"ყველას გადანაწილებული გვაქვს საქმეც და ინტერესებიც..." - ჟურნალისტისა და მისი ცოლ-შვილის მიერ სოფლად მოწყობილი ბედნიერი კუთხე

ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რამდენიმე წლის წინ სოფელ ღულელებში სახლი შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით მოაწყო. სახლის, ეზოს, ბაღის გალამაზებაზე მეუღლე ირმა იანტბელიძესა და ექვს შვილთან ერთად ზრუნავს. ოჯახში ფუნქციები ყველას ინტერესის მიხედვით აქვს გადანაწილებული. სხვადასხვა პერიოდში ოჯახს სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგალითად გასულ წელს ყვავილებზე ჰქონდათ განსაკუთრებული აქცენტი, შემდეგ ეზოში მდებარე გორაკი ისე მოაწყეს, რომ პატარა სოფელი გეგონებათ, ქვაზე ხატავდნენ სხვადასხვა ნახატს, პერსონაჟებს, ჭიამაიებს, სახლებს და ა.შ. ამასობაში დაჩიმ დურგლობა შეისწავლა. საქანელა, ეზოს მაგიდა, სკამები, ჩიტის სახლები და სხვა
დეკორაციები სახლისთვის საკუთარი ხელით გააკეთა. ცნობილი ჟურნალისტის ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობს სოფლად და ყველანაირად ცდილობს, ქალაქში დაბრუნება გარკვეული დროით გაახანგრძლივოს.

- რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას?
- სოფლად ცხოვრება რომ იდეალისტურად დავხატო, ცოტა თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან. სადაც ვცხოვრობ, ეს არის სოფელი და არა სააგარაკო ადგილი. ვხედავ, როგორ შრომობს და წვალობს სოფლის ხალხი. ეს იმაზე მძიმე შრომაა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ერთი, რომ მძიმე შრომაა და მეორე, დამოკიდებული ხარ ბუნებაზე, ძალიან არ იწვიმოს, სეტყვა არ მოვიდეს, გვალვა არ იყოს და ა.შ. დაუღალავად შრომობ, თან ცაში იყურები, მაგრამ ამავე დროს ფეხი არაფერს არ უნდა წამოკრა. უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, ქალაქელი კაცისთვის სოფელში რამდენიმე დღის გატარებას, სუფთა ჰაერს, ჯანსაღ საკვებს. ბავშვები ეჩვევიან ბუნებასთან ურთიერთობას, შინაურ ცხოველებს არჩევენ ერთმანეთისგან, სუნთქავენ სუფთა ჰაერს, დადიან მდინარეზე, ტყეში და ა.შ.
ჩვენს ეზოში ბინადრობს ჩიტების ნაირსახეობა. გვყავს ხვლიკები, ზღარბები, გველები. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ისინი არაფერს გვიშავებენ და ჩვენ მათ არ უნდა ვავნოთ. 

- როგორ შეარჩიეთ ეს ადგილი?
- ჩემს მეუღლეს სოფელ დევენაანთხევში ჰყავდა ბებია. ძალიან მოგვწონდა ეს ადგილები, განსაკუთრებით - ღულელები, რომელიც საბადურის ტყის პირას მდებარეობს. ულამაზესი სოფელია. გაგვიმართლა და დაახლოებით 10 წლის წინ ვნახეთ სამოსახლო ადგილი. ვიყიდეთ, შევავლეთ ხელი და ნელ-ნელა ვაკეთებთ რაღაცებს.

- ეზოში იდგა სახლი თუ თქვენ ააშენეთ?
- სახლი იყო, მაგრამ ისეთი არა, რომ საცხოვრებლად გამოგვეყენებინა. ფაქტობრივად მხოლოდ კედლები იყო. ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ.

- ალბათ მარტივი არ იყო სახლის გაკეთება, მით უმეტეს თბილისიდან გიწევდათ სიარული, სარემონტო მასალების მომარაგება.
- რთული იყო აშენება მანამ, სანამ ხელოსნებზე ვიყავით დამოკიდებული და მათ ვუყურებდით. ერთ მშვენიერ დღეს გავბრაზდი და მე თვითონ დავიწყე ყველაფრის კეთება -წყალგაყვანილობა, ელექტროობა, შეღებვა, ხეზე შესრულებული სამუშაოები და კიდევ სხვა მრავალი. ახლაც თუ რამე დაგვჭირდება ჩვენი ხელით ვაკეთებთ, ამიტომ რთული აღარ არის. ეს სირთულე სიამოვნებაში გადაიზარდა.

- ექვსი შვილი გყავთ. როგორ მოაწყეთ სახლი ისე, რომ ყველას ინტერესი და გემოვნება გაგეთვალისწინებინათ?
- ყველაფერი ერთად დავგეგმეთ. დემოკრატია გვაქვს ოჯახში, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ვცდილობთ ისე გავაკეთოთ, რომ ყველა კომფორტულად ვიყოთ. მაგალითად, როდესაც სამზარეულოს ვაკეთებდით ,მაქსიმალურად გავითვალისწინე მეუღლის ინტერესები, რადგან ის არის ამ სივრცეში უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ მეც მიწევს იქ ფუსფუსი. არც შვილები გვიდებენ ტოლს, მაგრამ მთავარ როლს მაინც მეუღლე ასრულებს.
სახლი დაყოფილი გვაქვს სივრცეებად და ყველას თავისი მიმართულება აბარია. ვთქვათ, ერთი წიგნებს და ბიბლიოთეკას განაგებს და ყველა მას ვუჯერებთ, მეორე მუსიკალურ ინსტრუმენტებს განაგებს და მას ვემორჩილებით, მესამე ფიზიკით არის დაინტერესებული და ელექტროობა, ტექნიკა აბარია, მან იცის, სად რა დევს, სად რა არის შეერთებული. ერთი მხატვრობით არის გატაცებული და მას ვეკითხებით, ფერები როგორ დავსვათ, რას რა ფერი შევუხამოთ. ხოლო რაც საერთო გასაკეთებელია, იმ საქმეზე ყველა ერთად ვმუშაობთ, მაგალითად, როცა ბაღში ყვავილებია გასამარგლი, დასარგავი, ყველა ერთად ვეჭიდებით, ვისაც როგორც შეგვიძლია. საბედნიეროდ, ბევრნი ვართ და ეს პრობლემა არ გვაქვს.

- დურგლობა როდის შეისწავლეთ და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?
- სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან მაინტერესებდა დურგლობა. სულ რაღაცას ვჩხირკედელაობდი. ყოველთვის ვცდილობდი საჭირო ინსტრუმენტი მეყიდა. როცა აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, ხშირად მიწევდა მივლინებაში წასვლა. ყველაზე ძირფასი და საინტერესო რაც იყო ჩემთვის იქ, სწორედ იმას ვყიდულობდი. ეს იყო სამუშაო ინსტრუმენტები. ერთ ყუთში ვაგროვებდი ნაყიდ იარაღებს, რომელსაც საწოლის ქვეშ ვინახავდი ძვირფასი განძივით. როცა სოფელში გამოგვიჩნდა ეს სახლი და მისი გეკეთება დავიწყეთ, მეც პრაქტიკაში უფრო მეტი რაღაც ვისწავლე, ინსტრუმენტებიც გამოვიყენე. საქანელა იქნება, ეზოს მაგიდა, სკამები, დეკორაციები თუ სხვა, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ.

- ძალიან ბევრი ჩიტის სახლი გაქვთ ეზოში, რომელიც საკუთარი ხელით გააკეთეთ. ჩიტები თუ ბინადრობენ ამ სახლებში?
- ეზოში სხვადასხვა ფორმისა და ზომის, დაახლოებით 25 ჩიტის სახლი გვაქვს. მათ შორის არის თვითმფრინავი, მატარებელი და სხვა. რომ შეხედოთ ამ სახლებს, ევოლუციას შენიშნავთ, როგორი იყო ჩემი გაკეთებული პირველი ჩიტის სახლი და როგორია ბოლოს გაკეთებული. სხვათა შორის, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული სახლების კეთების პროცესში. ხარება მეხმარება ძალიან რთული დეტალების გამოყვანაში, ანდრიას "შკურკვა" ეხერხება, ზოგმა შეიძება ისეთი დეტალები გააკეთოს, რისთვისაც მე არ მყოფნის ნერვები, დრო და ა.შ. მოკლედ, ყველანი ვმონაწილეობთ ამ პროცესში. რაც შეეხება ჩიტების შესახლებას, თავიდან როცა გავაკეთეთ ეს სახლები, ვისხედით და ველოდებოდით როდის შეფრინდებოდნენ ჩიტები, მაგრამ ჩიტი ჯიუტად არ ფრინდებოდა შიგნით. ეს ცოტა სპეციფიკური ამბავია. მიჩვევა უნდა, ჩიტმა უნდა იგრძნოს, რომ ეს ადგილი უსაფრთხოა მისთვის. ამისთვის დიდი დროა საჭირო. ახლა უკვე ვიცით, რომ დავტოვებთ სახლებს, მომავალ წელს უკვე მობინადრეები დაგვხვდებიან. შარშან ოთხი სახლი დავტოვეთ და ოთხივე იყო თივით გამოტენილი. მივხვდით, რომ ყველა სახლში იყო ნაცხოვრები. ერთი ოჯახი ისევ დაგვხვდა, დანარჩენები გაფრენილები იყვნენ. იმ ერთ სახლში ბარტყი იყო, რომელსაც იმდენს აჭმევდა დედა, გაოცებულები ვიყავით. მგონი მარტო ადამიანები არ ვართ ასე. სანამ ის ბარტყიც არ დააფრთიანეს, არ გაფრინდნენ იმ სახლიდან.

სამწუხაროდ, მალე დავუბრუნდებით ქალაქს. მაქსიმალურად ვითრევთ ფეხს. ისე მოხდა, რომ ამ პანდემიის გამო დისტანციურად მიწევს მუშაობა და შეზღუდული არ ვიყავი. ადრე მხოლოდ ერთი თვით ჩამოვდიოდი, როცა შვებულება მქონდა. ახლა უკვე აქედან ვმუშაობ. სწავლა იწყებოდა და ისიც გადაიდო, ამიტომ ჩვენც გადავდეთ ქალაქში დაბრუნება. სანამ ძალიან აცივდება, აქეთ ვიქნებით. გათბობა არ გავქვს სახლში, მხოლოდ ზაფხულისთვის საჭირო პირობებია შექმნილი, ამიტომ ცივ ამინდებში აქ ვერ გავძლებთ.

- თუ გიფიქრიათ, რომ სამომავლოდ სოფელში გადახვიდეთ საცხოვრებლად?
- მე და ირმა ამ ბოლო დროს ხშირად ვალაპარაკობთ ამაზე. ალბათ სიბერეში აქეთ გადმოვსახლდებით. ძალიან ლამაზად წარმომიდგენია ჩვენი სიბერე, ზაფხულში გრილად, ზამთარში თბილად...







მერი ბლიაძე

კომენტარები

შორენა 2021-02-25 21:58
დატკბით ბედნიერებით თქვენს ნაშრომ-ნაჯაფ ოჯახში!
Zaza Tbilisi 2020-10-05 11:09
ფერებს ვუყურებ და... მეღიმება,...
გენაცვალე შენ, კარგო ადამიანო,...
nata 2020-09-27 10:49
აი ეს არის სილამაზე , რომანტიკა ზღაპარი. ღმერთმა დაგლოცოთ
ვიკა 2020-09-26 10:36
საოცარი სილამაზეა. აი ოჯახი. გაიხარეთ.
liza 2020-09-26 09:49
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კარგი პიროვნება ხარ, დალოცვილი იყოს თქვენი მონაგარი, გამრავლდით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები