დასახელდა 2022 წლის ინტერიერის ყველაზე აქტუალური ფერები

დიზაინერები ცდილობენ, არ გამოეპაროთ მოდის მაჯისცემა, რაც შეეხება ინტერიერს და მოდას ინტერიერში, აქ ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ... დიახ, დიახ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიზაინში. თუ სულ ცოტა ხნის წინ აქტუალური სკანდნავიური მინიმალიზმი გახლდათ თავისი კონტრასტული აქცენტებით, პანდემიის პირობებში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.


ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ახლა ტრენდული მაქსიმალურად ბუნებრივი ფერებია, რომელიც მოგაგონებთ ზღვას, მთას, მინდორს, სასურველ ლანდშაფტს.
ამ წლის 5 ყველაზე აქტუალური ფერი, მისი სახელწოდებებით, როგორც წარმოადგინეს დიზაინერებმა:
  • ვარდისფერი - ორქიდეის ყვავილი
  • მწვანე აქცენტები - ზეითუნის ზეთი
  • კრემისფერი - კარაქი
  • ღია ცისფერი - ატლანტიკის სილურჯე
  • მოყვითალო აქცენტები - მანგოს სორბეტი

ეს ის ფერებია,
რომელიც ინტერიერს რეალურად სძენს სიმყუდროვეს, ამშვიდებს ადამიანს და კომფორტის განცდას ანიჭებს.
მკვეთრ ფერებთან დაკავშირებით კი ექსპერტები თავის შეკავებას გვირჩევენ.

რა შთააგონებდა დიზაინერებს ფერების შერჩევისას:
უსაფრთხოების შეგრძნება
მარტივი ყოველდღიური სიამეები
სიახლისა და საიმედოობისკენ სწრაფვა

კარაქი
კარაქის კრემისფერ-მოყვითალო ტონალობა განსაკუთრებით პოპულარული იქნება დიდ სივრცეებში. გამოიყენეთ ის ყველგან, სადაც მნიშვნელოვანია მსუბუქი ატმოსფეროს შექმნა.


ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი გაწონასწორებული და მშვიდი ტონალობაა. თბილი ოქროსფერ-მწვანე ფერი ოპტიმიზმს გამოხატავს, ბუნებასთან კავშირს. ის ნებისმიერ ოთახში მისაღებია.


მანგოს სორბეტი

მოყვითალო-მონარინჯისფრო სორბეტი (ერთგვარი ნაყინი) ენერგიითა და სიფხიზლით გმუხტავს. "ტროპიკული მზის დოზა" ორგანიზმის ტონუსს ამაღლებს. საინტერესო აქცენტების დალაგებაში გეხმარებათ.


ატლანტიკის სილურჯე
ოკეანის ფერი მეტყველებს თავისუფლებაზე, სიცოცხლესა და სიხალისეზე. ის ერთნაირად კარგია როგორც ცალკე, ისე სხვა ტრენდულ ტონებთან შეხამებაში.


ორქიდეის ყვავილი

მეწამული ორქიდეის კაშკაშა ყვავილი - თანამედროვე და ენერგიული. სტაბილურ მწვანესთან, ცისფერსა და მოყვითალოსთან შეხამებული პოზიტივს ანიჭებს ადამიანს. ეს ფერი ჯობს გამოიყენოთ კედლის აქცენტისთვის ან მისაღები სივრცისთვის.


გარდა ამისა, აქტუალური რჩება 2021 წლის ტონალობები - საიმედო, ბუნებრივი, თბილი. პოპულარული იქნება ყავისფრის მიწისფერისა და ბრინჯაოს ფერის ტონალობები, ნაცრისფერი, კრემისფერი, ცისა და წყლის, ფოთლის ფერები. და რა თქმა უნდა, თეთრის ყველა ტონალობა: სუფთა თეთრი, გარდენია, მარგალიტისფერი, მონაცრისფრო-თეთრი.

მოდა ტექსტურასაც შეეხო. ნატურალური ხე და ქვა მასალებს შორის ლიდერობენ. ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება და დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს ყველა იმ მოსაპირკეთებელ მასალას, რომელიც ხელოვნურად გამოიყურება.
თუმცა ეს ყველაფერი იმას როდი ნიშნავს, რომ თამამ აქცენტებზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. მათი გამოყენება ნამდვილად დასაშვებია, თუმცა არა მთავარ აქცენტებად, როგორც მაგალითად საწოლი ან კარადა, არამედ დამატებითად, როგორც მაგალითად ბალიში ან ნახატი და ა.შ.

კომენტარის დამატება