თბილისიდან ხევსურეთში გადასახლებული ექიმი, რომელიც ყველა ოჯახის იმედია

ლელა გაბური პროფესიით ექიმია. მან რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა მშობლიურ ხევსურეთს დაბრუნებოდა და თავისი პროფესიის წყალობით ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო - იმ ხალხის, რომელიც წლების განმავლობაში ექიმის გარეშე იყო და ცუდად გახდომის შემთხვევაში შორი მანძილის გავლა უწევდა. ახლა კი აქაურების ერთადერთი მშველელი და იმედი ლელა ექიმია. 7 წლის წინ პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ ბარისახოში ამბულატორიას ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ, ზამთარ-ზაფხულ აქაურ მოსახლეობას უანგაროდ ემსახურება.

– პროფესიით ექიმი ვარ, ბარისახოში გადმოსვლამდე თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი... წლების განმავლობაში, აქაური ხალხი ითხოვდა,
ექიმი მუდმივად ჰყოლოდათ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარება მაინც მიეღოთ ადგილზე. წარმოშობით ხევსური ვარ, ჩემი წინაპრები არხოტის თემიდან იყვნენ, სოფელ ჭიმღადან... მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ ჩემი ოჯახიდან, ვინც ბარში დაიბადა და გაიზარდა, ჩემი პაპა - ბესარიონ გაბური გადაასახლეს არხოტიდან... ბავშვობაში და-ძმებთან ერთად ხშირად ვისვენებდით მამიდასთან, რომელიც სოფელ როშკაში ცხოვრობდა. სწორედ მაშინ გავიცანი ხევსურეთი... 6 წლის წინ ჩამოვედი აქ, ჩემი მეუღლე 20 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ხელმძღავნელობდა, ამჟამად კი - თადარიგის პოლკოვნიკია და იმავე უწყებაში მმართველის თანაშემწედ მუშაობს. ხშირად მეკითხებიან, როგორ შევეგუე მთის რთულ პირობებს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო თბილისიდან აქ წამოსვლა, მაგრამ შევძელი... ძალიან მიყვარს ბუნება, მის წიაღში ყოფნა, ჩემი ოჯახი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მუდამ სტუმრიანობაა ჩვენთან. ასე რომ, ჩემი ყოველდღიურობა უფრო ეგზოტიკური და საინტერესოა, ვიდრე მოსაწყენი.

- ალბათ ბევრ პრობლემას აწყდებით...
– რთული პასუხიმგებლობა მაკისრია. ამ პირობებში ექიმად მუშაობა იოლი არ არის. არ მაქვს არანაირი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, დიაგნოზის დასმა "შიშველი ხელებით“ მიწევს. ეს ერთი პრობლემაა. ამის გარდა, დიაგნოზის სწორად დასმაც არ არის საკმარისი და არ შველის საქმეს... ხშირად მე მიწევს პაციენტების არა მარტო სამედიცინო, არამედ - საყოფაცხოვრებო, ფინანსური, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაც... ბევრია ისეთ ოჯახი, რომელსაც ხშირად წამლის ფულიც კი არ აქვს და ერთადერთ შემოსავალს პენსიას თვიდან თვემდე ელოდებიან... როდესაც ბავშვი 40 გრადუსი სიცხით არის და ოჯახი პენსიას ელოდება, რომ მერე ჩემი გამოწერილი წამალი მოიტანოს, ამ დროს რა თქმა უნდა, მე ვერ დაველოდები მათ პენსიას და ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტო დროულად... აი, ხშირად მიფიქრია, "ოჯახის ექიმი“ მაგალითად, თბილისში სულ სხვა რამეს ნიშნავს რეალურად, როცა ყოველ ნაბიჯზე სამედიცინო დაწესებულებაა, როცა ყოველ ნაბიჯზე ლაბორატორია და აფთიაქია, ასეთ პირობებში ოჯახის ექიმი, მაინც, ჩვეულებრივი ექიმია თითქოს, მაგრამ ისეთი სიტუაციისთვის, როგორიც მთაში ცხოვრებაა, "ოჯახის ექიმი“ მართლა ოჯახის წევრი ხდება თითოეული პაციენტისთვის. ერთი პაციენტი მყავს ბარისახოში, ძალიან კარგი ადამიანი, ხშირად იცის ასე მომართვა: "ჩემი პირადი ექიმი ხართ, ლელა ექიმო! კი, გაწუხებთ, მაგრამ...“ იმდენ პატივისცემას, იმედს და სიყვარულს აქსოვს ამ სიტყვებში, გინდა, მოკვდე და შეუძლებელი გაუკეთო! მეკითხება რჩევას, ვის მიმართოს, რა გააკეთოს, ვისთან გაიკეთოს გამოკვლევები. რამდენიმე თვით წამოსული იყო თბილისში, ბევრი ექიმი და საავადმყოფო შემოიარა და ამ რამდენიმე დღის წინ მაინც მე დამირეკა, იმიტომ, რომ მე სხვანაირად გადამიშლის გულს, სხვანაირად გამიზიარებს ყველაფერს. სხვანაირ თანაგრძნობას და დაკვალიანებას ელოდება ჩემგან...

– სულ რამდენი კომლი ცხოვრობს?
– მთელ ხევსურეთში სულ ალბათ 120 კომლამდე იქნება, დაახლოებით 250-მდე ადამიანი. ჩემ გარდა ხევსურეთში (შატილში) კიდევ ერთი ექიმი მუშაობს, მაგრამ ზამთარში დათვისჯვრის უღელტეხილი იკეტება და პირაქეთა ხევსურეთის სოფლები, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩემს იმედად არიან... ზამთარში აქ დარჩენილი ადამიანების რაოდენობას თითებზე ჩამოითვლით, ცოტანი ვრჩებით... ზაფხულში უფრო მეტი ხალხია, ამოდიან ოჯახებით, სტუმრებით დასასვენებლად და გამოცოცხლება იგრძნობა ხოლმე. ამ სოფლების გარდა კიდევ ერთი თემი - არხოტი არის ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. წელს აქ სამანქანე გზა გაკეთდა, თითქმის საუკუნეების პრობლემა მოეხსნათ არხოტიონებს, ეს ძალიან კარგი სიახლე გვაქვს.

- ძირითადად რას უჩივიან რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე?
- ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ მთაში, შესაბამისად ხშირია ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, წნევები თითქმის ყველას აწუხებს, ხშირია ძვალ-კუნთოვანი სისტემის, კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ახალგაზრდა ასაკში სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება, წყალში იოდის დეფიციტის გამო კი - ფარისებური ჯირკვლის დაავადებები.

- შობადობის მხრივ რა ხდება?
- სამწუხაროდ, შობადობის მაჩვენებელი ხევსურეთში ძალიან დაბალია. წელიწადში ერთი ბავშვი თუ გაჩნდება ხან, ისიც - არა. ძველად, ბარისახოს სკოლაში, რომელშიც მთელი პირაქეთა ხევსურეთის ბავშვები დადიან, 300-400 მოსწავლე სწავლობდა, ახლა კი მათი რიცხვია მხოლოდ 65, წარმოიდგინეთ, ხუთჯერ ნაკლები...

- სხვა რას საქმიანობთ?
- გარდა პროფესიული საქმიანობისა, საზოგადოებრივი საქმეების კეთებაც მიწევს. სამი წელია ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის“, რომელშიც გაწევრიანებული არიან 14-დან 70 წლამდე ასაკის ხევსური ქალბატონები და გოგონები... როგორც ხევსურეთში მცხოვრებნი, ისე თბილიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. ყველანი ერთად ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებთ. ვთანამშრომლობთ ქართულ თუ უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან. მიმდინარე წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ბარისახოში დავაფუძნეთ ახალგაზრდული ცენტრი ,,კაფე-კაფია“, სადაც არაერთი კულტურული ღონისძიება ჩავატარეთ. ეს ცენტრი იმუშავებს და დატვირთული იქნება მთელი ზამთრის განმავლობაში, ასე რომ, ადგილობრივ ახალგაზრდებს და ბავშვებს ბევრი საინტერესო შეხვედრა ელოდებათ წინ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხევსურეთში სწრაფი ტემპით და წარმატებით ვითარდება ტურიზმი და თითქმის ყველა ოჯახი ცდილობს სასტუმროს მოწყობას, რაც ძალიან მისასალმებელია.
ნინო ჩიქოვანი

კომენტარები

ლელა 2018-01-13 14:28
ქალბატონი ლელა მარტო კარგი ექიმი და მამულიშვილი კი არა შესანიშნავი პოეტიცაა. ახალგაზრდებო, მიბაძეთ მას, მხოლოდ სადღეგრძელოში ნუ გიყვართ თქვენი კუთხე
მინდია 2018-01-11 13:51
მე რო ფულიანი ვიყო, ყოველ თვე საჩუქრად 2000 ლარს გავუგზავნიდი, თუ მეტი საშუალება მექნებოდა, მეტსაც. ძალიან ბევრი ფულიანი ათჯერ და ასჯერ მეტ ფულს კაზინოებში და ნაშებში ხარჯავენ. ასეთ მადლიან ადამიანებს აჩუქონ ფული, მოუწყონ მაღალი დონის ამბულატორია, ხალხი მთებიდანაც არ გაიქცევა, როცა კარგი მედიცინა ექნება. ნუთუ, პატრიოტები აღარ დარჩა ამ ქვეყანაში.
ტარიელი 2018-01-10 21:57
ლელა, წარმატებები !!!!
იზა 2018-01-04 10:13
უფალმა გაგაძლიეროთ, წარმატებები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები