გარდაცვლილი შვილების სახელზე გაშენებული ბიობაღი და მამაპაპისეული კარ-მიდამო ვაქირში, რომელიც ოჯახმა პატარა წალკოტად აქცია

თამარა ნინიძე განათლებით საქმეთა მართვის სპეციალისტი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრია. ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, კახეთში, კერძოდ სოფელ ვაქირში მეუღლის მამა-პაპისეული კარ-მიდამო ოჯახთან ერთად პატარა წალკოტად და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად ექცია. ოჯახი სამი ნაირსახეობის ორგანულ ღვინოს და ჭაჭის არაყს აწარმოებს. ამასთან, სახლში უცხოელი ტურისტებისთვის იმართება კულინარიული მასტერკლასები, რომელსაც ოჯახის დიასახლისი ატარებს. დანარჩენზე უფრო ვრცლად თამარა თავად მოგვიყვება.

- დავიბადე თბილისში, თუმცა გავიზარდე მოსკოვში. მოსკოვში მივიღე განათლება, ჩემი პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში,
შემდგომ გადავედი სამუშაოდ და საცხოვრებლად სტამბოლში, სამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაში ეკონომიური განხრით, სადაც 10 წელი ვიმუშავე. შემდგომ გადავწყვიტე დავოჯახებულიყავი და ჩემი ნებით დავასრულე კარიერა დიპლომატიურ სფეროში. გადმოვედი საცხოვრებლად თბილისში, სადაც მანამდე არასოდეს მიცხოვრია და არც ისე კარგად ვფლობდი ქართულ ენას. ბებია-ბაბუასთან მხოლოდ არდადეგებზე ჩამოვდიოდი, სულ მიხაროდა საქართველოში მოგზაურობა, დასვენება და მისი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. ყოველთვის და ყველგან მეამაყებოდა, რომ ვარ ქართველი. თბილისში დავიწყე მუშაობა ჩემთვის ძალიან განსხვავებულ სფეროში - ტურიზმში, რადგან ეს იყო ერთ-ერთი დინამიურად გავნითარებადი დარგი. ჯერ სახელმწიფო სექტორში ვიმუშავე - ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციაში ბრენდის განვითარების სამართველოში, მერე კი მსხვილ კერძო ტურისტულ კომპანიაში გადავედი, სადაც ახალი ბაზრის მოპოვება, პიარი და რებრენდინგი მებარა. ამ პერიოდში, სპორტდარბაზში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ალექსანდრე დემეტრაშვილი, წარმოშობით კახელი, რომელმაც ჩამიყვანა ვაქირში და აი, იქ დაიწყო ჩვენი ზღაპრული ენოგასტრონომიული ისტორია (იღიმის).

- როგორ გაჩნდა სურვილი, იდეა, საკუთარი სახლი აგროტურისტულ ობიექტად გექციათ?
- პირველივე ნახვისას შემიყვარდნენ ალექსანდრეს პატიოსანი, ენერგიული და სიმპათიური მშობლები. აღსანიშნავია ოჯახის ისტორიული კარმიდამო, პანორამული ხედით ალაზნის ველზე და კავკასიონზე. გამორჩეულად მინდა გამოვყო შეუდარებელი ხის ჩუქურთმით გალამაზებული აივანი, რომელიც მეუღლის პაპამ თავისი ხელით გამოაჩუქურთმა. იმ დროისთვის ჩემი მომავალი დედამთილის კერძებმა და მამამთილის ღვინომ გამაოცა, რადგან არც ერთ ქართულ რესტორანში და ოჯახში ასეთი გემო და ხარისხი არ შემხვედრია. შემდგომ დავესწარი ოჯახურ ღონისძიებას და ვაკვირდებოდი, როგორ მოიტანა დილაუთენია მამამთილმა ნატურალური სურსათი, როგორ გაამზადა დედამთილმა უამრავი კერძი, მეზობლებთან ერთად როგორ სწრაფად გაშალეს სუფრა და მერე კი ასევე სწრაფად დარეცხეს ჭურჭელი და მიალაგეს სახლი. ამან დამაფიქრა. საოცარ ხედთან ერთად, რაც აივნიდან იშლებობა, ეს გახდა ჩემი შთაგონების წყარო. 2017 წელს შევთავაზე ოჯახს, რომ ალაზნის ველზე მდებარე კახური სახლი, ბოსტანი და ვენახები გვექცია აგროტურისტულ ობიექტად. იმ დღიდან დავიწყეთ მიზანდასახული ნაბიჯების გაწევა და შრომა, რომელმაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა - მოახდინა სოფელ ვაქირის პოპულარიზაცია და დასვა ტურისტულ რუკაზე.

- დღეს ვინ ცხოვრობს ამ სახლში და ოჯახის წევრები როგორ ინაწილებთ საქმეს? ვის რა ფუნქცია აკისრია?
- ჩვენი საოჯახო საქმის ყველაზე ძლიერი მხარე არის ფუნქციების სწორი და მკაცრი განაწილება. ოჯახში ყველას აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის გამოცდილება, ვფლობთ უცხო ენებს და ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და გვიყვარს. ჩემს დედამთილს, ეკა ხმალაძეს აბარია სამზარეულო, კერძებს თავად ამზადებს, თუნდაც 50-კაციანი სუფრა ჰქონდეს გასაშლელი. აგრეთვე ამზადებს ზამთრის კონსერვებს და ჩურჩხელას, რაც გვაქვს წარმოდგენილი მარანში, უვლის ეზოს, სადაც ზამთარ-ზაფხულ ყვავილები ხარობენ. მამამთილი უვლის ვენახებს, ხილ-ბოსტნეულის ფერმას, აყენებს ღვინოს და ხდის ჭაჭას, აგრეთვე ამზადებს ხორცის და თევზის კერძებს სუფრისთვის და ზრუნავს მომარაგებაზე. ჩემს მეუღლეს ალექსანდრეს აბარია სახლის, მარნის და ეზოს მშენებლობა, რემონტი, რესტავრაცია - ყველაფერს თავის ხელით აშენებს, სეზონური სამუშაოების დაგეგმარება, ფერმაში და ვენახებში დროულად სასუქის შეტანა და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გავლა სპეციალისტთან, რადგან ჩვენ წლებია ვამუშავებთ მეურნეობას ევროპაში სერთიფიცირებული სასუქით, ორგანული მეურნეობისათვის. ასეთი მიწები განსაკუთრებულად ფაქიზად არის მოსავლელი, ბევრად შრომატევადია და ფინანსურად მეტ რესურსს საჭიროებს.

რაც შემეხება მე, მე ვარ ამ ყველაფრის სათავეში იდეიდან დაწყებული და ინვესტიციით, პიარით, მარკეტინგით, საქმის აწყობით, პარტნიორების და ტურისტების მოზიდვით დამთავრებული. არც ორსულობის და არც ლაქტაციის დროს არ დამისვენია. ფაქტიურად, ერთი დღეც არ ვყოფილვარ დეკრეტში, შეუჩერებლად ვმუშაობთ მთელი წელი. ასევე, ჩვენს საოჯახო საქმეში მონაწილეობას იღებენ ჩვენი საყვარელი მეზობლები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი შეკრული, შრომისმოყვარე და თბილი გუნდი ვართ.
ჩემს მამამთილს არაჩვეულებრივად გამოსდის ვენახის მოვლა, ღვინის დაყენება, წალამზე მწვადის შეწვა, ჩაქაფულის გამზადება. ყოველთვის გულწრფელად ხვდება ტურისტებს და ხშირად უსასყიდლოდაც უმასპინძლდება ჩვენი ბიო ღვინით.

- ხშირად გსტუმრობენ უცხოელები?
- წარმოგიდგენიათ, რომ სოფელ ვაქირს, სადაც მანამდე ტურისტს არც გაუვლია, ჩვენი სახლის დამსახურებით 47 ქვეყნიდან ათასობით ტურისტი ესტუმრა. შეიძლება პირდაპირ გეოგრაფია , ისეთი იშვიათი ქვეყნებიდან გვყავდა სტუმრები, მაგალითად ეკვადორი, მადაგასკარი, ახალი ზელანდია (ორი ქორწილი გადავუხადეთ), ამასობაში ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ინდოეთი, აზიის და ევროპის ქვეყნები. ამასთან, რა თქმა უნდა, ბევრი ტურისტი გვყავდა მეზობელი ქვეყნებიდან.

ჩვენთან მოდიან კულტურული გამოცდილებისათვის, ცოდნისათვის და აღმოჩენებისათვის. არა მხოლოდ კერძებს და ღვინოს ვთავაზობთ, ეს არის მთელი ენოგასტრონომიული თავგადასავალი: კულინარიული მასტერკლასები, ბიოღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია საოჯახო ეთნო-მარანში, ქართული სუფრა კახური სამზარეულოს აქცენტით, თავისი პოლიფონიური სიმღერით, იუმორით, საუბრებით და სიცილ-კისკისით. სტუმრები დაგვყავს ორგანულ საოჯახო ვენახებში, რთველში იღებენ მონაწილეობას. მაისის შუა რიცხვებში ვაკრეფინებთ ბიო ბალს - ხარისგულას, რაც ძალიან უკვირთ არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ქართველებსაც, რადგან მოგეხსენებათ, მაისის შუარიცხვებში ბალი ჯერ არ არის. მაგრამ ჩვენ, ქიზიყში ვართ დაჯილდოებული არაჩვეულებრივი მიკროკლიმატით, სადაც ყველა სახის ხილი გაცილებით ადრე მწიფდება. ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ოჯახში დამზადებული მურაბა, ტყემალი, ჩურჩხელა, კომპოტი, მწნილი, კახური ზეთი, სუნელები, ბიოღვინო და ჭაჭა, ასევე ჩემი მეუღლის ბებიის, 85 წლის ნანსი ბაბოს მოქსოვილი შალის წინდები. წარმოგიდგენიათ რამდენი დრო, თანხა, შრომა და სიყვარული არის ჩადებული ამ ყველაფრის ჯერ მოყვანაში და მერე გამზადება-გაფორმებაში?

- როგორც ვიცი, მეღვინეობასაც ეწევით... 
- მოგეხსენებათ კახეთში მეღვინეობა არის ცხოვრების წესი და ძირითადი შემოსავლის წყარო. ჩემი მეუღლის სახლში თაობიდან თაობამდე შეუწყვეტლად აყენებენ ღვინოს კახური ტრადიციული მეთოდით - ქვევრში. მე და ჩემმა მეუღლემ შევმატეთ ვენახების რაოდენობა ოჯახში, სრულად გადავიყვანეთ ვენახები ორგანულ სასუქზე, ვაყენებთ და ამ ეტაპზე უკვე ჩამოსხმული და ბრენდირებული გვაქვს დოლის საფერავი, რქაწითელი და ადგილობრივი ვაქირულა, რომელიც ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი ფავორიტი ღვინოა.

- ლამაზი ეზო გაქვთ. ვინ გააშენა და დღეს ვინ უვლის მას?
- სანამ სახლს ტურისტულ ობიექტად ვაქცევდით, ამ ეზოში ბევრი სხვა ღონისძიება ჩატარდა, ქორწილების და ნათლობების ჩათვლით. ჩემი მეუღლის პაპა და ბაბო ცოცხლები რომ იყვნენ, ალექსანდრე (ცაცო) დემეტრაშვილი და ელიზა ქაფიანიძე, ეს იყო ერთ-ერთი სტუმართმოყვარე, გამორჩეული და მუსიკალური სახლი ვაქირში, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს მოჰყავდათ ოფიციალური დელეგაციები ამ კარმიდამოში, სადაც უშლიდნენ ტრადიციულ კახურ სუფრებს, უსხამდნენ ქვევრის ღვინოს მარნიდან და აცნობდნენ კუთხურ ფოლკლორს. თუმცა მე და ჩემმა მეუღლემ ეს ეზო, აგრეთვე მარანი და სახლი საკმაოდ დავხვეწეთ ჩვენივე ხელით და ფინანსური შესაძლებლობით. ხომ იძახიან ერთი ტომარა მარილი უნდა ჭამოს ცოლ-ქმარმა, რომ ერთმანეთი გაიცნონო. მე და ალექსანდრეს ეს ცემენტის ტომრებში გვაქვს გამოცდილი (იცინის). რაც შეეხება ხეხილს, ყველაფერი არის 60 წლის წინ დარგული, ყვავილებს და მინი-ბოსტანს ჩემი დედამთილი უვლის, მუდმივად მწვანე გაზონს კი - მამამთილი.


- როგორც ვიცი, თქვენი ხეხილის ბაღი ალაზნის ველზე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს...
- დიახ, სამწუხაროდ, ჩვენი სახლის ფუძეში ყველა სიკეთესთან ერთად დიდი ტრაგედია დევს. ჩვენი პირველი შვილები, ტყუპი ეკატერინე და ნიკოლოზი ნეონატოლოგების დაუნდევრობის გამო დაიღუპნენ. გოგომ 17 დღე და ბიჭმა 42 დღე იცოცხლა. ჩვენ მოვნათლეთ პატარები პირდაპირ ბავშვთა საავადმყოფოში. მას მერე, რაც მეორე ბავშვიც დავკრძალეთ, ხანძლივი პერიოდის განმალობაში მზე აღარ გვინათებდა, გული აღარ ფეთქავდა და ცრემლები აღარ გვყოფნიდა, თანაც პოლიციაში აღძრული საქმე ჩვენი შვილების გარდაცვალებასთან დაკავშირებით უშედეგოდ და უსამართლოდ დასრულდა. მე წამოვედი სამსახურიდან და დღეებს ვატარებდი ვაქირში, ვიწექი ჰამაკში თუთის და ლეღვის ხეების შორის, ვეფერებოდი ორ კნუტს და ვიყავი სრულად გამორთული სოციალური ცხოვრებიდან. მერე მეუღლემ მაჩუქა ფრანგული ბულდოგი ბუბუ ბუბუევიჩი, რადგან ბავშვობიდან ეგ ჯიში მყავდა სახლში, მერე ჩვენ ერთად დავრგეთ „კატო და ნიკოს სახელობის ხეხილის ბიო ბაღი“ ალაზნის ველზე. ეს ალექსანდრეს იდეა იყო, ცოტა ვიმოგზაურეთ და ამასობაში ნელ-ნელა ვისწავლეთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. სულ რამდენიმე თვეში უკვე მივიღეთ ჩვენი პირველი საერთაშორისო სტუმრები. დღეს ჩვენ გვყავს ორი ულამაზესი გოგო, ქეთევანი, რომელიც სულ მალე 4 წლის გახდება და თინათინი, 2 წლის და 7 თვის.


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- პანდემიამ საგრძნობლად შეიტანა კორექტივები ჩვენს გეგმებში და შემოსავლებში, რამაც შეაჩერა წინსვლა და განვითარება. კვლავ ვიღებთ საერთაშორისო სტუმრებს, ვატარებთ რთველის ღონისძიებას, როდესაც კოვიდ-რეგულაციები არ გვზღუდავენ, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად მცირე რაოდენობით ხდება, რომ ფინანსურად წელში ვერ ვიმართებით. გვინდა გავარემონტოთ ოთახები და ამით დავამატოთ კიდევ ერთი სერვისი - ღამისთევა კახურ სახლში, თავისი ნატულარული და მრავალფეროვანი საუზმით მზის სხივების ფონზე, რომელიც ზუსტად ჩვენს აივნის წინ ამოდის და საიდანაც კავკასიონის მუდამ დათოვლილი მთები მოსჩანს. ასევე, გვინდა უფრო მყარად გავიდეთ ჩვენი ორგანული ღვინით საერთაშორისო ბაზარზე, აქ ბევრი დაბრკოლება გხვდება, რადგან ჩვენ არ ვართ არცერთი ორგანიზაციის, ან ფონდის ბენეფიციარი, შესაბამისად ხელს არავინ გვიწყობს. რაც უფრო მეტი გამოწვევაა, მით უფრო საინტერესოა ეს ცხოვრება. მჯერა, ღმერთის წყალობით ყველანა საჭირო კარი ჩვენთვისაც გაიღება.










მერი ბლიაძე

კომენტარები

დათო 2023-04-26 22:14
ბრავო მშრომწლო ადამიანებო, წარმატებები
მზია ცალანი 2023-04-26 21:29
უფალს შევთხოვ ბევრი თქვენნირი ოჯახები გამრავლებულიყოს საქართველოსი.წარმატებებებს გისურვებთ კარგო ადამიანებო????????????❤️
ნინო 2023-04-25 10:44
წარმატებებიი, საოცარი ადამიანები ხართ..
nejna 2023-02-06 15:17
წარმატებებს გისურვებთ მშრომელო ხალხო...გამრავლდით და გაიხარეთ
ოლგა 2022-06-21 12:32
წარმოუდგენლად დიდი შრომა და სიყვარული დევს ამ იდეის განხორციელებაში. წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები