ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით „გაფერადებული“ კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ნანა შონიასა და მხატვარ შოთა გლურჯიძის ბინაში პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ნივთების, ნახატებისა და მცენარეების სიმრავლეა. ხე სიმყუდროვის ასოციაციას ქმნის, სადა, თეთრი კედლები კი უამრავი ნახატითაა დაფარული და ინტერიერს "აფერადებს".

17 წელია, ოთხოთახიან ბინაში ეს წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, თავის დროზე რემონტის პროცესში თავად არ ჩარეულა, ორსულად იყო და მეუღლემ ეს საქმე თავის თავზე აიღო.

მსახიობს შინ ბევრი სკივრი აქვს, ასევე - ინდური ფარდაგები, შირმები და ნივთები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ნანა მცენარეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და ამიტომ მის

სახლში ყოველთვის ხარობს სხვადასხვა ჯიშის ყვავილი. მათ შორის ერთ-ერთი გვიმრააა, რომელსაც ტერეზა ჰქვია. "სამოსელ პირველში" ტერეზა რომ ითამაშა, ეს მცენარე შვილმა დაბადების დღეზე აჩუქა და ასე იმიტომაც დაარქვეს.



არაერთი ფერწერული ტილოს გარდა, ბინაში მსახიობის რამდენიმე პორტრეტია - ნანას მხატვარი მეუღლის, ასევე ზურა გომელაურისა და იურა ბერიშვილის მიერ შესრულებული.

დიასახლისს საყვარელი ნივთების ნაწილი თბილისში აქვს შეძენილი, ნაწილი კი - საზღვარგარეთ. მაგალითად, რამდენიმე შირმა თბილისში, ყოველწლიურ ინდურ ბაზრობაზე შეიძინა, ერთი ჟირაფიც აქვე - ტაილანდურ მაღაზიაში, ხოლო მეორე - ინგლისში, აფრიკულ ბაზრობაზე. საერთოდ, ბევრს უთქვამს, რომ მისი სახლი აფრიკული სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა, აქ რამდენიმე ქვეყნის მიქსი უფროა, ვიდრე ერთი კონკრეტულის.

მისაღებ ოთახში ბევრი ნივთი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს. მათ შორისაა ნანას მეგობრის კახი ერაძის მიერ შესრულებული ხე; საბავშვო კარუსელის ცხენი, შოთა გლურჯიძის მხატვრობით გაფორმებული სპექტაკლიდან "ვოიცეკი" და მოხატული ფორტეპიანო. ინსტრუმენტი უფროსი შვილისთვის შეიძინეს, როცა ის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ბავშვს მეცადინეობა ეზარებოდა და გადაწყვიტეს, ფორტეპიანო შოთას მოეხატა, იქნებ ისე მოიხიბლოს, იმეცადინოსო, მაგრამ არც ამან გაჭრა...

იქვე სკამზე ჩამოკიდებულ ჩანთასაც ვამჩნევ, რომელიც დეკორატიული უფროა, ვიდრე მოხმარებადი ნივთი. ჩემი აფრიკელი მეგობრის ნაჩუქარიაო, - მეუბნება მასპინძელი.

აქვე ძალიან ლამაზი სანათია, ნანას უფროსი შვილის ნახელავი: "ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც კი დაბადების დღეზე მიმიღია. საოცარი შეგრძნებაა, როცა შვილის ხელით გაკეთებულ ნივთს ვუყურებ".



როცა შინ არის, უმეტეს დროს სამზარეულოში ატარებს, თუმცა ყველაზე მეტად ამ კედლებში ნანას თავისი საძინებელი უყვარს. სამოსი, სამკაული, სარკე, საყვარელი მუსიკა - აქ მსახიობის ცალკე სამყაროა.

ნანას და მისი მეუღლის საძინებელ ოთახში ორიგინალური ჭაღი შოთას გაკეთებულია. აქ რამდენიმე ძველი ნივთია. მათ შორის - შოთას მოხატული ტანსაცმლის საკიდი და ნანას დიდი ბებიისეული ყაისნაღით მოქსოვილი შარფი, რომელიც საუკუნისაა. მსახიობისთვის განსაკუთრებით ძვირფასია მაქმანებიც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ბაბუას ცოლისთვის ბერლინიდან თბილისში გამოუგზავნია.

ნანა შონია:
- ჩვენი სახლი 1992 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაიწვა. ახალაშენებულ სახლში 2000 წელს შემოვედით. გასარემონტებელი იყო, მაგრამ მთავარია, თავზე ჭერი გვქონდა.

ბინაში თითქმის ყველაფერი შევიძინეთ ან გვაჩუქეს. ნივთების დიდი ნაწილი დაგვეწვა. ცხენის ფიგურა ერთ-ერთი ნივთია, რომელიც ხანძარს გადაურჩა. მამაჩემი ტანსაცმლის გამოსატანად რომ შევიდა, ცხენი გადმოვარდა და ფეხზე გამოედო. თითქოს გამოეკიდა და წამოიღო. ასე აღმოჩნდა ჩემს სახლში ფიგურა, რომელსაც "წამიყვანე" დავარქვი. საერთოდ, მამას ძალიან უყვარდა ცხენები. შოთიკოსაც უყვარს და ხშირად ხატავს ხოლმე. ცხენის რამდენიმე კარგი ნამუშევარი აქვს, სხვათა შორის, ჩემი უფროსი შვილის პირველი სერიოზული ნამუშევარიც ეს ცხოველი იყო. რაღაცნაირად სიმბოლურია ყველაფერი და ეს ნივთიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.



- ვისი გემოვნებით გაკეთდა რემონტი?

- ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, კედლები სულ თეთრია. ბევრი რამ მას საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული. შეიძლება, ჩემს სახლში სხვისთვის განსაკუთრებული არაფერი არის, მაგრამ მე ძალიან მომწონს და მიყვარს. ყველაფერი შენი ნაშოვნი, არჩეული, დაკიდებული რომაა, ალბათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ამიტომ ჩნდება. მამამაც ბევრი რამ მაჩუქა, მათ შორის მუხის ძველი მაგიდა, რომელიც მისაღებ ოთახში გვიდგას. ამ სახლში ორი ბავშვი გაიზარდა, ზედ დადიოდნენ და არაფერი მოსვლია. ჩემი მეგობრები რომ მოდიან, ყველას მის გარშემო უყვარს ჯდომა. ამ მაგიდას ბევრი მოუსმენია და ბევრი იცის. მომსწრეა გარდაქმნებისა და რევოლუციების. მასთან ბჭობდნენ პოლიტიკოსები და აქ ჩვენი პრეზიდენტი გიორგიც ნამყოფია. მახსოვს, აღნიშნა კიდეც, რა კარგი მაგიდააო (იღიმის). ამ მაგიდას პირის დაღება რომ შეეძლოს, ბევრ საინტერესოს გვეტყოდა და ბევრ დავიწყებულსაც გამახსენებდა.



საერთოდ, ნივთების შეყვარება ვიცი. ალბათ, ცოტა დამოკიდებულიც ვარ მათზე.

არ მიყვარს, როცა რამეს ვკარგავ. მომწონს და ჩემთვის ძვირფასია ისეთი ნივთები, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. მსიამოვნებს, როცა რამე ასეთს მჩუქნიან ან პირიქით. სულ მგონია, როცა ვიღაცას რამეს ჩუქნი, მას ეს ნივთი შენს თავს ყოველთვის გაახსენებს და ისეთი შთაბეჭდილება ექნება, თითქოს სულ მასთან ხარ.

ჩემს სახლში ყველაფერი მიყვარს, განსაკუთრებით კი - ზამთარი. ვინაიდან ბინა მანსარდაა, ზაფხულობით აქ ძალიან ცხელა. ამიტომ წელიწადის იმ პერიოდში დღის უმთავრეს ნაწილს აივანზე ვატარებ. ზამთარში ვერანდა მხოლოდ მაცივრის ფუნქციას ასრულებს, რადგან იქ ბევრ საჭირო პროდუქტს ვინახავ.

- ნანა, ყველამ იცის თქვენი სიყვარული აქსესუარებისადმი. საძინებელ ოთახში თქვენი შარფების ნაწილი ვნახე, მაგრამ თუ გაქვთ სამკაულისთვის ზარდახშები, ან ფერების მიხედვით თუ გაქვთ ისინი სადმე გადანაწილებული?

- სხვათა შორის, არა, სამკაულები ერთმანეთში მაქვს არეული და ფერების მიხედვით რომ ვალაგებდე, გაცილებით ნაკლებ დროს დავხარჯავდი მათი ამორჩევისას. ძალიან ბევრი შარფი მაქვს და თუ რომელიმეს გაჩუქებას ვაპირებ, არ მართმევენ, შენ უფრო გიხდებაო. ამაზე გული მწყდება. ვისთვისაც კი მიჩუქებია, არ გამოუყენებიათ. ერთმა უცნობმა ულამაზესი თხელი მაუდის, ოქროსფერი ძაფებით ნაქარგი შარფი მაჩუქა. როცა გადმომცა, ვგრძნობდი, თავადაც როგორი ნასიამოვნები იყო, რადგან იცოდა, ძალიან გამახარებდა.



- საინტერესოა, როგორ სტილსა და ინტერიერს ვერ ეგუებით?

- არ მიყვარს ცივი ფერები, ბევრ რკინას ვერ ვეგუები. მაგალითად, ჰაიტეკი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა, შეიძლება კომფორტული და ადვილად მოსავლელ-დასალაგებელია. ალბათ სტილსაც არა მხოლოდ შენი გემოვნებიდან გამომდინარე ირჩევ, ითვალისწინებ ფინანსურ შესაძლებლობებს და ცდილობ, რასაც გაწვდები, იმ ფერებსა და სტილში მოაწყო ინტერიერი. აქედან გამომდინარე, პირადად მე საშუალება რომ მომეცეს, ჩემს სახლში ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგალითად, მისაღების სამეულს. აქ რაც დგას, სტადიონზე ნაყიდი ავეჯია, რომელიც შოთამ გადახერხა და გადააკეთა, როცა მოძველდა, რაღაცები მიაწებ-მოაწება და ტყავით გააწყო. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ შინ ის არ მაქვს, რაც მინდა. ერთი კამოდი მომწონდა, ერთ დღესაც შოთა გავარდა და საახალწლოდ მომართვა. ძალიან გამახარა. ცდილობს ხოლმე, ასე მასიამოვნოს.

მიყვარს კამოდები და კარადები, ახლა რომ გამიშვა, ხუთ-ხუთ ცალს მაინც ვიყიდდი, მაგრამ ახლა ჩემი პროგრამა მინიმუმი ერთი ძველი კამოდის შეძენაა. რაც სახლში მაქვს, არც ერთი ძველი არაა, უბრალოდ დეკუპაჟის სტილშია გადაწყვეტილი. გინდა, გითხრა, როგორი სახლი მინდა? პატარა, კერძო სახლი, თავისი ბაღით.



- ახალგარემონტებულ დიდ ბინასა და პატარა კერძო სახლს შორის არჩევანის გაკეთება რომ გიწევდეთ, რომელს აირჩევდით?

- კერძო სახლს. მინდა, მიწასთან მქონდეს ურთიერთობა და ეზოში ძაღლი მყავდეს (იღიმის).

ანა კალანდაძე

კომენტარები

lile 2019-06-08 05:44
yvelaperi lamazad da kargi gemovnebit gawyobilia ,ulamazesi garemoa martlac , magram qalbatoni diasaxlisi nana shonia chemi sayvareli msaxiobia, chemo nana gisurveb yvela natvris asrulebas ,bednierebas when's sayvarel ojaxtan ertad
მანანა 2019-06-06 18:10
მომწონს ეს ცოლ-ქმარი
ანა 2017-04-03 17:14
ვერაფრით ვერ ვიცხოვრებ ასეთ სხლში...გარდაცვლილი ადამიანის სახლ-მუზეუმს გავს
12 2017-04-03 11:37
კარგადაა შერწყმული ქართულ,აზიურ,აფრიკული
ნივთები
guliko 2017-04-02 13:19
sasiamovno da MYUDRO GAREMOA.SULIERAD DAVISVENE

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები