"ჩემი წილი საქართველო აქ არის - ჩემი ხელითა და კუნძებით შექმნილ ამ ქოხში" - გომბორის უღელტეხილზე, პატარა ქოხში მოწყობილი ჩაისა და წიგნის სახლის ამბავი

"ერთ კარგ ბიჭზე უნდა მოგიყვეთ, - შუადღეს მიხვალ, შუაღამეს, მშიერი თუ მაძღარი, შემოგღიმებს, "ფეჩს" შეუკეთებს, ჩაიდანს შემოდგამს, ლუკმას გაგიყოფს, დაგიჯდება და მოგიყვება ამბებს საქართველოზე. ისე შეგიყოლიებს, ისე მოგაწონებს აუცილებლად დაბრუნდები იქ, ზღვის დონიდან 1620 მეტრის სიმაღლზე, გომბორის ქოხ-სამკითხველოში, იქაურებს "გიოს "ბიბლუსი" რომ შეურქმევიათ..." – ასე გაგვაგებინა პოეტმა მარიამ ხუცურაულმა, მართლაც კარგი ბიჭის გიორგი პატარაშვილის ამბავი.
ჰოდა, მეც გადავწყვიტე, გომბორის უღელტეხილზე, პატარა ქოხში მოწყობილ ჩაისა და წიგნის სახლში, ე. წ. "გიოს
ბიბლუსში" დამერეკა და ჯერჯერობით შორიდან მაინც გამეცნო მარიამის ნაქები ყმაწვილი.

- აქეთა მხარეს რომ მოხვდებით, უკეთესი ინტერვიუ გამოგვივა. ტელეფონით ისე ვერც გესაუბრებით და ვერც თქვენ შეგექმნებათ სათანადო წარმოდგენაო, - მითხრა გიორგიმ, მაგრამ მასთან საუბარს მაინც ვერ შეველიე და "სათანადო წარმოდგენა" რომ შემქმნოდა, გომბორის უღელტეხილს ამჯერად ვირტუალურად ავუყევი - ცხადია, არ გამჭირვებია, ბევრჯერ გამივლია, მით უფრო, რომ ბოლო მგზავრობიდან ერთი თვეც არ გასულა; შემდეგ კი, ინტერვიუს პარალელურად, გიორგის "ფეისბუკგვერდზე" მისი ქოხის, იქიდან დანახული მთებისა და გიორგის სტუმრების ფოტოებს ვათვალიერებდი. ეგ კი არა, ქოხის ოთახებიც კი "შემოვიარე" და, ლამის, სტუმრებსაც "შევუერთდი" ლხინში, გიორგი კი, სერიოზულად, თუმცა ჩემთვის კარგად ნაცნობი და ძვირფასი ფშაური იუმორით მოსაუბრე, ზღაპარივით მიამბობდა ქოხისა და მისი პატრონის ამბავს.

- პირველად 2013 წელს გავაკეთე პატარა, მარტივი ქოხი, მაგრამ იქ მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ვიყავი. მასში გასათბობი საშუალებაც არაფერი მქონდა. მერე, 2015-ში თავიდან გავაკეთე პატარა დასასვენებელი ადგილი. მეგობრები დამეხმარნენ, კუნძებით დავდგით ქოხი და გადავხურეთ. გვინდოდა, ეს ადგილი ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო. სტუმარს ვთავაზობდით მცენარეულ ჩაის, ყავასა და ნამცხვრებს. იგი ერთი წლის წინ, 4 ნოემბერს დაიწვა და შარშან უკვე ეს ხის ქოხი გავაკეთე.

მასში ორი ოთახია. მართალია, გასათბობად ღუმელი მინთია, მაგრამ წინა შემთხვევის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავაძლირე. ჩემი ოჯახი სოფელ გომბორში ცხოვრობს, მაგრამ მე აქ ვარ, ზამთარ-ზაფხულ აქ ვცხოვრობ. თუ სადმე გასასვლელი ვარ, ან ძმას ვტოვებ ხოლმე, ან მეგობარს, იმის მიხედვით, რომელს სცალია. ძირითადად, ტურისტები მოდიან ხოლმე, მათზე მაქვს გათვლა და, რა თქმა უნდა - ადგილობრივ უსაქმურებზეც, მაგრამ (იცინის)...

- გიორგი, რამდენი წლის ხართ?
- 31-ის.

- თქვენს ქოხში პატარა ბიბლიოთეკაც გაქვთ, რომელსაც ჩემი მეგობარი პოეტის - მარიამ ხუცურაულის საახლობლო ხუმრობით, თურმე, "გომბორის ბიბლუსს" უწოდებს. ეს, სავარაუდოდ, ჩვენი მედიასახლის მაღაზიათა უდიდეს და პოპულარულ ქსელს - "ბიბლუსს" უკავშირდება. თქვენ კი, ბიბლიოთეკას ისე არ გააკეთებდით, წიგნის კითხვა რომ არ გიყვარდეთ. არადა, მგონი, უმაღლესი სასწავლებელი არ გაქვთ დამთავრებული... თუ - ვცდები?
- მართალია, არ ცდებით. მხოლოდ საშუალო სკოლა დავამთავრე, რა... დამამთავრებინეს. ბიბლიოთეკა კი წინა ქოხშიც მქონდა და ახლაც მაქვს. სოციალურ ქსელში დავწერე, ძველ ქოხთან ერთად წიგნებიც დამეწვა-მეთქი და ახალი ბიბლიოთეკის შექმნაში სწორედ მარიამი დამეხმარა. კლასიკოსი თუ თანამედროვე მწერლების ბევრი წიგნი მომიტანა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები