მეგრული ოდა, რომელიც 170 წელზე მეტს ითვლის და საოცარი ისტორია აქვს

ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში მდებარე კუხალაშვილების ოდა არსებობის 170 წელზე მეტს ითვლის. ხის უძველეს სახლს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
თუ საიდან იწყება დროსთან მებრძოლი კუხალაშვილების ოდის ისტორია, ამის შესახებ shin.ge-ს სახლის მეაპტრონე ზურაბ კუხალაშვილი თავად უყვება.

- ეს ეზო-კარი, რომელიც ახლა მნახველების განცვიფრებას იწვევს, მღვდელს - დავით პაპასკირს ეკუთვნოდა. მას სახლი თავის დროზე დადიანების ერთ-ერთი შტოსგან შეუძენია, დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. თავად დადიანებმა როდის ააგეს ეს სახლი ახუთში, სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

-
კუხალაშვილებთან რა კავშირი აქვს სახლს?

- დავით პაპასკირს ჰყავდა ორი ვაჟი, გიორგი და ანტონი. ანტონი იყო ძალიან დიდი პიროვნება. იგი გახლდათ ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი და მის გაზეთშიც აქტიურად აქვეყნებდა წერილებს. ანტონს ჰყავდა 4 ქალიშვილი. ამ ოთხი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, მავრა, გათხოვდა ამბროსი კუხალაშვილზე, რომელიც პაპასკირებს ჩაესიძა. ამბროსი ხონიდან გახლდათ, მისი შთამომავალი, შვილიშვილი ვარ მე და ამ ოდა სახლს დღემდე ჩვენ ვპატრონობთ. მამაჩემს სახლის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ზუგდიდში არსებული კომბინატის ქარხნის მთავარი ინჟინერი და სტალინური პრემიის ლაურეატი გახლდათ.

- სახლი რა მასალისგან არის აშენებული, ამდენ ხანს რომ გაძლო?
- წაბლის, თელის, წიფლის და მუხის მასალისგან არის აგებული. ოთხი ოთახისგან შედგება. თითოეულ ოთახში ბუხარია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები გვპირდებიან სახლის გადახურვას. ახლა გადახურული არის შიფერით, მაგრამ ავთენტური არ არის. უნდა გადაიხუროს ან კრამიტით, ან ყავარით... ამ სახლის მოვლა და შენარჩუნება ადვილი არ იყო. ახლა ოდაში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მას უვლის. მისი მიტოვება არ შეიძლება.

- ერთ-ერთი ოთახის კედელს ნატყვიარი რატომ ეტყობა?
- ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გადმოცემის თანახმად, დავით პაპასკირს ესროლეს ტყვია და სწორედ ამიტომ აქვს კედელს ნატყვიარი.

- ალბათ იმ დროის სხვა საზოგადო მოღვაწეებიც სტუმრობდნენ ოდას...
- ანტონ პაპასკირი, რომლის შესახებაც გესაუბრეთ, იყო ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწე, მან თავისი სახსრებით 1875 წელს ახუთში ააშენა სკოლა. 1903 წელს ანტონს აგური გამოუწვავს და იმით აუშენებია კიდევ სკოლა. სწორედ ამ სკოლისთვის იაკობ გოგებაშვილს უჩუქნია თავისი წიგნი და მაშინ ამ ოდა სახლშიც ყოფილა სტუმრად. ანტონის აშენებული სკოლის ადგილას დაახლოებით ათი წლის წინ ააგეს ახალი სკოლა. როგორც გითხარით, ანტონი ძალიან განათლებული ადამიანი იყო და აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მისი 4 ქალიშვილიდან ერთ-ერთი - ქალბატონი ლიდია პაპასკირი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იგი დაიბადა 1898 წელს. 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ლიდია გააგზავნეს გერმანიაში სასწავლებლად სხვა სტუდენტებთან ერთად. მან დაამთავრა ეკონომიკური ფაკულტეტი ბერლინში და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ეს იყო უნიკალური მოვლენა.

ლიდია პაპასკირი

რუსკა კილასონია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები