დაათვალიერთ სახლი ხევსურეთში, სადაც ლუდს ისევ ძველი წესით ხარშავენ

შოთა არაბულმა საკუთარი დიზაინითა და პროექტით შექმნილი საოჯახო სასტუმრო ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად გადააქცია. აქვს მეურნეობა და სტუმრებს ნატურალურ საკვებს ახვედრებს, ლუდსაც ძველი ტექნოლოგიით ხარშავს და ფესტივალებსაც მასპინძლობს. ის საკუთარ საოჯახო სასტუმრო "კორშაზე" გვიყვება:
- ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. აქვე მეორე სახლიც მაქვს. იქ ვცხოვრობდით და 10-15 წლის წინ ავაშენე მეორე. თავიდან, ჩვენთვის ვაკეთებდი, მერე უკვე ტურისტული ტალღა რომ დაიძრა, ნელ-ნელა საძინებლები გავაკეთე, დარბაზი, სასადილო მოვაწყვე და საოჯახო სასტუმროს სახე მივეცი.

- ინტერიერი რის მიხედვით დაგეგ
მეთ და რა იყო შთაგონების წყარო?

- მე მხატვარი ვარ და სახლში ჩემი ნამუშევრებია. ავეჯი, სურათები, სკამები- ჩემი გაკეთებულია ყველაფერი. ხის სახლი მქონდა, ის დავშალე და მასალისგან ავაწყვე ეს სახლი. დიზაინიც და პროექტიც ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული. დარბაზი ძველი ხევრუსული ნივთებით გავაფორმე ისე, რომ ეთნოგრაფიული სახლის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.


- ეზოში რომ ხის ქანდაკებაა, ისიც თქვენი გაკეთებულია?
- დიახ, ჩემი გაკეთებულია. ხისგანაა ცხოველების ფიგურები. ტოტს რომ ვნახავ და რაღაცას მივამსგავსებ, ვჭრი და მერე ვამუშავებ.



- ყველაზე მეტად რა მოსწობთ სტუმრებს თქვენთან?
- გარემო მოსწონთ. გვერდზე სახლში, სადაც ვცხოვრობთ, სახელოსნო მაქვს, ჩემი ნამუშევრებია, სამხატვრო ატელიე და ამასაც ათვალიერებენ, სიამოვნებით. გარდა ამისა, გვაქვს ტრადიციული კერძები და ყველაფერი ნატურალურია.


- ქართველები უფრო ხშირად მოდიან თუ უცხოელი ტურისტები?
- ქართველებიც მოდიან, მაგრამ, ძირითადად, უცხოელები. ნოემბერში სეზონი მთავრდება, თოვლი მოდის, გზები იკეტება. ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.



- თქვენი საკუთარი მეურნეობა გაქვთ?
- დიახ, ძროხები გვყავს და ბოსტანი გვაქვს, ფუტკარიც გვყავს. ჩვენ ამ პროდუქტებით ნატურალურ საკვებს ვამზადებთ და ვთავაზობთ სტუმრებს.

- როგორც ვიცით, ლუდსაც ხარშავთ. რა ტექნოლოგიას იყენებთ და რამდენად მოთხოვნადია?
-  ლუდს, როგორც ხევსურები ამზადებდნენ, ძველი ტექნოლოგიით ვამზადებთ. ჭურჭელიც ძველი და ტრადიციული მაქვს. სვია, შემდეგ საფუარი, ალაო- ამ პროდუქტებით ვხარშავთ. გვიკვეთავენ კიდეც, ძირითადად, პოლონელები. ჩამოდიან, უყურებენ ლუდის ხარშვის პროცესს და მერე აგემოვნებენ. ეთნოგრაფიულ ანსამბლებსაც ვიწვევთ და ფესტივალიც იმართება ხოლმე. ბელგიელებმა დაგეგმეს ჩამოსვლა საკუთარი ლუდით და პატარა ფესტივალის გამართვას ვგეგმავთ. ჩვენთან პრიორიტეტულია ტურიზმი. მარტო მე არ მაქვს მსგავსი საოჯახო სასტუმრო, მაგრამ ჩვენთან შემოქმედებითი გარემოა და ეს მოსწონთ სტუმრებს. ხეზე კვეთის, ქსოვის, ქარგვის მასტერკლასებსაც ვაკეთებთ.


კომენტარის დამატება