"შეიძლება ითქვას, ევროპაში გავიგე სოფლის ფასი" - სოფელში გადასახლებული ჟურნალისტის მეურნეობა

ყოველთვის აქტიური რეჟიმით ცხოვრობდა. სწავლას, მუშაობასა და მოგზაურობას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებდა, მაგრამ ერთ დღესაც ჟურნალისტ მიშა ხაჩიძეს ყველაფერი მოჰბეზრდა და ოჯახთან ერთად სოფელში გადასახლდა...
ხეხილი გააშენეს, ბოსტნეული დათესეს, ბევრი რამ უცხოეთიდან ჩამოიტანეს ან გამოიწერეს, რათა იქაურობა ეგზოტიკური ფერებით გაემდიდრებინათ.

 - ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. მამაჩემს ლაგოდეხში მცხოვრებმა ბიძა-ბიცოლამ სახლი დაუტოვა. მაშინ ავსტრიაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი და ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან მთელი ცხოვრება ვოცნებობდი სოფელში სახლზე. ბავშვობაში არდადეგებზე უბნის მეგობრები სოფლებში გაიკრიფებოდნენ, მე კი ვიჯექი­ და ვოცნებობდი სოფელზე, ეზოში მაღალი ხეებით, ყვავილებით,
სადმე ახლოს მდინარით და ტყით.

თავგადასავლები და ბუნებასთან ურთიერთობა მინდოდა... მოკლედ, ჩვენმა მოხუცებმა უზომოდ გაგვაბედნიერეს და არც ჩვენ გვინდოდა მათთვის იმედი­ გაგვეცრუებინა, მით უფრო, რომ მამას სთხოვეს, კერა არ გააცივოო. სახლს ხელის შევლება სჭირდებოდა, ამიტომ ჯერ დედ-მამა­ იქ საცხოვრებლად წავიდა, მერე კი სოფლის მეურნეობაშიც ჩაერთნენ. გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ზოგი მეზობელ-ახლობლებს ჰკითხეს, რაღაცებს ინტერნეტშიც ვკითხულობდით, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეტიც ვიცით, ვიდრე სოფელში დაბადებულ-გაზრდილებმა.
სახლი ორსართ­ულიანია, კომფორტული,­ მამამაც ბევრი რამ გაათანამედროვა და დახვეწა. ინჟინერ-არქიტექტორია და ასეთი­ რამეები ეხერხება, თუმცა არ დაგვიმთავრებია - ღია ვერანდებიანი ოთახების გაკეთება გვინდა და აუზის. ეზოში ორი დიდი პალმა დგას, საუკუნის იქნება და აქაურ­ობას ძალიან უხდება. მოხუცებს კარალი­ოკის, ხურმისა და მსხლის ხეები ჰქონდათ,­ ჩემებმა კი ვაშლატამა, ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ალუჩა, ნუში, ქლიავი, უნაბი, მუშმალა, ბროწეული, თხილი, ჩინ­ური კაკალი­ და სხვა მცენარეები გაახარეს.

კოვიდპანდემიის დროს აქაურობა ყველასთვის შვებაა. მშობლები მეოთხე წელიწადია აქ არიან. თბილისი-ლაგოდეხის გზაზე ვიყავი გაბმული, მაგრამ პანდემიის დროს მეც თითქმის სულ აქ ვარ. 2 წლის წინ დავბრუნდი ავსტრიიდან, სადაც ტელევიზიაში ვმუშაობდი გიჟური გრაფიკით, მერე კი ერთბაშად ყველაფერი შეიცვალა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ აქაურობამ მიშველა... თუ საქართველოში წელიწადში­ 2-3 ჯერ ძლივს ჩამოვდიოდი რამდენიმე დღით, 2 წელიწადია, ქვეყნიდან ფეხი არ გამიდგამს. აქაურობა საოცრებაა. ბაღში, ეზოში მუშაობა განტვირთვაა.
რომ ამბობდნენ, მიწასთან ურთიერთობა აკეთილშობილებსო, არ მჯეროდა, მართლაც ასე ყოფილა.

მთელი ოჯახი აქ ვართ და ეს ბედნიერებაა. ამდენი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვიყავით გაფანტული და ერთად ყოფნა გვენატრებოდა. შეიძლება ითქვას, ოჯახის წევრები ახლოს გავიცანი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები