საუკუნოვანი სახლი სამეგრელოში, რომელიც თბილისიდან სოფელში გადასახლებულმა ახალგაზრდა ოჯახმა ბაღნარად აქცია

მერაბ ფარჯიკია პროფესიით იურისტია. დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში. სტუდენტობის პერიოდში თბილისში დასახლდა და დღემდე დედაქალაქში საქმიანობს, თუმცა მშობლიური კერა ერთი დღეც არ დავიწყებია. მისი უმცროსი ვაჟი კი რამდენიმე წლის წინ ფესვებს დაუბრუნდა. თბილისში ცხოვრებაზე უარი თქვა და ზუგდიდში, კონკრეტულად კი ცაიშში მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა. ფარჯიკიების ულამაზესი ეზო და სახლი ჯგუფ „ჩვენი სოფლის სახლებში“ აღმოვაჩინეთ. დანარჩენს ბატონი მერაბი თავად მოგვიყვება.

- ეს სახლი საუკუნის წინ არის აშენებული. ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ააშენეს. იყო ძველი მეგრული ოდა, თუმცა 2008 წელს ცოტა რაღაც შევცვალეთ, გადავაკეთეთ. პერიოდულად
რაღაცებს ვამატებთ, ვაკეთებთ, ვაახლებთ. აბაზანა და სამზარეულო ძველად სხვანაირი იყო, ახლა უკვე თანამედროვე სტილში მოვაწყეთ. სამწუხაროდ, ცხოვრება იცვლება და ყველაფერს ძველებურს ვერ შეინარჩუნებ. სახლში გვაქვს ბაბუაჩემის გაკეთებული მარანი, სადაც უფლის სადიდებელ ლოცვას ყოველ აღდგომას ვკითხულობთ. მხოლოდ ოჯახის წევრები შევდივართ მარანში, იკვლება საკლავი და უფლის სადიდებელ ლოცვას წარმოვთქვამთ. ეს ტრადიცია შორეული წინაპრებისგან მოგვყვება, შემდეგ მამა აგრძელებდა, დღეს მე ვაგრძელებ, მომავალში კი ჩემი შვილები გააგრძელებენ. მინდა ეს ოჯახური ტრადიცია არასოდეს მოიშალოს.
ორი ვაჟი მყავს, კონსტანტინე და მიხეილ ფარჯიკიები. ორივემ თბილისში დაამთავრა სკოლა. დღეს ორივეს საოცარი ოჯახი აქვს და ეს მაბედნიერებს. ერთ-ერთი ვაჟი, კონსტანტინე 2007 წელს დაბრუნდა ზუგდიდში, მაშინ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ. შეირთო იქაური გოგო და იქ მოეკიდა ოჯახს. ჩემი ორივე შვილი გიჟდება ამ სახლზე, მშობლიურ კერაზე, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

დღეს ჩემი რძალი უვლის აქაურობას, ეზოს, სახლ-კარს. ჩვენც ხშირად ჩავდივართ. ახლაც სააღდგომოდ შევიკრიბეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ბედნიერი ფუძე, რომელსაც ჩემი ბაბუის ლოცვა-კურთხევა დღემდე მოჰყვება.

- რას საქმიანობს თქვენი შვილი ზუგდიდში? მეურნეობასაც ხომ არ მიჰყო ხელი?
- საჯარო სამსახურში მუშაობს, მაგრამ პარალელურად ყველა საქმეს თავისი ხელით აკეთებს. ადრე გვყავდა დამხმარე ადმიანები, არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი, რომლებიც ყველა საქმეში გვეხმარებოდნენ. ახლა ჩემი შვილი ართმევს სოფლის საქმეს თავს. 3-4 ყანა აქვს და ხშირად მეგობრები ეხმარებიან გათოხვნაში და სხვა სამუშაოებში. მიხეილიც სისტემატიურად ჩადის და ეხმარება თავის ძმას.

- მცენარეებს და ყვავილებს ვინ უვლის?
- ახლა იქ ყველაფერს ჩემი რძალი უვლის: ეზოს, ყვავილებს, მცენარეებს, ბოსტნეულს. 26 წლის პედაგოგი გოგოა. ჰყავს საქონელი, ღორები, ქათმები. ძალიან ყოჩაღია. როცა მეორე რძალი ჩადის, ისიც ეხმარება ხოლმე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს რძლებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მადლობა უფალს, რომ ჩემს შვილებს ასეთი ადამიანები შეხვდნენ ცხოვრების მეგზურად.

- ზუდგიდი გამოირჩევა ლამაზი ეზოებით. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?
- ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მშრომელი და ესთეტი ხალხი ცხოვრობს აქ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, სუფთა, გამწვანებულ ეზოებს. ჩემი მეუღლე სახლის მოვლას ეზოს კარებიდან იწყებდა. ახლა ჩემი რძალია ასე. ჩემი მეუღლე ხშირად ამბობს, როცა სტუმარი შემოდის, ჯერ ეზო უნდა დაახვედრო ლამაზი, რომ ესიამოვნოსო. ზუდგიდში საოცარი ეზოები აქვთ, არაჩვეულებრივ, მოვლილ ბაღებს შეხვდებით აქ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს სხვა კუთხის ადმაიანებთან და მიკერძოებაშიც ნუ ჩამომართმევთ, ზუგდიდში ძალიან სუფთა, მშრომელი ხალხი ცხოვრობს და ეს მათ ეზოებსაც ეტყობა.
მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დაინტერესდით ჩვენი ეზოთი, სახლით. დარწმუნებული ვარ ბევრად კარგი ეზოებიც გექნებათ ნანახი, გაშუქებული, ჩვენს ეზოს სოფლური, ბუნებრივი მშვენიერება აქვს და ალბათ ამან მიიქცია თქვენი ყურადღება. ვინც ჩვენთან მოდის სტუმრად ყველა ამბობს, რომ ჩვენთან დადებითი აურა ტრიალებს, რაც ძალიან მახარებს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება