თბილისიდან სოფელში გადასახლებული 21 წლის ბიჭის თამბაქოს მეურნეობა და მომავლის გეგმები

ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში 21 წლის დიმა მახათაძემ თამბაქოს მოყვანას მიჰყო ხელი. მოგეხსენებათ, თამბაქოს მხოლოდ სიგარეტის დასამზადებლად არ იყენებენ, ეს კულტურა ასევე გამოიყენება მედიცინაში სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. მისი ფოთლებიდან მიიღება ვაშლმჟავა და ლიმონმჟავა, რომელსაც იყენებენ კვებისა და პარფიუმერიის მრეწველობაში. რატომ მიიღო დიმამ თამბაქოს წარმოების გადაწყვეტილება და რამდენად დიდ შრომას მოითხოვს მისი მოყვანა, ამის შესახებ დიმა გვესაუბრა.

- მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ვსწავლობ აგრონომიის ფაკულტეტზე, მევენახეობა და ენოლოგიას. პანდემიამდე ვცხოვრობდი თბილისში ოჯახთან ერთად, პანდემიის დასაწყისში ბაბუს გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტეთ საცხოვრებლად გადავსულიყავით
სოფელში და მიგვეხედა მისი დატოვებული სახლ-კარისთვის. სწავლა განვაგრძე ონლაინრეჟიმში. 10 წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვას ანსაბლ „მინდიაში“. მიყვარს კალათბურთის თამაში და თევზაობა.

- თამბაქოს წარმოების იდეა როდის და რატომ გაგიჩნდათ?
- სოფლის მეურნეობასთან შეხება არასდროს მქონია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შემოდგომაზე ბაბუსთან ჩავდიოდი და ვეხმარებოდი რთველში. პანდემიის შემდეგ, როცა საცხოვრებლად აქ გადმოვედით, დავიწყეთ ნაკვეთების დამუშავება, სიმინდის, ბოსტნეულის დათესვა. ეს იმდენად საინტერესო პროცესი იყო, დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა დიდ ფართობზე. მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია და რატომღაც გადავწყვიტე თამბაქოს დათესვა.
თავიდან, როდესაც გადავწყვიტე, უკვე დაგვიანებული იყო მასშტაბურად კეთება და მხოლოდ 5 ძირი დავრგე. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა, რა სჭირდებოდა, რა მოსავალს იძლეოდა. დაკვირვების შემდეგ, წელს მაშტაბურად გავაკეთე დაახლოებით 5000 ძირი.

- ადვილი მოსაყვანია თამბაქო?
- თამბაქოს მოყვანა ძალიან რთული აღმოჩნდა. სჭირდება მიწის კარგი დამუშავება, მარგვლა კულტივაცია, ნერგის გამოყვანა, გახარება. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შრომას მოითხოვს. რაც შეეხება დარგვას, იწყება მაისის დასაწყისში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. დარგვიდან 45 დღის შემდეგ იწყება თამბაქოს ქვედა ფოთლების შეტეხვა, აცმა და დაკიდება საშრობში. ეს პროცესი გრძელდება ყოველ 10-14 დღეში ერთხელ. მაღალი ტემპერატურის გამო გვიწევდა ხშირი მორწყვა. ძალიან დიდი ენერგია და შრომა სჭირდება, რომ კარგი მოსავალი იყოს.

- ვინმე გეხმარებათ თუ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს?
- ამ ყველაფერს ვაკეთებ მამაჩემთან ერთად. ასევე ძალიან გვეხმარება დედა, რომელიც თამბაქოს ფურცლებს აცვამს თოკზე და ამზადებს გასაშრობად.

- რეალიზებას სად ახდენთ?
- ჯერჯერობით მოძიების პროცესში ვარ. ჯერ მხოლოდ სამი დაკრეფა ჩავატარე და ეტაპობრივად უნდა დაიკროფოს ყოველ 10 დღეში. გამოშრეს და დამუშავდეს, რასაც დრო დასჭირდება. პარალელურად ვეძებ სარეალიზაციო გზებს. შემოდგომაზე უნდა მოხდეს რეალიზაცია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. შრომამ, რაც ამ მეურნეობაში ჩავდე, შედეგი გამოიღო და არის საუკეთესო მოსავალი, მაგრამ მთავარი რეალიზაციაა. იმედია, საბოლოოდ დაიდება ის შედეგი, რისი მოლოდინიც მქონდა, როცა ამ საქმეს ვიწყებდი. სამომავლო გეგმებსაც ამის მიხედვით დავაწყობ. დანებებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ და ვფიქრობ, რომ მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.

მერი ბლიაძე


კომენტარები

დათო 2021-08-22 21:07
…ყოჩაღ!!!
ლანა ალანია 2021-08-21 13:16
წარმატებები , კარგო ახალგაზრდავ , მაგრამ თამბაქოს გაშრობა სხვანაირად ხდება : ფარდული ხისგან უნდა იყოს , გვერდებიდან კი ჰაერი მოძრაობდეს , მზეს არ უნდა ხედავდეს და ა . შ . სპეციალისტები დაიხმარე ძალიან გთხოვ
. მე შენი გულშემატკივარი ვიქნები , რამეთუ უზომოდ მიყვარს სოფლის მეურნეობა და მშრომელი ხალხი!!! უფალი შენთან , კარგო ახალგაზრდავ !
malvina 2021-08-20 00:17
warmatebebi chemo chkviano dima
ნათია 2021-08-19 20:33
წარმატებები
სალომე 2021-08-18 14:58
წარმატებები. წინ უფრო დიდი მიზნები და გამართლება....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები