმისა, რომ მეღვინეობის ტრადიცია გააგრძელეთ, სხვას რას საქმიანობთ?
- დავიწყეთ მეფუტკრეობა. ამ ეტაპზე ბევრი სკა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია დავიწყეთ და ვეცნობით ამ კულტურას. გარდა ამისა, ვაწარმოებთ სახლში მოხარშულ ლუდს, რომელსაც ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს და მომავალში გაფართოებასაც ვგეგმავთ. შესაძლოა იმაზე ძველიც იყოს ლუდის ხარშვის ტრადიცია საქართველოში, ვიდრე ღვინის ტრადიცია. მთაში დღემდე ხარშავენ ლუდს ხატობებზე. ამ ეტაპზე რთულია ქართული ნედლეულით ლუდის ხარშვა, რადგან საქართველოში ბოლო ათწლეულია გაქრა სალუდე ჯიშის ქერი და მხოლოდ საფურაჟეა დარჩენილი, რომელიც ლუდის ხარშვისთვის არ გამოდგება. ლუდის მოსახარშად სამი ძირითადი კომპონენტი ალაო, ქერი და საფუარი თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ საქართველოში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ქერი დაბრუნდეს ქართულ რეალობაში და მოიხარშოს ქართული ლუდი, ძველი ტრადიციული მეთოდით, ჩვენთან მოყვანილი ქერით და დამზადებული ალაოთი.

გარდა ამისა ვამუშავებთ მიწას, მოგვყავს ბოსტნეული, მწვანილი. შესაძლოა ეს მარტივია სოფლად გაზრდილი ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ ყველაფერს. ჩემთვის ჩითილის გამოყვანა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და სიხარული, როცა ეს გამომივიდა. ის მოსავალი, რაც პირველად ავიღეთ, ვერ შევჭამე, ძალიან მენანებოდა. ვერ ვეგუებოდი ჩემი გაზრდილი წიწილის დაკვლას, ვერც იმ პირველ კვერცხს ვჭამდი, რომელიც ჩემმა გაზრდილმა ქათმებმა დადეს... ძალიან სათუთი იყო ეს თემა ჩემთვის, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ეჩვევი ადამიანი და ხვდები, ამას იმისთვის აკეთებ, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გამოკვებო ჯანსაღი საკვებით. ამ ყველაფერს ფასი განსაკუთრებით პანდემიის დროს დაედო. ახლა უკვე ვიღებთ სტუმრებსაც და მათ ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებულ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მაღალხარისხოვან პროდუქტს ვთავაზობთ, რომელიც მოყვანილი და დამზადებულია დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის ოჯახურ მეურნეობაში.

- თქვენთვის, როგორც ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის რთული არ იყო სოფელში ფეხის მოკიდება, სოფლის საქმეებისთვის ალღოს აღება?
- მთავარია ცხოვრებაში გქონდეს მიზანი და იდეა. მე აღმოვაჩინე საკუთარი თავი ამ საქმეში და დავუსვი რთული შეკითხვა ჩემს თავს: რის გამო მოხვედი ამ ქვეყანაზე? თუ ამ კითხვას ხშირად დაუსვამთ თქვენს თავსაც, აუცილებლად აღმოაჩენთ გულში დაბუდებულ მისწრაფებებს, რომლებიც გვაბედნიერებენ და დიდ სიხარულს გვანიჭებენ. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ სწორედ აქ მოვხვდი. დღეს ვფიქრობ, რომ დიახ, მე ამ საქმეს უნდა ვემსახურებოდე. მე აღმოვაჩინე გარემო, სადაც თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ, არ არის ფუჭი. დღეს სოფელში ცხოვრება ყველაზე დიდი გამართლებაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. როცა ბუნების წიაღში თავისუფლებას იპოვი და მიწასთან დაახლოვდები, მიხვდები, რა ბედნიერი ხარ. დამიჯერეთ, არანაკლებ რთულია ქალაქში, იმ სტრესული გარემოში ცხოვრება, რომელიც იქ არის გამეფებული.

- უმცროსი ოტია იოსელიანი გავს ბაბუას?
- რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს გარკვეულწილად ვამსგავსებ თავის პაპას, მაგრამ მანამდე მწერლის ვაჟთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, მის გვერდით ვცხოვრობ და ის საოცრად გავს თავის მამას. ვფიქრობ, რომ ჩემი მამამთილი თავის მამაზე არანაკლებ ნიჭიერი ადამიანია და არანაკლებ დიდ გენიოსთან მაქვს საქმე. როცა მას ვუყურებ, წარმომიდგენია, როგორი იყო დიდი ოტია, ამიტომ ჯერ დაჩი მომყავს შესადარებლად და შემდეგ ჩემი მეუღლე. ხასიათით, მიხვრა-მოხვრით, ხმის ტემბრით, მიმიკებით, ძალიან გავს მამას. ზოგადად მწერლის ხასიათი, დამოკიდებულებები, ფსიქოლოგია მის შთამომავლებშიც ძალიან ღრმად არის ფესვგამდგარი.
ოჯახში მწერლის ნაკლებობას არ განვიცდით. საბედნიეროდ, გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მისი ნააზრევი, მისი შეხედულებები ყოველდღიურად ამოვიკითხოთ.



მერი ბლიაძე


მოგზაურობა ოტია იოსელიანის სახლ-კარში

კომენტარები

მანანა 2021-06-08 08:23
როგორ მომწონს ეს გოგონა , როგორ უძღვება სოფლის საოჯახო მეურნეობას ყველაფერს ისეთი სიყვარულით აკეთებს რომ ყველაფერი გამოუვა ბატონ ოტიას საკადრისი როგორი კმაყოფილი იქნებოდა ბ- ნი ოტია რომ მოსწრებოდა ასეთ რძალს ოჯახში, გაიხარეთ გამრავლდით უფალი გფარავდეთ????????????
ლეილა 2021-05-18 15:29
მეამაყებით, თქვენი ხვალინდელი დღე კიდევ უკეთესი იქნება, იხარეთ!
ლალი 2021-05-18 09:25
საუკეთესო ადამიანის მონაგარი,იხარეთ, იმრავლეთ!!!!!! მისაბაძი ადამიანები ხართ თქვენ
ლალა 2021-05-18 08:19
არაჩვეულებრივებო :)
ნანა 2021-05-17 18:00
ალამაზებთ ერთმანეთს და საუკეთესო წყვილი და დიდი ოჯახი ხართ! იდღეგრძელეთ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები