"ილიასეული" მარანი სოფელ ჭრებალოში, რომელსაც ხელოვნების ნიმუშს ადარებენ


ილია კენჭაძის საოჯახო მარანი სოფელ ჭრებალოში მრავალ ადამიანს იზიდავს. სტუმრები ამბობენ, რომ იქაური გარემო ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია...
- ჩვენი საოჯახო მარნის შექმნის იდეა 2014 წელს გაჩნდა... ვაზისადმი და ღვინისადმი პატივისცემა წინაპრებისგან მოგვდევს. ისინი ოდითგანვე მისდევდნენ მევენახეობა-მეღვინეობას და მშობლებმა მე და ჩემს ძმას ბავშვობიდანვე გვასწავლეს ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა. ოჯახის შემოსავლის წყაროს ჩვენდა სამწუხაროდ წარმოადგენდა მევენახეობა და არა მეღვინეობა. მამიმისთვის, ისევე როგორც იმ თაობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ჭიქა ღვინოს დეგუსტაციაში ფულის აღება ყოვლად წარმოუდგენელი იყო. საერთოდ ღვინის რეალიზაციაზე ფიქრიც
კი. მხოლოდ ყურძნის რეალიზაციას აწარმოებდნენ.
2014 წელს, როდესაც ჩვენ პირადად მივიღეთ მონაწილეობა ღვინის გამოფენა-გაყიდვაში და ჩვენმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მივიღეთ გადაწყვეტილება კარგი მეღვინეები გავმხდარიყავით. გავიარეთ რამდენიმე ტრენინგ-სემინარი, მივხვდით რომ იმ მარნით, რომელიც ჩვენ ვერ გაგვაჩნდა, სათანადო შედეგს ვერ მივიღებდით! აუცილებელია თანამედროვე მანქანა-დანადგარები. ამიტომაც ძმებმა მივიღეთ გადაწყვეტლება სულ სხვა ტიპის მარანი გაგვეკეთებინა. ჩვენ სხვადასხვა ჭერქვეშ მაცხოვრებელი ძმები ვართ. ჩემი ძმა მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს, მე ახალი სახლი შევიძინე, აქვე ჭრებალოში, სადაც ყველა წინაპირობა იყო იმისთვის, რომ გაგვეკეთებია იმ ტიპის მარანი, როგორიც გვაქვს. სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, მისადგომობის თვალსაზრისით ძალიან კარგი, ცალკე სადეგუსტაციო დარბაზი, ცალკე საწარმოო განყოფილება...

- საკმაოდ ძვირიც დაგვიჯდა, რადგან მანქანა-დანადგარები იტალიიდან გამოვიწერეთ... მშენებლობაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული... თუმცა თუ მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებ, მაქსიმუმ ორი წელიწადი საკმარისია, რომ დანახარჯი აინაზღაურო.


- ალბათ რაჭაში იშვიათად არის ასეთი მარანი...
- ბოლო წლებში უკვე მოაწყვეს საოჯახო მარნები... დარწმუნებული ვარ, რაჭაში მალე ბევრს ექნება კარგი მარანი!
საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოვებული და მარნის გაფორმებაში მეხმარება. უზარმაზარი ფანტაზია აქვს სუფრის ლამაზად გაწყობის... რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპიდან და ყველა მათგანი გაოგნებული იყო... შამფურზე აცმული პომიდორი, ზღვის კენჭების ფორმის მჭადები, სუფრის მორთვა ნაირ-ნაირი ეზოს ყვავილებით.


ბიზნესში ჩვენ ახალფეხადგმულები ვართ და ბევრი საიდულო ჯერ კიდევ არ ვიცით... თუმცა უკვე იმდენი სტუმრები და დამკვეთები გვყავს, ამას ალბათ მხოლოდ ღვინის მაღალი ხარისხი არ განაპირობებს! როგორც ჩანს სტუმარ-მასპინძლობის ის ფორმა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, საკმაოდ მისაღები და მოსაწონია! 



მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

მარიკა 2017-12-12 14:46
ასე მარანი ჯერ არ მომწონებია
kia 2017-11-24 21:18
au ra maagaria

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები