ცოლ-ქმარი, რომელიც შვილების გამო სოფელში გადასახლდა და ფერმერობს - "გვინდოდა ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემო შეგვექმნა"

შოთა მუხიგულაშვილი და რუსუდან ხუციშვილი ოთხი გოგონას მშობლები არიან. ხუთი წლის წინ თბილისიდან დუშეთში გადასახლდნენ და ფერმერობას მიჰყვეს ხელი. როგორც რუსუდანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღეს. სურდათ, მათი გოგონები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაზრდილიყვნენ. ამ ყველაფერეზე უფრო ვრცლად რუსუდანი თავად მოგვიყვება.

- ილიას უნივერსიტეტში დავამთავრე ქართველოლოგიის საბაკალავრო და ბუნებათსარგებლობის სამაგისტრო პროგრამები. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც დავოჯახდი. სულ ახლახანს, 17 ოქტომბერს შეგვისრულდა ქორწინების 11 წელი.
შოთიკო 2008 წლის ზაფხულში გავიცანი. ჯარის მეგობართან იყო სტუმრად. სოფელში, სადაც ვიყავით, ოკუპირებული ტერიტორიის
საზღვრისპირა სოფელია. საკმაოდ რთული და დაძაბული ზაფხული იყო, მაგრამ ჩვენი ნაპერწკალი სწორედ მანდ გაჩნდა. ექვსი წელი ვცხოვრობდით თბილისში, თან ვსწავლობდი, შოთიკო მუშაობდა, ამ პერიოდში შეგვეძინა ჩვენი ორი ვარსკვლავი, მარიამი და ანასტასია.

- როდის და რატომ მიიღეთ დუშეთში ცხოვრების გადაწყვეტილება? თქვენ როგორ უყურებდით ამ იდეას?
- თბილისში ცხოვრების პერიოდში, როდესაც ცვლაში არ იყო შოთიკო და ისვენებდა ექვსი დღე, სულ ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა ის დღეები, რომ უქმად არ გაეტარებინა დრო. ამ პერიოდში მე კი მეხმარებოდა, თუ ლექციები და გამოცდები მქონდა, ბავშვები მას ჰყავდა ხოლმე, მაგრამ უნდოდა, ჩვენი საოჯახო პატარა ბიზნესი და დამატებითი შემოსავალი გვქონოდა. ასევე, გვინდოდა, ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემო შეგვექმნა. ძალიან ბევრ იდეას განვიხილავდით, ბოლოს თავისი ბავშობის ჩანაფიქრებიც გაახსენდა და სულგუნის პატარა საწარმოს იდეა გამაცნო. მე დუშეთიდან ვარ, სადაც ეს სიახლე იქნებოდა. დუშეთში მამაჩემის სახლია. გადავწყვიტეთ, ჩემს ძმებთან ერთად გვეცადა ამ იდეის განხორციელება. დიდი შრომის, სწავლის და მცდელობის შემდეგ ფრთები შევასხით იდეას და განვახორციელეთ. ორივემ ერთხმად გადავწყვიტეთ და ვფიქრობ, ამიტომაც გამოგვივიდა. მაგისტრატურის ბოლო წელი იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვიღლები ქალაქის ხმაურით და ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ ვუქმნით სუფთა, ჯანსაღ გარემოს და ვზრუნავთ, რომ ჰქონდეთ ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი.

რძის დეფიციტის გამო, სამი წლის წინ ავიღეთ იაფიანი აგრო სესხი, ვიყიდეთ მიწა დუშეთთან ახლოს, სოფელ ყვავილში და ავაშენეთ ფერმა. ამ ყველაფერზე წლები არ გვიფიქრია, მითუმეტეს არც ერთმა არ ვიცოდით საქონლის მოვლა, მაგრამ ვცდილობდით ყველაფერი გვესწავლა, გაგვეგო, ახლაც ბევრ რამეს საკუთარი გამოცდილებიდან ვსწავლობთ, და თუ ვინმეს შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რჩევა, არასოდეს ვიხევთ უკან. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერთა ასოციაციასთან, ვესწრებით მათ მიერ შემოთავაზებულ ტრენინგებს, რაც ძალიან გვეხმარება ჩვენი საქმიანობის განვითარებაში. ასევე ვიღებთ მონაწილეობას კონკურსებში და გრანტებში, რათა ჩვენი ფერმერული მეურნეობა განვავითაროთ.

- ბავშვები როგორ შეეგუენ ახალ გარემოს?
- ბავშვებს ძალიან მოსწონთ აქაურობა. ჩართულები არაიან ჩვენს საქმიანობაში, ძალიან უყვართ ფერმაში ყოფნა და ცხოველებთან ურთიერთობა. მარიამს (უფროსი შვილი) გადაწყვეტილი აქვს, რომ ცხოველების ექიმი გამოვიდეს. ჰყავთ ბევრი მეგობარი და მოსწონთ ასეთი თავისუფალი, სუფთა გარემო. როდესაც ვლაპარაკობთ, თუ სადაურები არიან, მარიამი ამბობს, მე ბოლნისელი ვარო (მეუღლე ბოლნისელია). ანასტასია თბილისს არ ეშვება. როცა არ უნდა ჰკითხოთ, ის ყოველთვის ვაკელია (ვაკეში გვაქვს სახლი, იქ ვცხოვრობდით). თამარი და ქეთევანი დუშელები არიან. აქ იზრდებიან და ასე ჰგონია თამარს.

- მათი სწავლა-განვითარებისთვის რამდენად სასურველი პირობებია რაიონში შექმნილი?
- გოგონების სწავლისა და განვითარებისთვის არის პირობები რაიონში. წრეების მრავალფეროვანი არჩევანია. სულ მალე მათ სკოლასა და ბაღში დასრულდება სარემონტო სამუშაოები და სასწაულად კარგი გარემო ექნებათ ბავშვებს. პედაგოგები პროფესიონალები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რათა ბავშვი სრულფასოვანი გაიზარდოს. მე ყოველდღიურად ვრწმუნდები და კმაყოფილი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რაც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ, პირველ რიგში ჩვენი შვილებისთვის.

- დღეს რას საქმიანობთ, რა სახის მეურნეობა გაქვთ?
- როგორც გითხარით, გვაქვს ფერმა, გვყავს მეწველი და მეხორცული პირუტყვი. ბავშვების თხოვნით მრავალფეროვნებაც შევმატეთ და გვყავს ქათმები, ინდაურები, ღორები ცოტა რაოდენობით. ინდაურები მარიამის ბიზნეს იდეაა, თვითონ მოინდომა, ითვლის ხარჯებს და საახალწლოდ შემოსავალსაც დაითვლის, იმედია.

- როგორც ჩანს, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული სოფლის საქმეში.
- არდადეგების პერიოდში უფრო ინტენსიურად არიან ჩართულები. თავისი სურვილით გვეხმარებიან ფერმის საქმეებში. სწავლის პერიოდში იციან, რომ სანამ არ იმეცადინებენ, ფერმაში არ მიმყავს, ამიტომ სწავლაც ნაყოფიერია და შრომაც.

- სულ ახლახან პატარა გეყოლათ. ოთხი შვილით, როგორ ახერხებთ სოფლის და საოჯახო საქმეებს გაუძღვეთ?
- სანამ ქეთევანი შეგვეძინებოდა, რაღაც სტატიას წავაწყდი, ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოთხი შვილი უფრო ადვილი გასაზრდელია, ვიდრე სამიო. იცით, მართლა ასეა, უფრო მარტივია. როდესაც ამდენ ანგელოზს ხედავ სახლში, უფრო მეტი ძალა, ენერგია და სტიმული გვაქვს მშობლებს, უიფრო მეტი გინდა გააკეთო. უფროსი გოგონები, მარიამი (10 წლის) და ანასტასია (8 წლის) მეხმარებიან. თამარს (5 წლის) უხარია, რომ უმცროსი დაიკო აღარ არის და შუათანაა, უმცროსის სტატუსი უკვე ერთი თვეა ქეთევანმა დაიკავა.

- აქ გადმოსახლების შემდეგ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, უფლის წყალობით, ყველაფერი კარგისკენ და სიკეთისკენ. ჩვენი დილა უფრო ადრე იწყება, უფრო მიზანდასახულები და მოტივირებულები გავხდით. დროის ფასს უფრო მივხვდი, აღარ მყოფნის ერთი დღის 24 საათი, სულ ვფიქრობ, რომ დიდი დღე მინდა იყოს. დუშეთი ძალიან შეგვიყვარდა, აქაური გარემო, ხალხი. სითბოთი და სიყვარულით არის ყველაფერი სავსე.

- ალბათ სირთულეებიც იყო. რა პრობლემების და სირთულეების დაძლევა მოგიხდათ ამ პერიოდის განმავლობაში?
- არ გაგვჭირვებია, აქაური ცხოვრების რიტმისთვის რომ აგვეწყო ფეხი, მალევე შევიძინეთ ახალი მეგობრები და დღემდე მყარი მეგობრობა გვაქვს. როდესაც საქონელი ვიყიდეთ, თავიდან გამოუცდელები ვიყავით და წავაწყდით სირთულეებს, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ. იმის მერე, უფრო გავძლიერდით და ახლა ღიმილით ვიხსენებთ ყველაფერს. ვფიქრობ, როდესაც წინააღმდეგობა გხვდება ან რაიმე განსაცდელი, ეს შენს გასაძლიერებლად ხდება და უნდა დაძლიო.

- როგორ ხედავთ თქვენს მომავალს და რაზე ოცნებობთ?
- ოცნებების რა გითხრათ, უფრო მიზნები გვაქვს, დასკვნით ეტაპზე მინდა, ჩვენი ფერმით და ჩვენი საქმიანობით დავაინტერესოთ აგროტურისტები. ეს ყველაფერი კი წინ გვაქვს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

დარია 2021-11-24 04:28
მეც თბილისელი ვარ,მაგრამ გავყიდე აქ სახლი.ვიყიდე მცხეთის რ-ში და იმედი მაქვს,რომ აქ უკეთესად ვიქნები.თბილისში გაჭირდა თავის შენახვა.სოფელში პროდუქტს მოიყვან მაინც.თანდათან ძვირდება ცხოვრება.სოფელი თავის გადარჩენის გზაა.ამას მალე მიხვდება ყველა,მაგრამ გვიანი იქნება.
რამინი 2021-11-12 20:57
გაჭირვების გამოა. ოთხ შვილს ჭამა სმა უნდა, თორემ სოფელი არა..................
აქვსენტი 2021-11-04 20:07
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი

კომენტარის დამატება