საოცარი ლეჩხუმური სახლ-კარი და ქალი, რომელიც ხორბლის უძველეს ქართულ ენდემურ სახეობას აცოცხლებს

ხორბლეულის და ღვინის ისტორია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან იწყება. საქართველოში ადრე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობა ზანდური იყო, დღეს კი დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. მისი სამშობლო რაჭა-ლეჩხუმია. სწორედ ლეჩხუმის მკვიდრმა, მანონი ახვლედიანმა მიჰყო ხელი ზანდურის კვლევას. ხორბლის ეს ენდემური სახეობა გააცოცხლა და მისი მოყვანის ლეჩხუმური ტრადიციაც განაახლა. ქალბატონი მანონი წარმატებული მეურნეა, ხორბლის გარდა, აქვს მარანი, ეწევა მეღვინეობას და ტურისტულ საქმიანობას.

- დავიბადე და გავიზარდე ცაგერის რაიონში, სოფელ ღვირიშში. პროფესიით პედაგოგი ვარ და ღვირიშის საჯარო სკოლაში
ვმუშაობ დაწყებითი კლასის მასწავლებლად. აგრეთვე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვარ მაჟორიტარი დეპუტატი. მყავს ორი შვილი, რომელთაგან ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე ქუთაისში.

- ხორბლის ენდემური ჯიშის, ზანდურის კვლევითა და მოშენებით ხართ დაკავებული. რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?
- ზანდური უძველესი ხორბლის ლეჩხუმური სახეობაა. მსოფლიოში 25-მდე ხორბლის სახეობა არსებობს, აქედან 15 საქართველოში მოჰყავთ. 5 საქართველოს ენდემია, აქედან ორი ზანდური ლეჩხუმის ენდემია. მე მაქვს ზანდურის სახლი, სადაც ვეწევით ამ უძველესი სახეობის აღდგენა-პოპულარიზაციას და არა მარტო ამ ხორბლის. გვაქვს პატარ-პატარა სადემონსტრაციო ნაკვეთები ჩელტა ზანდურის, გვაწა ზანდური, მახა, წითელი დოლი, კოლხური ასლი, შავფხა და ა.შ. მაქვს პატარა ბეღელი-მუზეუმი, სადაც ეს ხორბლებიც გამოფენილია და აგრეთვე ის ეთნომასალები, რაც ზანდურის მოყვანასთან და წარმოებასთან არის დაკავშირებული.

ასევე მაქვს მარანი, ღვინის პატარა მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ის ეთნომასალები, რაც ყურძენთან და ღვინის დაყენებასთან იყო დაკავშირებული. ასევე - დაახლოებით ხუთი საუკუნის წინანდელი პრესი, რომელიც მოწმობს იმას, რომ ლეჩხუმში ოდითგანვე იყო ღვინის კულტურა მაღალ დონეზე განვითარებული. დღეს ევროპულად დაყენებულ ღვინოს რომ უწოდებენ, ამ მეთოდით საუკუნეების წინ ამზადებდნენ ჩვენთან.

როცა პატარა ვიყავი, ბებია ყოველი პურის ცხობის დროს ახსენებდა ზანდურს და ამბობდა, ზანდურის პურს საუცხოო გემო და ისეთი სურნელი ჰქონდა, სოფლის თავიდან ბოლოში იგრძნობოდა ხოლმეო. ეს ალბათ დაილექა ჩემს მეხსიერებაში. რომ ვეკითხებოდი, ბებო, რა არის ზანდური-თქო, პურიაო, მპასუხობდა, მეტი ახსნა-განმარტება მას არ შეეძლო. წლების შემდეგ, ბებია გარდაცვლილი იყო, მე უკვე 48 წლის ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში ჩამოვიდნენ თბილისის ბოტანიკური ინსტიტუტიდან ასპირანტები და ატარებდნენ ლექციებს ზანდურის თემაზე. ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ჯიშია და როგორ დავკარგეთ ის. როცა ზანდურის სახელი გავიგონე, თვალწინ დამიდგა ბებია და მისი ნათქვამი. ამან თითქოს მაგიური მოქმედება მოახდინა ჩემზე, რაღაც საოცარი აღტაცება დამეუფლა. ყურადღებით მოვუსმინე მათ, ჩავერთე ლექციაში. შემოდგომა იყო. ეს ადამიანები დაგვპირდნენ, რომ გაზაფხულზე თესლს ჩამოგვიტანდნენ. ამის შემდეგ დავიწყე ეთნომასალების მოძიება. გაზაფხულზე, მართლაც ჩამოგვიტანეს ერთი კოვზი თესლი. დავთესეთ ჩემს ნაკვეთში. ყოველდღე მივდიოდი და ჩავყურებდი მიწას, როდის ამოყოფდა თავთავი თავს.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არასწორად დაგვითესია და იმედიც გადამეწურა, დავანებე თავი, აღარც მივდიოდი ამ ადგილას. ერთ დღესაც არ მომითმინა გულმა და მაინც გავიარე. თვალებს არ დავუჯერე, ეკლებში და სარეველებში ერთ ძირზე თავი ამოეყო ოთხ თავთავს. უზომოდ გამიხარდა. წამოვედი შინ იმ ოთხი თავთავით. მერე ცოტა თესლი კიდევ ვიშოვე და დავთესე. ამასობაში ჩემი ეთნომასალით რამდენიმე აგროფესტივალზე მივიღე მონაწილოება, რის შედეგადაც დიდი ყურადღება დავიმსახურე და ეს ძალიან მახარებდა. ასევე, ძალიან დამეხმარნენ ჟურნალისტები და სოციალური ქსელები, რომ საზოგადოებისთვის გამეცნო ზანდური. ზანდურის აღდგენა და დიდ ფართობებზე დათესვა არც ისე მარტივია, ეს ნაადრევ ოცნებად მეჩვენებოდა. თუმცა მაშინ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა დამუფლა და ვიფირე, რაღაც უნდა მეღონა, რომ შემეცვალა ეს სიტუაცია და ზანდური არ დამეკარგა.

- რა რაოდენობის მოსავალს იღებთ დღეს?
- სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან არ გვაქვს საცეხველი. ზოგი ხორბალი იცეხვება, ზოგი ილეწება. ზანდური იცეხვება. ეს არის ძალიან რთული პროცესი. გვაქვს უძველესი საცეხველი, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, მაგრამ ეს დღევანდელი დღისთვის ძალიან შეუფერებელია. ასევე არ გვაქვს ასაღები ხელსაწყო. ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო ვთესავთ პატარა ნაკვეთზე.

როგორც გითხარით, ვინაიდან ვერ ვახერხებდი ზანდურის დიდ ფართობებზე დათესვას, ძირითადად ტექნიკის არქონის გამო, გადავწყვიტე ტურისტული კუთხით დამეტვირთა ჩემი ეზო, ზანდურის ბეღელთან ამეშენებინა მარანიც და მიმეღო როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუმრები.
ჩვენს სოფელს ვიწრო არეალი აქვს, ჩიხში ვართ და იმასაც ვფიქრობდი, მოვიდოდა თუ არა სტუმარი. ამიტომ რაიმე განსაკუთრებული უნდა გამეკეთებინა, რომ ეს გზა ბარიერი არ ყოფილიყო ტურისტისთვის. დავიწყე მარნის შენება, რისთვისაც უზარმაზარი სესხი გამოვიტანეთ. უკვე მქონდა ხორბალთან დაკავშირებული ეთნომასალები და დავიწყე ღვინოსთან დაკავშირებული ეთნომასალების მოძიებაც. ასე შევუდექი საქმეს.

- თვლით, რომ იდეამ გაამართლა?
- მაშინ შეიძლება ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი სტუმრები ყოველთვის აღფრთოვანებულები მიდიან აქედან. ამიტომ დღეს მეც ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. პირველი სტუმარი გასულ წელს მივიღე და ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ. იმედი მაქვს პანდემიას მალე დავამარცხებთ და კიდევ მეტი ტურისტი ესტუმრება ზანდურის სახლს.






მერი ბლიაძე
(განსაკუთრებული მადლობა გაწეული დახმარებისთვის მაკა იოსელიანს)

კომენტარები

майя курашвили 2021-09-08 16:07
წარმატებები მანონი!!!!! ბევრ სტუმრებს გისურვებ!!!!! გააცანი ლეჩხუმი მთელ მსოფლიოს!!!!!

კომენტარის დამატება